Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმი: ცენტრალურ პარკში ძველი კოლონადების აღდგენა და ახალი ტერასის მოწყობა იგეგმება


პროექტი
პროექტი

ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნურიგელის ტბასთან, კოლონადების აღდგენა იგეგმება. უკვე არსებობს ესკიზური ნახაზები, როგორი უნდა იყოს განახლებული კოლონადები, კონსტრუქციული ნაწილის პროექტირებაზე კი ტენდერი გამოცხადდა, გამარჯვებული 6 მარტს გამოვლინდება. ტენდერის შემდეგ დაზუსტდება რა დაუჯდება ქალაქის ბიუჯეტს კოლონადების აღდგენა. ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ამბობს, რომ ნურიგელის ტბასთან კოლონადები პირვანდელი სახით აღდგება, თუმცა არა იმ ადგილას, სადაც თავდაპირველად იყო:

„მას შემდეგ, რაც ტბის გაწმენდის მიზნით წყლის დაშრობა მოგვიწია, შეიცვალა მისი კონფიგურაცია. ამიტომ ახალი კოლონადების ადგილმდებარეობა იცვლის ადგილს და იქნება მოშორებული ძველი განთავსების ადგილს, მაგრამ ამით დიდად არ იცვლება ლოკაციები პარკში. ეს კოლონადები იქნება იდენტური, რაც ადრე იყო“.

ბათუმის ცენტრალური პარკი
ბათუმის ცენტრალური პარკი

თეთრი ფერის სვეტებიანი კოლონადები ბათუმის ცენტრალურ პარკში ორ სხვადასხვა ადგილას გასული საუკუნის 30-იან წლებში აშენდა - პირველი პარკის შესასვლელთან, მეორე კი მის გასწვრივ, ტბის პირას ააგეს. ისინი ერთმანეთს ბილიკით უკავშირდებოდნენ. წყლის პირას მდგარი კოლონადები 90-იან წლებში, გაურკვეველი მიზეზით, მოშალეს. მისი პირვანდელი სახით აღდგენის იდეას იწონებს მხატვარი სერგო გოგოლაძე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ პარკის თავდაპირველი დაგეგმარების შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია კოლონადების ზუსტად იმავე ადგილას დაბრუნება, სადაც თავდაპირველად აიგო:

„ეს კოლონადები იდგა, ახლა პარკის შესასვლელში რომაა ძირითადი კოლონადები, იმის გასწრივ, ალეას რომ გაჰყვები პირდაპირ. ერთიან ანსამბლს ქმნიდა და ძალიან ლამაზი იყო. დაირღვევა ის კონცეფცია, რაც თავიდან იყო ჩაფიქრებული და ჩადებული. ყველაფერი შესაძლებელია, თუ ამას გააკეთებს ნორმალური არქიტექტორი და მოიფიქრებს. ისე, ხანდახან აზრს თუ შეგვეკითხებიან, კარგი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ვართ, რომლებიც აქ გავიზარდეთ და ვიცით ეს პარკი, თავისი სილამაზითა და სტრუქტურით. ჩვენ გვახსოვს ისტორია“.

ბათუმის ცენტრალური პარკის საარქივო ფოტო
ბათუმის ცენტრალური პარკის საარქივო ფოტო

ბათუმის ცენტრალურ პარკს მანამდე 6 მაისის პარკი ერქვა. სხვადასხვა დროს კი ის ჯერ პიონერთა პარკის, შემდეგ მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის სახელს ატარებდა. პარკი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში 157 000 კვ/მ ფართობზეა გაშენებული. აქედან ტერიტორიის მესამედი ნურიგელის ტბას უჭირავს, სადაც, ძველი კოლონადების აღდგენის გარდა, იგეგმება ტერასის მოწყობა. როგორც ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ამბობს, ტბაზე გაშენებული ტერასა 1000 კვ/მ ფართობის იქნება. ნაწილზე მთლიანად საზოგადოებრივი სივრცე მოეწყობა, ნაწილი კი ინვესტორს დაეთმობა:

