Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გათავისუფლებული დირექტორები პარლამენტის კომიტეტში


განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა

თბილისის რამდენიმე ბაგა-ბაღში ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირთა თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის განხილვამ, საპროტესტო აქციებისა და ცალკეული უწყებების აუდიტორიების შემდეგ, 31 მარტს საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე გადაინაცვლა.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში გამართულ შეხვედრას დეპუტატებთან ერთად სამსახურიდან გათავისუფლებული პირები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. რიგგარეშე საკომიტეტო განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ თბილისის მერიისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებს, რომელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სამართლიანობის განსაზღვრა კომიტეტმა თავის პირდაპირ მოვალეობად არ მიიჩნია. თბილისის მერიამ საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნაც მოითხოვა, თუმცა ამის მიუხედავად, სხდომა მაინც გაიმართა.

საბავშვო ბაღებში მიმდინარე საკადრო ცვლილებების საკითხის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ფორმატში განხილვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა იყო. კომიტეტის მოთხოვნას, თბილისის მერიას სხდომაში მონაწილეობის მისაღებად სათანადო კომპეტენციის მქონე პირი მიევლინა, მოჰყვა მერის, დავით ნარმანიას, წერილობითი პასუხი, რომ სკოლამდელი დაწესებულებების რამდენიმე დირექტორი დაკავებული პოზიციიდან თბილისის მერიის აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის შესაბამისი დასკვნების საფუძველზე გათავისუფლდა მრავალჯერადი დარღვევების გამო და გადაწყვეტილებებიც ობიექტურად იქნა მიღებული. აუდიტის დასკვნა თბილისის მერმა დანართის სახით გადაუგზავნა კომიტეტის თავმჯდომარეს, ივანე კიღურაძეს, და სამომავლო თანამშრომლობაც შესთავაზა, თუმცა კვლავ წერილობითი შეკითხვების სახით:

“ბატონმა დავითმა საშინაო დავალება მომცა მე, რომ გავცნობოდი, მაგრამ მე არ გახლავართ პროკურორი, გამომძიებელი ან მოსამართლე, რომ მეცადა აქ დაფიქსირებული ფინანსური თუ სხვა დარღვევების არსში გავრკვეულიყავი. მე, რა თქმა უნდა, წავიკითხე ეს დოკუმენტი, მაგრამ ეს სცილდება ჩემი კომპეტენციის ფარგლებს, რომ მე ამ საკითხებზე დეტალურად ვილაპარაკო“.

არის ძალიან გამოხატული ნეპოტიზმი ამ სისტემაში. იხსნებიან კომპეტენტური დირექტორები და ინიშნებიან ადამიანები, აბსოლუტურად გაუგებარი გამოცდილების. არ გადიან ესენი არც გასაუბრებას, არც გამოცდებს და საერთოდ როგორ ხდება ამ სისტემაში ადამიანების დანიშვნა, არის ძალიან საინტერესო საკითხი...
მაია ანჯაფარიძე

ივანე კიღურაძისგან განსხვავებით, განათლების კომიტეტის სხდომაზე საკითხზე დეტალური საუბარი სცადეს თავად გათავისუფლებულმა დირექტორებმა. თბილისის 215-ე ბაგა-ბაღის ყოფილმა დირექტორმა, ხატია ლაშქარაშვილმა, მაგალითად, მოითხოვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეამოწმოს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მუშაობის ხარისხი და ეფექტურობა და დასვას სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას, პასუხისმგებლობის საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიქრობს ის, დადასტურდება, რომ ბაღების ხელმძღვანელი პირები პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს:

“ამორჩეული ბაღები ვერ გახდნენ პოლიტიკით მართვადი, განთავისუფლდნენ კონკურსის საფუძველზე დანიშნული დირექტორები და მათ ადგილზე ყველა შემთხვევაში დაინიშნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომელთა უმრავლესობას, ასაკის მიუხედავად, არანაირი გამოცდილება არ აქვს სკოლამდელ აღზრდაში. მსგავსი საქციელით ძირეულად შეირყევა სკოლამდელი აღზრდის სფერო, პრაქტიკულად არაპროფესიონალიზმი დაისადგურებს, რასაც უკვე ვხედავთ სააგენტოში“.

როგორც ხატია ლაშქარაშვილმა აღნიშნა, თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურმა 18 ბაგა-ბაღი შეამოწმა და აქედან 9 ბაგა-ბაღის დირექტორს, ყოველგვარი შუალედური დასკვნისა და ახსნა-განმარტების გარეშე, ერთდროულად ჩაბარდა საბოლოო დასკვნა და გათავისუფლების ბრძანება. ამ გათავისუფლებულ დირექტორებს შორის არის 83-ე ბაღის დირექტორიც, რომელიც ერთ-ერთია იმ სამ დირექტორს შორის რომლებზეც, როგორც მისაბაძ მაგალითებზე, ისაუბრა „ადრეული განვითარების პროგრამის“ ხელმძღვანელმა ნინო ცინცაძემ. მან გაიხსენა 2014 წელს ადრეული განათლების 2 საერთაშორისო ექსპერტის სტუმრობა ლონდონიდან. ვიზიტის მიზანი იყო 2 ბაღის პროექტში ჩართვა, რისთვისაც ერთი კარგი, მეორე კი ჩვეულებრივი ბაღი უნდა მოენახულებინათ:

“ჩვენ ის წავიყვანეთ 83-ე ბაღში, ეკა გვრიტიშვილი იყო მისი დირექტორი. იქიდან რომ გამოვედით, ორივე მათგანმა მე პირადად მითხრა, რომ ამ ბაღს ნუ ჩავრთავთ პროექტშიო, იმიტომ რომ ეს ბაღი თავისი განვითარების დონით არის საშუალო ევროპული ბაღი და ჩვენი დახმარება არ სჭირდებაო. შემდეგ წავედით მეორე ბაღში და მეორე ბაღშიც გვითხრეს, ამ ბაღს ნუ ჩართავთ პროექტშიო, იმიტომ რომ იმდენად ცუდი მენეჯმენტი ჰყავს და იმდენად ცუდია ვითარება, რომ ამათზე რესურსის დახარჯვა, ადამიანურის და ფინანსურის, არ ღირსო“.

დღეს ეკა გვრიტიშვილი გათავისუფლებულია თანამდებობიდან, მეორე ხსენებული ბაღის დირექტორი კი რჩება თანამდებობაზე, - განაცხადა ნინო ცინცაძემ. მისი კოლეგა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სკოლამდელი განათლების“ წარმომადგენელი მაია ანჯაფარიძე კი სკოლამდელი აღზრდის სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას:

“არის ძალიან გამოხატული ნეპოტიზმი ამ სისტემაში. იხსნებიან კომპეტენტური დირექტორები და ინიშნებიან ადამიანები, აბსოლუტურად გაუგებარი გამოცდილების. არ გადიან ესენი არც გასაუბრებას, არც გამოცდებს და საერთოდ როგორ ხდება ამ სისტემაში ადამიანების დანიშვნა, არის ძალიან საინტერესო საკითხი. დღეს არის კატასტროფა ამ სისტემაში. ვინ მართავს, როგორ მართავს და რა მიზნებისთვის მართავენ ამ სისტემას?“

მაია ანჯაფარიძემ კომიტეტს მიმართა რეკომენდაციით, შეიქმნას კომისია, რომელიც სისტემაში შექმნილ ვითარებას შეისწავლის და მდგომარეობის გამოსწორებაზე იზრუნებს. თავის მხრივ, სასამართლო დავების დასრულებამდე გათავისუფლებული დირექტორების სამსახურში აღდგენის ინიციატივით გამოვიდა დეპუტატი გიორგი ვაშაძე:

გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

“სამწუხარო პრეცედენტები არის ზუსტად ის, რომ წადი სასამართლოში, იჩივლე. მერე სასამართლოში დადიან ეს ადამიანები 6 თვე, 9 თვე, ერთი წელი. სასამართლო აღადგენს ამათ. სხვათა შორის, აგერ ლევან ხაბეიშვილია და მისი მაგალითია, რომელიც ასევე გაათავისუფლა თბილისის მერიამ სამსახურიდან, აღადგინეს და ახლა 40 000 ლარი კიდევ ჯარიმა აქვს დაკისრებული თბილისის მერიას, განაცდური ხელფასიდან გამომდინარე. ამიტომ ასეთი ფაქტები არის ძალიან ბევრი უკვე. ამას აქვს სისტემური ხასიათი“.

მეცნიერების კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკითხის შესწავლის მიზნით სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა დააყენა. ინიციატივა ვერ გავიდა. შესაბამისად, სხდომას არ მიუღია არანაირი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ რა კვალიფიკაცია უნდა მიეცეს და როგორ უნდა გაგრძელდეს საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორთა გათავისუფლების სამართლიანობის შეფასება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG