Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანაკი კონფლიქტის ზონაში


მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკი ერგნეთში
მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკი ერგნეთში
სოფელ ერგნეთში, ცხინვალიდან დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით, ერთ ნახანძრალ სახლში, მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკია გახსნილი. კონფლიქტის ზონაში უკვე მესამე წელია ასეთი ბანაკი ეწყობა. ამჟამად აქ 70 ბავშვია. ბავშვების ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია, ნაწილი კი ომის დროს სოფლიდან გასული ოჯახებიდანაა და ყოველ ზაფხულს ისინიც უკან, სოფელში ბრუნდებიან. ბანაკში მოზარდები ხატვას, ძერწვას, თექაზე მუშაობას სწავლობენ. უფროსი ასაკის მოსწავლეებს გადაწყვეტილი აქვთ ერგნეთის ამჟამინდელ ცხოვრებაზე კედლის გაზეთი გააკეთონ. ეს ბავშვები ყოველდღე დამწვარ და დანგრეულ სახლებს ხედავენ, პოსტტრავმული სტრესის შესამცირებლად კი მათთან ფსიქოლოგი მუშაობს.

ქეთი დოიჯაშვილი ჟურნალისტობაზე ოცნებობს. მისი აზრით, სოფელში ასეთი ბანაკის არსებობა ახალგაზრდებს ერთმანეთთან უფრო აახლოებს, მოზარდები კი პრობლემების გადალახვაში პატარებს ეხმარებიან.

„პირველ რიგში, ბანაკი იმაში გვადგება, რომ ამ სოფლიდან ვინც წასულია და საერთოდ ვერ ვხვდებით და ვერ ვნახულობთ, აქ ვიკრიბებით და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ გავმხიარულდეთ და სოფელს დაუბრუნდეს ის ხალისი, რაც ერთ დროს ჰქონდა. დიდები ვეხმარებით პატარებს, რომ დაივიწყონ ის ყველაფერი, რაც გამოიარეს ომის დროს“, – ამბობს ქეთი.

ერგნეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია, ამიტომ ოჯახების უმრავლესობამ შვილები დასასვენებლად ვერსად გაუშვა. თამარ დიოჯაშვილის აზრით, სოფელში გახსნილი ბანაკი, გართობის გარდა, შემეცნების საშუალებასაც აძლევთ.

ბავშვების პედაგოგები ერთ ფაქტზე ამახვილებენ ყურადღებას. ომის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ ბანაკის მოსწავლეები ძირითადად ტანკებს, ბომბებს, ვერტმფრენებს და ომს ხატავდნენ. ახლა კი ეს თემა დავიწყებას ეძლევა და პატარები ყვავილებს, ხილს, ლამაზ სახლებს, ზღაპრების გმირებს ხატავენ. ბანაკის შემქმნელი, ერგნეთის მცხოვრები ლია ჩლაჩიძე აცხადებს, რომ ბავშვებისთვის, სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის გარდა, ამ ბანაკს პოლიტიკური დატვირთვაც აქვს: ცხინვალის მახლობლად მდებარე ბოლო ქართულ სოფელში ბავშვების ჟრიამული მუდამ უნდა ისმოდეს და სოფლიდან ახალგაზრდების გადინება შეწყდეს.

„ომის შემდეგ ამ ბავშვებმა ძალიან მძიმე დღეები გამოიარეს. ძალიან სტრესულ მდგომარეობაში იყვნენ და ეს არის ის საშუალება, როდესაც ერთმანეთს ხელახლა ეჩვევიან, როდესაც მათ ხელახლა აღმოაჩინეს ერთმანეთი, როგორც მეგობრებმა. გარდა იმისა, რომ ეს ბანაკი ამ ბავშვების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისთვისაა გახსნილი, ამას, გარკვეულწილად, პოლიტიკური დანიშნულებაც აქვს. კონფლიქტის ზონაში, საზღვრიდან სადღაც 100 მეტრში ფუნქციონირებს ბანაკი, სადაც 70 ბავშვია თავმოყრილი. ეს არის ის, რომ ბავშვები დაუბრუნდნენ თავიანთ მშობლიურ კერას, ბავშვები დამაგრდნენ სოფელში, შეიგრძნონ თავიანთი ადგილის დედის ძახილი და არ დატოვონ ის სოფელი, რომელიც სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიაა“, – აცხადებს ლია ჩლაჩიძე.

ბანაკი ერგნეთში 10 დღის განმავლობაში მუშაობდა. მოსწავლეებიც და მშობლებიც ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის. ლია ჩლაჩიძემ ფინანსების მოძიება სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების დახმარებით შეძლო. ერგნეთელების აზრით, აუცილებელია, რომ სოფელში კულტურულ-საგანმანათლებლო კერა შეიქმნას, რათა მათ შვილებსაც მიეცეთ ნიჭის გამოვლენის საშუალება.
XS
SM
MD
LG