„იმისთვის, რომ ქალაქმა დაიმკვიდროს ტურისტული ქალაქის როლი საერთო ტურისტულ რუკაზე, ამისთვის ჩვენ გადავწყვიტეთ განვიხილოთ დელფინარიუმის მხარეს, კოლონადების მოპირდაპირედ, ტბაზე შეიქმნას საზოგადოებრივი დატვირთის პლატფორმა პირსის სახით, სადღაც 1000 კვ/მ ფართობის, სადაც ყველა მსურველს ექნება საშუალება დაისვენოს, გაერთოს, ითევზაოს, ნავით გაისეირნოს და სხვა. აქ გათვალისწინებულია 50 კვ/მ ფართი დავუთმოთ ინვესტორს, რომელიც დაინტერესდება და ინვესტიციას ჩადებს ამ პლატფორმის მოწყობაში, მათ კი ნავებით გასეირნების უფლებას მივცემთ ექსკლუზიურს“.

მახსოვს, პარკში თეატრი იყო. ტბაზე ნავები და გემი დადიოდა. უფრო საბავშვო იყო ბევრად. იქ იმართებოდა სპორტული შეჯიბრებები ბავშვებისთვის და ასეთი ახალგაზრდული იყო.

ალექსანდრე თევზაძე ამბობს, რომ განიხილება ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე ზოოკუთხის სხვა ადგილას გადატანის ან მისი რეკონსტრუქციის საკითხი. დაგეგმილია მწვანე ნარგავების დამატებაც. პარკში არსებული საბავშვო ფასიანი ატრაქციონები კი განახლებას საჭიროებს, რისთვისაც ინვესტორის დაინტერესებას ცდილობენ. პარკში უცვლელად დარჩება, აგრეთვე, აქ მდებარე კვების ობიექტი.

ბათუმელების ნაწილი ფიქრობს, რომ ქალაქის ცენტრალური პარკის განვითარების საკითხი საჯარო განხილვის შედეგად უნდა გადაწყდეს. გამოკითხული მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს დასასვენებელი ადგილი, რაც შეიძლება მეტი სიმწვანით, ნაწილი კი, კოლონადების აღდგენასთან ერთად, მისი ძველი ფუნქციის დაბრუნების მომხრეა.

„მახსოვს, პარკში თეატრი იყო. ტბაზე ნავები და გემი დადიოდა. უფრო საბავშვო იყო ბევრად. იქ იმართებოდა სპორტული შეჯიბრებები ბავშვებისთვის და ასეთი ახალგაზრდული იყო. ახლა კაფე-ბარებია, რაც ნამდვილად არაა საჭირო“, - ამბობს დოდო ცაგურიშვილი.

ნანა სებუა: „პარკი ჩემთვის ძალიან საყვარელი სივრცეა. ძალიან გამიხარდება პარკში ყველანაირი სიახლე. რა თქმა უნდა, იმუშავებენ ლანდშაფტის დიზაინერები, სპეციალისტები, ყველაფერი შეჯერებული იქნება და ერთადერთი, რასაც ვისურვებ, ნუ გადაიტვირთება კვების ობიექტებით ეს სივრცე“.

ირმა ზოიძე: „ერთადერთი ადგილი იყო ქალაქში პარკი, სადაც სივრცე იყო ბავშვებისთვის, ხის კონსტრუქციები, სილა იყო დაყრილი და ბავშვები იქ რიგრიგობით თამაშობდნენ, იმდენად ბევრი მსურველი იყო, და მცირე იყო ადგილი, სადაც საქანელები იყო მოწყობილი, სვარჯიშო ადგილები იყო. ის გააუქმეს და ახლა იქ ფასიანი ატრაქციონებია“.

თამარ მამეიშვილი: „მომავალში ეს პარკი მესახება უფრო მშვიდ ტერიტორიად, სადაც, მაგალითად, შესაძლებელი იქნება პლედი წაიღო და ოჯახთან ერთად დაისვენო. რაც შეიძლება ნაკლები კომერციული გასართობი ადგილები უნდა იყოს, იმიტომ რომ ბათუმში გამწვანების საკითხი მწვავედ დგას და მოსახლეობას მწვანე სივრცეებზე არ მიუწვდება ხელი და, მით უმეტეს, ქალაქში, ინტენსიური მშენებლობების ფონზე, კორპუსებს ეზოც კი არ აქვთ. ამ მოცემულობაში პატარა პარკის მითვისება კომერციული მიზნებისთვის დაუშვებელია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG