Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დაუპირისპირდნენ ძველი ბათუმის დამცველები ქალაქის ახალ მერს


სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რომელიც ისტორიული ბათუმის ძველი უბნების შენარჩუნებისთვის იბრძვის, მოითხოვს თვითმმართველობამ მიიღოს სპეციალური წესები არა მარტო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად, არამედ იმ ისტორიული შენობების შესანარჩუნებლადაც, რომლებიც XIX-XX საუკუნეებისდროინდელი ქალაქის განაშენიანების ნაწილია და, მთლიანობაში, ბათუმის ისტორიულ ურბანულ ქსოვილს ქმნის. ძველი ბათუმის დამცველები 2008 წელს გაერთიანდნენ მოძრაობა “ბათომის” სახელით. გასულ წელს მათ არაერთხელ მიმართეს ქალაქის მერს იმ ისტორიული საყრდენი გეგმის დამტკიცების მოთხოვნით, რომელიც ძველ ბათუმში მშენებლობების წესებსა და შეზღუდვებს დაამკვიდრებდა. ქალაქის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის, არაერთი დაპირების მიუხედავად, დოკუმენტი არ დამტკიცდა, ახალმა მერმა კი, ლაშა კომახიძემ, განაცხადა, დოკუმენტი შემუშავების პროცესშია, რაც დროს მოითხოვსო.

ამ დოკუმენტის დამტკიცების მოლოდინში ვიქნებოდით, რომ არა ბოლო დროს განვითარებული მოვლენები: ძალიან ბევრი შენობა დაინგრა და ეს უკვე არის სიმპტომი, რომ სერიოზული საფრთხის წინაშეა ქალაქის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა...
ნინო ინაიშვილი

საზოგადოება „ბათომმა“ 22 დეკემბერს ოფიციალური წერილით მიმართა ქალაქის მერიას და, როგორც მისი წარმომადგენლები აცხადებენ, პასუხი ვერ მიიღო, 2018 წლის დასაწყისში კი ბათუმში სამი ისტორიული სახლის დანგრევისა და მათ ნაცვლად მრავალსართულიანი კორპუსების აშენებისთვის გაცემულ ნებართვებს აქტივისტთა ნაწილი სოციალურ ქსელში უარყოფითად გამოეხმაურა. საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი, არქეოლოგი ნინო ინაიშვილი ამბობს, რომ მოთხოვნა უცვლელია: შეწყდეს ძველი ქალაქის ნაწილის ნგრევა და სასწრაფოდ დამტკიცდეს ისტორიული ურბანული ქსოვილის დამცავი ზონა და წესები:

„ამ დოკუმენტის დამტკიცების მოლოდინში ვიქნებოდით, რომ არა ბოლო დროს განვითარებული მოვლენები: ძალიან ბევრი შენობა დაინგრა და ეს უკვე არის სიმპტომი, რომ სერიოზული საფრთხის წინაშეა ქალაქის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა, ანუ დანგრევა უნდათ უფრო მეტის და აღარ დარჩება, რესურსი ამოიწურება და მაშინ აღარც დაგვჭირდება დამცავი ზონა“.

საზოგადოება „ბათომის“ მოთხოვნას ქალაქის მერი ლაშა კომახიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა წერილით, სადაც ნათქვამია, რომ მისმა არაერთმა მცდელობამ კონსტრუქციულ სამუშაო ქმედებებზე გადასულიყვნენ და ეფიქრათ პრობლემის მოგვარებაზე, თუნდაც დონორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, ვერ პოვა საზოგადოება „ბათომის“ წევრთა მხარდაჭერა.

ბათუმის ახალი მერი ლაშა კომახიძე (მარჯვნივ) და ძველი მერი გიორგი ერმაკოვი (მარცხნივ).
ბათუმის ახალი მერი ლაშა კომახიძე (მარჯვნივ) და ძველი მერი გიორგი ერმაკოვი (მარცხნივ).

„კომპლექსურად შეგვეხედა პრობლემაზე როგორც ქალაქის ისტორიულ ნაწილში მაცხოვრებელი ადამიანების პოზიციიდან, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის პოზიციიდან, მიგვეგნო პრობლემის არსისთვის და ერთად გვეფიქრა ქმედით, შინაარსიან და სასარგებლო ნაბიჯების გადადგმაზე… პასუხად მივიღე ბრმა აგრესია“, - ამბობს ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში, სადაც აანონსებს ქალაქის განვითარების გეგმის საჯარო განხილვას მომდევნო კვირას და შეხვედრაზე საზოგადოება „ბათომის“ წევრებსაც იწვევს. „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ნათია აფხაზავა ამბობს, რომ ქალაქის მერი გამოქვეყნებულ წერილში არ ეხმაურება იმ საკითხებს, რომლებიც საზოგადოება „ბათომმა“ ქალაქის წინაშე მდგარი გამოწვევების გამო დასვა:

„კონკრეტულ კითხვებზე ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხები და გვაქვს უფრო აგრესიული ტონალობით მერის უკუკავშირი, რომელიც არ პასუხობს პრობლემურ საკითხებს და საუბრობს საპროექტო წინადადებებზე, რომელიც, მისი აზრით, ქალაქს გადაარჩენს. ბათუმის გადარჩენისთვის კი ერთადერთი დოკუმენტია დასამტკიცებელი - ისტორიული საყრდენი გეგმა. არც ერთი დონორი და საერთაშორისო ორგანიზაცია ამ მიმართულებით დიდ პროექტებს არ განახორციელებს, თუ ის ვერ დაინახავს ქალაქის მდგრად პოლიტიკას, თუ როგორ იცავს ის ისტორიულ შენობებს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ამ მიმართულებით არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ არის გადადგმული, რომელიც აუცილებლად დროულად და მყისიერად უნდა მოხდეს, რადგან მშენებლობის გაცემული ნებართვების საფუძველზე ინგრევა არაერთი ისტორიული შენობა ქალაქში“.

ბოლო დროს ბათუმში ისტორიული სახლების ნაწილის ნგრევა გააპროტესტა სამოქალაქო აქტივისტმა შოთა გუჯაბიძემ, რომელმაც შენობების ფოტოები სოციალურ ქსელში გამოფინა და განაცხადა, რომ ეს ისტორიული შენობები ახლად არჩეული მერის დროს დაინგრა. თავის მხრივ, ქალაქის მერი ლაშა კომახიძე ამ განცხადებას გამოეხმაურა და აქტივისტი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა, რადგან, მისი თქმით, აღნიშნული ძველი სახლების დანგრევისა და მის ნაცვლად მრავალსართულიანი კორპუსების აშენების უფლება მისი წინამორბედის დროს გაიცა. ლაშა კომახიძე საკითხზე კომენტარს არ აკეთებს, შოთა გუჯაბიძე კი ფიქრობს, რომ ქალაქის ახალი მერი კრიტიკამ გააღიზიანა:

თუნდაც ტურისტული ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, ძველ ბათუმს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული დაცვის სტატუსი. პირიქით, უნდა გამოირიცხოს იქ არასწორი ჩარევები. სამწუხაროდ, ბევრი ჩარევა იყო...
ზვიად ელიზიანი

„ცდილობს აიცილოს ბრალდებები, როგორ შევბედეთ კრიტიკა! ის ფიქრობს, რომ ამას არ იმსახურებს... ადამიანურად ეს ჩემთვის გასაგებია, - უბრალოდ, მიუღებელია. ფაქტებია ბოლო დღეებში დანგრეული, მინიმუმ ოთხი ისტორიული შენობა და ბატონი მერი ამას არ აღიარებს. პირიქით, ირონიულად უყურებს, ეს რა ისტორიული სახლიაო, და იმასაც არ უშვებს, რომ ვინმეს შესაძლოა ამ საკითხში მასზე მეტი კომპეტენცია ჰქონდეს, თუნდაც კანონს. კანონი კი ამბობს, რომ ეს არის ისტორიული შენობა და ის ამას უგულებელყოფს და ამბობს, რომ ბარაკია, როდესაც არ არის ბარაკი. ერთი სიტყვით, ეს არ არის იმ ადამიანის დამოკიდებულება, რომელსაც ადარდებს ამ ქალაქის ბედი“.

„საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად ელიზიანი კი მიიჩნევს, რომ ტურისტული ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისტორიული განაშენიანების შენარჩუნება, ხოლო ამ საკითხზე დაგეგმილ საჯარო შეხვედრას მერთან დადებითად აფასებს:

„თუნდაც ტურისტული ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, ძველ ბათუმს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული დაცვის სტატუსი. პირიქით, უნდა გამოირიცხოს იქ არასწორი ჩარევები. სამწუხაროდ, ბევრი ჩარევა იყო, რომელსაც ჩვენ ვერ გამოვასწორებთ, მაგრამ სამომავლოდ აქეთ უნდა იყოს გეზი აღებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ის მიდგომა და ტემპი, რაც აქამდე იყო, გაგრძელდება (იმედია, არ გაგრძელდება), მაშინ, უბრალოდ, გავა წლები - ხუთი, ათი წელი - და ბათუმისგან მივიღებთ ძალიან უსახურ ქალაქს, რომელიც არანაირ ღირებულებას და მათ შორის არც ტურისტებისთვის აღარ წარმოადგენს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG