Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვტილებისა და ჰამარბერგის ვიზიტის კვირა


თომას ჰამარბერგი
თომას ჰამარბერგი
გასული კვირის მოვლენებიდან უდავოდ გამორჩეული იყო საქართველოში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის თომას ჰამარბერგის ვიზიტი და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელის დაკმაყოფილება.

კვირა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით დაიწყო. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი და ”შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის, ასევე ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა” კოდექსის რიგი ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო. სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს 18 აპრილის გადაწყვეტილება მკვეთრად წინგადადგმული ნაბიჯია:

”გაუქმდა ე.წ. ბლანკეტური აკრძალვა, რომელიც სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებთან 20 მეტრიანი რადიუსის დაცვას ეხებოდა. ასევე გაუქმდა ნორმა, რომელიც ითხოვდა საინიციატივო ჯგუფის არსებობას შეკრების ინიციატორის შემთხვევაში. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ აქციის ინიციატორი შესაძლებელია ერთი ადამიანიც იყოს. შესაბამისად, გაუქმდა ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში კონკრეტული მუხლი, რომელიც კრძალავდა და ჯარიმას აწესებდა მოსამართლის სახლთან შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების გამო. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მოქალაქეობის არმქონე პირსაც მიეცემა უფლება იყოს აქციის ინიციატორი.”

გიორგი ტუღუშისგან განსხვავებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნაკლები ენთუზიაზმით შეხვდა საპარლამენტო უმრავლესობა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა პოლიტიკური ოპონენტების გასაგონად შემდეგი განცხადება გააკეთა:

„ერთ-ერთ პუნქტს ჩაეჭიდეთ, რომ, როგორ შეიძლებოდა 20 მეტრის რადიუსში მანიფესტაციის გამართვის აკრძალვა და ასე შემდეგ. ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ პასუხისმგებლობით ვეკიდები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და წინასწარ რაიმე კომენტარს ვერ გავაკეთებ. უნდა ვნახოთ რა ფორმულირებები და რა არგუმენტებია ამასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, ბუნებრივია, პარლამენტიც იმსჯელებს ამ საკითხზე.“
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები კმაყოფილი ვერც ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადებებმა დატოვა. თომას ჰამარბერგმა 19 აპრილს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ქართული მართლმსაჯულების პრობლემებზე ილაპარაკა და ყურადღება გაამახვილა წინასწარი პატიმრობების დიდ რიცხვზე, გამამართლებელი განაჩენის მცირე პროცენტულ მაჩვენებელსა და შერჩევით სამართალზე. ჰამარბერგის თქმით, ანგარიშში, რომელსაც ის ზაფხულში გამოაქვეყნებს, საქართველოს ხელისუფლებისათვის არაერთი საჭირო რეკომენდაცია იქნება გაწერილი:

”ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც ანგარიშში მოხვდება, იქნება ის, რომ მოსახლეობას აღარ შეექმნას შთაბეჭდილება ქვეყანაში შერჩევითი სამართლის არსებობის შესახებ. ვიზიტისას საკმაოდ ბევრი მასალა დამიგროვდა, რომელსაც გავაანალიზებთ და ჩამოვაყალიბებთ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ამ მომენტისათვის ყველაზე რელევანტური იქნება საქართველოსთვის”

თომას ჰამარბერგი, ვიდრე საქართველოს დატოვებდა, ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ლაშა თორდიას თქმით, შეხვედრაზე ამომწურავი პასუხი გაეცა ყველა დასმულ შეკითხვას.

გასულ კვირაში საქართველოს მხარდაჭერაზე საუბრობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოშიც. ელჩმა ჯონ ბასმა იმ პროგრამების შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინა, რომელთა მიზანიც საქართველოში დემოკრატიის განვითარება და სამართლიანი მმართველობის მიღწევაა. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების მთავრობა ამ მიმართულებით 90 მილიონ დოლარს გამოყოფს. ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ასევე განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, რომლის საჯარო განხილვის პროცესიც უკვე თითქმის ოთხი თვეა მიმდინარეობს. უშიშროების საბჭოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრას ამჯერად პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უმასპინძლა.

გასულ კვირაშივე საქართველოს პარლამენტში კენჭი ეყარა დადგენილებას საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის ტრანზიტის ორგანიზების შესახებ 2006 წლის 31 მარტის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე. კენჭისყრა დასრულდა შედეგით: 84 მომხრე, არც ერთი - წინააღმდეგი.

2006 წლის 31 მარტით დათარიღებული ხელშეკრულების საფუძველზე, რუსეთს უფლება ჰქონდა გამოეყენებინა საქართველოს როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო სივრცე სომხეთის ტერიტორიაზე მოქმედი თავისი სამხედრო ბაზის მოსამარაგებლად. გიუმრის ბაზისკენ სწორედ საქართველოს გავლით ხდებოდა ტვირთების, სამხედრო ტექნიკისა თუ პირადი შემადგენლობის ტრანზიტი. საგულისხმოა ის, რომ დადგენილების მიღებას საეჭვოდ დაემთხვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას ვიზიტი სომხეთში. სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ ”არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ დამთხვევა შემთხვევითი არ არის.

გასული კვირა მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ეკონომიკისათვისაც. ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, კომპანია ”ტრანს ელექტრიკა” მდინარე ხუდონზე 650 მეგავატის სიმძლავრის ჰესის აშენებას აპირებს, რისთვისაც, წინასწარი ინფორმაციით, მილიარდი დოლარი დაიხარჯება:

”კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ მშენებლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში მოახდინოს ამ პროექტის მინიჭებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში 2 მილიონი დოლარის გადახდა და დაიწყოს მშენებლობა და დაამთავროს ის მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 6 წელიწადში.”

თუმცა მშენებლობას ეწინააღმდეგებიან როგორ გარემოს დამცველი ორგანიზაციები, ასევე სოფელ ხაიშის მცხოვრებლები. არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ხელმძღვანელის მანანა ქოჩლაძის თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად, დაიტბორება სოფელი ხაიში, სადაც 3 ათასი ადამიანი ცხოვრობს. საინტერესოა რას ფიქრობენ ხუდონჰესისი მშენებლობის განახლებაზე თავად ხაიშელები:

ნოდარ სუბელიანი: ”იოლი არ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, მზად ვარ, რომ სოფელი დავტოვო... სასაფლაო და ეკლესია გულდასაწყვეტია, მაგრამ ესენი მაღლა არის, მაღლა და რაღაც ისე მგონია, რომ შეიძლება დატბორება იქამდე არ აწვდეს...”

მთვარისა ჭკადუა: ”მთელი სოფელი არის მაგის წინააღმდეგი. ჩვენ აქიდანა არსად გადასვლას არ ვაპირებთ და... ეხლა აქ დატბორება რო იქნება, სოფელი არ იქნება და... სინესტე იქნება, რაღაც დაავადებებს გამოიწვევს და ყველასთვის იქნება რთული სიტუაცია. ესე ადვილი არ იქნება მაგი, სოფელი არის მაგის გადამწყვეტი და სოფლის აზრი უნდა იცოდეს ყველამ...”

გასული კვირის მიწურულს პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 266 მსაჯვრდებული შეიწყალა.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის ინფორმაციით, 227 მსჯავრდებული პატიმრობიდან გათავისუფლდა, 24-ს სასჯელის ვადა გაუნახევრდა, 2-ს კი პირობითი მსჯავრი მოეხსნა. ამასთან, შეწყალებულ მსჯავრდებულთა შორის მხოლოდ 12-ია ქალი.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG