Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიუჯეტის შესრულება და ეკონომიკური პრობლემები


გაფორმების ეკონომიკური ზონა - თბილისი 2.
გაფორმების ეკონომიკური ზონა - თბილისი 2.

საქართველოს ბიუჯეტის შესრულება კვლავ პრობლემებს აწყდება. მიმდინარე წლის 6 თვის შედეგების მიხედვით, დანაკლისია ბიუჯეტის როგორც შემოსავლით, ასევე ხარჯვით ნაწილში. რა არის ამ პრობლემების მიზეზი და საერთოდ რა გავლენას ახდენს ბიუჯეტის შეუსრულებლობა ქვეყნის ეკონომიკაზე?

სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2014 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულმა შემოსავლებმა 3,9 მილიარდი - თითქმის 4 მილიარდი -ლარი შეადგინა. ეს კი 6 თვის გეგმიური მაჩვენებლის 95 პროცენტია. ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, სახელმწიფო ბიუჯეტს შემოსულობების ნაწილში დაახლოებით 170 მილიონი ლარი დააკლდა. დანაკლისი გამოიწვია გრანტებისა და პრივატიზების მუხლებით დაგეგმილი პარამეტრების შეუსრულებლობამ. მიუხედავად ამისა, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ბიუჯეტის შესრულებას საფრთხე არ ემუქრება და ყურადღებას ძირითად საგადასახადო შემოსავლებს მიაპყრობს, რომლის გეგმა ოდნავი გადაჭარბებით შესრულდა:

”ეს ნიშნავს, რომ შემოსავლები მეტ-ნაკლებად თანაბრად შემოდის სახელმწიფო ბიუჯეტში. და თუ პროცესები ისე წარიმართა, როგორც აქამდე, ბიუჯეტის შესრულებას, საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით, არანაირი პრობლემა არ შეექმნება”.

ის, რომ საგადასახადო შემოსავლების გეგმა სრულდება, არავინ უარყოფს, თუმცა, ფინანსთა მინისტრისგან განსხვავებით, ეკონომისტები ყურადღებას ამახვილებენ ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლების მოცულობაზე. ”საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი რომან გოცირიძე იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელთა გამოც 6 თვის ბიუჯეტის შესრულება ვერ მოხერხდა:

რომან გოცირიძე
რომან გოცირიძე

”რაც შეეხება მთლიანად ბიუჯეტის შესრულებას, იგი ვერ შესრულდა. 170 მილიონი ლარი დააკლდა ბიუჯეტს სამი მუხლის შეუსრულებლობის გამო. პირველი - ეს არის ის, რომ პრივატიზაციიდან ვერ შემოვიდა საკმარისი თანხები, რაც ბიზნესაქტივობის შემცირებაზეც მიუთითებს. ასე რომ, სახელმწიფო ქონების დაგეგმილი გაყიდვა ვერ მოახერხა მთავრობამ. მეორე -ვერ შემოვიდა გრანტები, რომლებიც გარანტირებულია და ელის თავის ამთვისებელს. ეს გრანტები საინვესტიციო ხასიათის იყო და, შესაბამისად, სამშენებლო და სხვა პროექტები ვერ განხორციელდა და, მესამე, არ შემოვიდა დაგეგმილი უცხოური კრედიტები, რომელიც ასევე საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად უნდა გამოყენებულიყო”.

6 თვის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ მოხდა ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო შესყიდვების განხორციელება. უცხოური ვალუტის რეზერვები, პირველი შემთხვევაა, რომ არ იზრდება, ანუ არის სავალუტო შიმშილი...
რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საჭიროა თანხების თანაბრად პროპორციულად ხარჯვა და არა ისე, როგორც ეს მოხდა გასული წლის დეკემბერში. მაშინ წლის ბოლოს 1 მილიარდზე მეტი თანხა ერთდროულად დაიხარჯა, რამაც დიდი როლი ითამაშა ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში. ამჟამად, რომან გოცირიძის განცხადებით, სავალუტო ბაზარზე დამყარებულია მყიფე წონასწორობა:

”პირველად მოხდა საქართველოს 10 წლის ისტორიაში, რომ ეროვნული ბანკი ვერ აგროვებს ვალუტას. 6 თვის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ მოხდა ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო შესყიდვების განხორციელება. უცხოური ვალუტის რეზერვები, პირველი შემთხვევაა, რომ არ იზრდება, ანუ არის სავალუტო შიმშილი. რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ გრანტების მიუღებლობას ვერ დავაბრალებთ ან კრედიტების დაგვიანებას. ეს უკვე ინვესტიციების შემოდინების პრობლემაზეც მიგვითითებს”.

რაც შეეხება რომან გოცირიძის მიერ ნახსენებ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, მასთან ერთად სხვა ექსპერტებიც აღნიშნავენ ეკონომიკის მასაზრდოებელი აუცილებელი რესურსის სიმწირეს.

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

სხვაგვარად ფიქრობს თავად ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და სიამაყით აცხადებს, რომ დაგეგმილ ეკონომიკურ ზრდას არაფერი ემუქრება:

”2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით დაგეგმილი 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიღწევა რეალურია. მე მინდა გითხრათ მაჩვენებელი, რომელიც გამოაქვეყნა სტატისტიკის სამსახურმა. ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პირველადი მონაცემები. წელს, პირველ კვარტალში, 260 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა შემოსული”.

დღეს, ფაქტობრივად, ეკონომიკური ცხოვრება მიდის ინერციით. ეს არის ძველი ხელისუფლების დატოვებულის გაგრძელება ან კორექცია...
რომან გოცირიძე

ნოდარ ხადურის მიერ დასახელებულ რიცხვებში საამაყოს ვერაფერს ხედავს ბევრი ეკონომისტი, რომლებიც ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებლად მიიჩნევენ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უფრო მაღალი მაჩვენებლების მიღწევას. გამოანგარიშებულია, რომ წლის მანძილზე განხორციელებული ერთი მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია მთლიანი შიდა პროდუქტის 7-პროცენტიან ზრდას იწვვევს. გასული წლის მონაცემებით კი, საქართველოში გაცილებით ნაკლები ინვესტიციები და გაცილებით ნაკლები ეკონომიკური ზრდა იყო. ამის მიზეზებს ”საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი რომან გოცირიძე მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაში ხედავს:

”დღეს, ფაქტობრივად, ეკონომიკური ცხოვრება მიდის ინერციით. ეს არის ძველი ხელისუფლების დატოვებულის გაგრძელება ან კორექცია. მაგრამ არ ჩანს საკუთარი ხედვა, თუ რა უნდა მთავრობას. ერთადერთი მთავრობის ნოუჰაუ არის ბიუჯეტში შემოსული თანხების განაწილება, ანუ ფულის დარიგება - დარიგება არა რაღაცის შესაქმნელად, არამედ დარიგება სხვადასხვა სუბსიდიების გზით. ეს დარიგების პოლიტიკა დიდხანს ვერ გაგრძელდება. ეს ძალიან ცუდ შედეგს გამოიღებს რაღაც მომენტში. არარაციონალურმა საბიუჯეტო ხარჯებმა იცის ერთ მშვენიერ დღეს ძალიან დიდი დარტყმის მოყენება”.

XS
SM
MD
LG