Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამო სასამართლომ ორი საჯარო მოხელე გააფრთხილა


ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აჭარის საკანონმდებლო ორგანომ, უმაღლესმა საბჭომ, ქვეყნის კანონმდებლობა დაარღვია, კერძოდ, გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი, როდესაც სოციალურ ქსელში უმაღლესი საბჭოს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე მმართველი პარტიის კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტომასალა განათავსა. მოსამართლემ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომელს, გოგიტა გოგიტიძეს, სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

ასეთივე სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო მოსამართლისგან 3 ოქტომბერს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელმა, თამარ დიასამიძემ, რომელმაც სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე “ქართული ოცნების” კანდიდატების წარდგენის ამსახველი მასალა გამოაქვეყნა.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ორივე საქმე სასამართლოს ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქმა გადასცა, სადაც საჩივარი ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა შეიტანეს. საოლქო საარჩევნო კომისიამ ორივე შემთხვევა უკანონოდ მიიჩნია და კანონდარღევისთვის საჯარო მოხელეები 2 000-2 000 ლარით დააჯარიმა, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა სანქციის ეს ფორმა და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ რეგიონალური კოორდინატორი მადონა ბერიძე ამბობს, რომ ორგანიზაცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებს ყველა არჩევნების დროს ავლენდა, წელს კი პირველად ხდება, რომ მას სოციალური ქსელის მეშვეობით იყენებენ:

„ისევე როგორც ყველა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, თვითმმართველობის არჩევნებზეც აქტუალურია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს აქტიურად გამოიყენება სოციალური ქსელები, სადაც ისეთი ტიპის დარღვევები ფიქსირდება, როდესაც სახელმწიფო უწყებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდებზე სააგიტაციო მასალებს აქვეყნებენ“.

საქმე გვაქვს, ან მიზანმიმართულ ქმედებასთან, რომელიც კანონის დარღვევას ითვალისწინებს, ან პიროვნულ ინიციატივასთან, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს, შემდგომ, პოლიტიკურ, ფინანსურ, ან სხვა სახის, ადმინისტრაციულ ბენეფიტებს. ეს არის მკაცრად გასაკონტროლებელი სფერო...
მალხაზ ჭკადუა

სოცილური ქსელის მეშვეობით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლო ფაქტს მიუძღვნეს ბრიფინგი ნაციონალური მოძრაობის ოფისში. სადაც, ფოტო მასალა გაასაჯაროვეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ საქმე ეხება, ქობულეთში, ქართული ოცნების მერობის კანდიდატის სააგიტაციო მასალას, რომელიც მირიან ქათამაძემ თავის ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა. ფოტოებზე ჩანს, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი, ქობულეთში, სტიქიის სალიკვიდაციიო სამუშაოების დროს, საგანგებო შტაბისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად.

„სტიქიის სალიკვიდაციოდ შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომლის წევრებთან ერთად იმყოფება „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ქობულეთში, მძიმე ტექნიკით აღჭურვილი, და თავის გვერდზეც განმარტავს, რომ მირიან ქათამაძე შტაბის წევრებთან ერთად სტიქიით დაზარალებულებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.... საგანგებოდ შექმნილი შტაბი ბიუჯეტიდან ფინანსდება და როდესაც კანდიდატი მათ წევრებთან ერთად მიდის და მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას ჰპირდება, რა სახელმწიფო რესურსების გამოყენება მოხდა? ეს არის, ცალსახად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება“,- ამბობს მირდატ ქამადაძე.

ამ ფაქტს სწავლობენ „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ ბათუმის ოფისში. ორგანიზაციის რეგიონალური ოფისების ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით სადამკვირვებლო ჯგუფები იტყობინებიან, რომ, სახელისუფლებო სტრუქტურების ოფიციალური ფეისბუკგვერდების გარდა, სოციალურ ქსელებში მმართველი პარტიის კანდიდატების პროპაგანდისთვის პირად გვერდებს იყენებენ საჯარო მოხელეები სამუშაო საათებში, რაც, მისივე თქმით, ასევე ითვლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად:

„საქმე გვაქვს ან მიზანმიმართულ ქმედებასთან, რომელიც კანონის დარღვევას ითვალისწინებს, ან პიროვნულ ინიციატივასთან, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს შემდგომ პოლიტიკურ, ფინანსურ ან სხვა სახის ადმინისტრაციულ ბენეფიტებს. ეს არის მკაცრად გასაკონტროლებელი სფერო. ერთია გამოხატვის თავისუფლება და მეორეა საარჩევნო აკრძალვები. ექვსი საათის მერე საჯარო მოხელეს შეუძლია თავისი მოსაზრებები გამოხატოს, მათ შორის პარტიის აქტივობებში ჩართულობით, ფეისბუკში პირად გვერდზე გამოქვეყნებით და ასე შემდეგ. მაგრამ წარმოვიდგინოთ ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომლებიც სხედან თავიანთ სამსახურებში და საქმის ნაცვლად დაკავებულები არიან პარტიული აგიტაციით. ეს არის დაუშვებელი!“

კანონმდებლობით, საჯარო მოხელეებს სამუშაო საათებში ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვა. მოქმედი კანონმდებლობით, აგიტაციაში მონაწილეობის შეუზღუდავი უფლება აქვთ მხოლოდ საკრებულოების თავმჯდომარეებსა და წევრებს, აგრეთვე, გუბერნატორებს, მინისტრებსა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ კანონში ცალსახად არ არის აგიტაციის აკრძალვა სოცილურ ქსელებში, თუმცა საარჩევნო პროპაგანდისთვის ბიუჯეტიდან დაფინანსებული რესურსების გამოყენება ცალსახად იკრძალება:

„კანონი სოციალური ქსელის ზუსტ განმარტებას ან დეფინიციას არ გვაძლევს, მაგრამ კანონი კრძალავს ტექნიკური და მატერიალური, მათ შორის ინტერნეტრესურსების გამოყენებას სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე. ამიტომ შესაძლებელია, რომ ჩვენ ეს მივიჩნიოთ კანონდარღვევად“.

აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფო გუჯაბიძე ამბობს, რომ საჯარო სტრუქტურებში სარეკომენდაციო წერილები გაგზავნეს და იმ შეზღუდვების შესახებ შეატყობინეს, რომლებიც საჯარო მოხელეებს არჩევნების დროს კანონმდებლობით უწესდებათ:

„განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში პირადი და საჯარო სივრცეები ერევა ხალხს. ამიტომ, გამიჯვნა რომ მოხდეს და არ იყოს მსგავსი შემთხვევები, ჩვენი მთავრობის აპარატიდან ყველა უწყებას გადაეგზავნა ცესკოს რეკომენდაციები, ასევე მუნიციპალიტეტებს და პრ სამსახურებთანაც გვქონდა შეხვედრა ამ თემაზე. თუმცა მაინც მოხდა ერთი ფაქტი - ეკონომიკის სამინისტროს შემთხვევაში მოხდა აღრევა პირად და საჯარო გვერდს შორის. ეს ფაქტი შემთხვევით მოხდა, ხდება ხოლმე... და მას არ აქვს სისტემური ხასიათი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG