Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ალტერნატიულ აუდიტზე უარს ამბობს


ფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტრო

საქართველოში ბიზნესს საგადასახადო შემოწმების ფორმად ალტერნატიული აუდიტის არჩევის საშუალება აღარ ექნება. ეს პროექტი, რომელიც უკვე თითქმის 4 წელია მოქმედებს საქართველოში, 2015 წლის 1 იანვარს დასრულდება. ამ დღიდან ალტერნატიული აუდიტის პროექტში ჩართულ აუდიტორულ კომპანიებს შემოსავლების სამსახურის ტოლფასი დასკვნის გაცემის უფლება აღარ ექნებათ.

ალტერნატიული აუდიტის პროექტი მეწარმეს აძლევდა არჩევანის გაკეთების საშუალებას - საგადასახადო შემოწმების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ ან „უფასო“ სახელმწიფო მოხელეები, ანუ საგადასახადო ინსპექტორები, შესულიყვნენ მის ორგანიზაციაში საფინანსო დოკუმენტაციის შესასწავლად, ან ალტერნატიული, ანუ ფასიანი, აუდიტორები.

ალტერნატიული აუდიტის ხიბლი ბიზნესისთვის იმაში მდგომარეობს, რომ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მას ბიზნესის დაჯარიმების უფლება არ აქვს. ფსიქოლოგიური ფონის გარდა, რაც კომპანიაში საგადასახადო სამსახურის ნაცვლად კერძო კომპანიის შემოსვლას განასხვავებს, არის ერთი უმთავრესი დეტალი - ალტერნატიული აუდიტის შედეგად იწერება შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც გადამხდელი უფლებამოსილია დააზუსტოს დეკლარაცია და აღიაროს საგადასახადო ვალდებულება. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო სამართალდარღვევისათვის გადამხდელს არ დაეკისრება ჯარიმა. ამასთან, აღნიშნული პერიოდი ჩაეთვლება შემოწმებულად.

ცხადია, შემოსავლების მობილიზების კუთხით, თუ ზედაპირულად მივუდგებით, ეს გარკვეულ პრობლემებს უქმნის საშემოსავლო სამსახურს, რადგან იგი ვერ ახერხებს შემოსავლის სახით ჯარიმების მობილიზებას.

თუმცა, მეორე მხრივ, საკმაოდ საინტერესო საშუალებაა ბიზნესის განვითარების წახალისებისათვის და იმ პრაქტიკაზე უარის სათქმელად, რომელიც წლების წინ იყო დამკვიდრებული: სახელმწიფო საგადასახადო აუდიტორის მიერ დარიცხული ჯარიმების ოდენობა, არცთუ იშვიათად, შეუძლებელს ხდიდა კომპანიების შემდგომ ფუნქციონირებას, შედეგად კი, იგივე შემოსავლების სამსახური პერსპექტივაში მისაღებ გადასახადსაც კარგავდა.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ალტერნატიული აუდიტის სამსახურმა შეამცირა (ყოველ შემთხვევაში, უნდა შეემცირებინა) სახელმწიფოს მიერ აუდიტის ჩატარების ხარჯები, რადგან ამ ტვირთს, ნებაყოფლობით, თავად მეწარმეები კისრულობდნენ ალტერნატიული აუდიტის არჩევით.

მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ალტერნატიული აუდიტის პროგრამაში 500-მდე აუდიტორული კომპანია იყო ჩართული, რაც ამ სექტორის მეტად განვითარებას დაეხმარა და ფინანსური მომსახურების პრაქტიკის დანერგვას შეუწყო ხელი.

პროექტის განმავლობაში სულ არსებობდა კითხვები ამ კომპანიების შერჩევის წესის, კვალიფიკაციის დადგენისა და მათ მიერ შემოწმების სტანდარტების დაწესების შესახებ - მით უმეტეს, რომ არსებობს კატეგორიები აუდიტორებისთვის, კერძოდ, ალტერნატიული აუდიტის ჩატარების მიზნით აუდიტორები პირობითად დაყოფილია 3 კატეგორიად: A, B და C.

თუ კომპანიის წლიური ბრუნვა არ აღემატება 300 000 ლარს, უფლება აქვს აირჩიოს C კატეგორიის აუდიტორი; თუ წლიური ბრუნვა არ აღემატება 3 მლნ. ლარს, უფლება აქვთ აირჩიოთ B კატეგორიის აუდიტორი; თუ წლიური ბრუნვა აღემატება 3 მლნ. ლარს, უფლება აქვს აირჩიოს მხოლოდ A კატეგორიის აუდიტორი. მომსახურების ღირებულება განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

A კატეგორიის აუდიტორულ კომპანიას ასევე უფლება აქვს შეამოწმოს 3 მლნ. ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე გადასახადის გადამხდელი.
ცხადია, ამ კატეგორიების მინიჭების პრინციპზეც არაერთი საყვედური თქმულა, იყო პრობლემები ამ აუდიტორულ კომპანიებსა და საშემოსავლო სამსახურს შორისაც, მაგრამ, ამ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ალტერნატიული აუდიტის სამსახურზე მთლიანად უარის თქმა საკმაოდ რადიკალური და შეიძლება უკან გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდეს ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების გზაზე. ეს გააძვირებს საგადასახადო შემოწმებებს ბიუჯეტისთვის და გაზრდის ზეწოლას კერძო სექტორზე, რაც ისედაც მოკრძალებული ეკონომიკური ზრდის პირობებში საფრთხის შემცველი გახლავთ.

XS
SM
MD
LG