Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ბიუჯეტი ინფრასტრუქტურის სასარგებლოდ


„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა. 11 ოქტომბერი
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა. 11 ოქტომბერი

16 ოქტომბერს პარლამენტში დასრულდა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის პირველადი ვარიანტის განხილვის პროცესი. ბოლო დღეების განმავლობაში პროექტი ყველა საპარლამენტო კომიტეტის, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის დონეზე იქნა განხილული, ხოლო ორშაბათს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე შემაჯამებელი განხილვა გაიმართა. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული და, შესაბამისად, დაფინანსება მნიშვნელოვნად გაეზარდა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში ოპოზიციური ფლანგის მხრიდან გამოითქვა არაერთი შენიშვნა იმ ჭრილში, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ ითვალისწინებს მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს.

გადმოწერა

2018 წლის ბიუჯეტის პროექტი

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, იზრდება რამდენიმე სამინისტროს დაფინანსება:

  • 572 მილიონი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
  • 111,2 მილიონი - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • 62,6 მილიონი - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • 20 მილიონი - შს სამინისტრო
  • 28,9 მილიონი - სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
  • 16,8 მილიონი - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა. ითქვა, რომ ბიუჯეტის დაფინანსების ძირითად წყაროს კვლავ საგადასახადო შემოსავლები წარმოადგენს, ხოლო შემოსულობების საერთო მაჩვენებელი მომავალი წლის ბიუჯეტში 12 მილიარდ 298 მილიონ ლარს უტოლდება, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 840,8 მილიონი ლარით აღემატება. დასახელდა რამდენიმე კონკრეტული უწყება, რომლებსაც მომავალ წელს მნიშვნელოვნად გაზრდილი დაფინანსება ექნებათ:

„ყველაზე მსხვილი, მოცულობითი მატება გვაქვს, რა თქმა უნდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთხით. აქ მატება შეადგენს 572 მილიონ ლარს და, ჯამში, 1 მილიარდ 830 მილიონი ლარით არის განსაზღვრული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი...დიდი ზრდა გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროს შემთხვევაშიც - მატება შეადგენს 111,2 მილიონ ლარს და მატება ძირითადად მოდის ჯანდაცვის პროგრამებზე... განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემთხვევაში ზრდა შეადგენს 62,6 მილიონ ლარს... 20 მილიონი ლარის დამატებაა გათვალისწინებული შს სამინისტროს შემთხვევაში - ეს უკავშირდება ძირითადად სახანძრო-სამაშველო ტექნიკის განახლებას... ზრდა გვაქვს ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შემთხვევაში - 28,9 მილიონი ლარი... გარდა ამისა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გვაქვს მატება 16,8 მილიონი ლარი“.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, მომავალი წლისთვის ეკონომიკური ზრდა 4,5 პროცენტით განისაზღვრა, თუმცა მთავრობის მოლოდინი უფრო დიდია, მიმდინარე წლის მზარდი მაჩვენებლების გათვალისწინებით. რაც შეეხება ინფლაციას, ამ ეტაპზე წარმოდგენილ პროექტში ინფლაცია 3,5 პროცენტის ფარგლებშია მოცემული, თუმცა, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გადამუშავებულ ვარიანტში ინფლაცია 3 %-იან მაჩვენებელზე იქნება გათვლილი.

ოპოზიცია უკმაყოფილოა და ეს ორშაბათს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზეც გამოჩნდა. ოპოზიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოსახლეობის ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მომავალ წელს არ გაიზრდება არც პენსიები და არც, მაგალითად, პედაგოგთა საბაზო ანაზღაურება. მაგალითად, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა ოთარ კახიძემ თავისი მოსაზრებები შეკითხვის სახით ჩამოაყალიბა და მოახლოებულ არჩევნებსაც დაუკავშირა:

ოთარ კახიძე
ოთარ კახიძე

„პენსიები, შემწეობა, რაიმე ტიპის სოციალურ სოლიდარობას რაც ეხება, ეს საკითხები არ იზრდება... პრაქტიკულად, ფრონტის ხაზზე მყოფ საჯარო მოხელეებს ხელფასები არ ეზრდებათ... რისი იმედი გაქვთ ან რაზე არის გათვლილი, საერთოდ, ეს ბიუჯეტი? ეს ბიუჯეტი ვის ინტერესებს ემსახურება? ქვეყნის რომელ მიზანს ემსახურება და, საერთოდ, საით მივდივართ? რა პასუხი გაქვთ? ახლა არჩევნები მოდის, თან, და ესეც მნიშვნელოვანი ტესტი იქნება - მოსახლეობის მხრიდან გაგეცემათ პასუხი ამ პოლიტიკაზე“.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის, განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტი მაქსიმალური შესაძლებლობების ფარგლებშია დაგეგმილი და ერთი სეგმენტისთვის დაფინანსების მომატება ნიშნავს ამ დაფინანსების მეორე სეგმენტისთვის მოკლებას. მისი თქმით, წარმოდგენილი ბიუჯეტი განვითარებაზეა ორიენტირებული:

ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას და სწორედ ეკონომიკის ზრდა არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც მომდევნო წლებში მოგვცემს საშუალებას გავზარდოთ როგორც პენსია, ასევე ხელფასები - მასწავლებლის, პოლიციელის და ასე შემდეგ...
გიორგი კაკაურიძე

„ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ფისკალური პოლიტიკის კუთხით, ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით დადებითად შეაფასა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც, დადებითად შეაფასეს სარეიტინგო კომპანიებმაც... და ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას და სწორედ ეკონომიკის ზრდა არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც მომდევნო წლებში მოგვცემს საშუალებას გავზარდოთ როგორც პენსია, ასევე ხელფასები - მასწავლებლის, პოლიციელის და ასე შემდეგ... მოგვცემს საშუალებას იმისას, რომ ქვეყანაში გვქონდეს ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენების საშუალება, სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენების საშუალება“.

2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები სწორად არის განაწილებული, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კვლევითი ცენტრის ეკონომისტი მიხეილ კუკავა. მისი თქმით, ამ ეტაპზე პენსიებისა და ხელფასების ზრდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი იქნებოდა. ექსპერტი სწორ გათვლად მიიჩნევს იმასაც, რომ დაფინანსება ყველაზე მეტად ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით გაიზრდება:

„ინფრასტრუქტურის განვითარება არის ის, რაც არა მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში, არამედ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას... მთავრობამ გადაწყვიტა პრიორიტეტები განსაზღვროს ეკონომიკური ზრდის სასარგებლოდ და ეს მართებული გადაწყვეტილებაა“.

რაც შეეხება პრობლემებს, მიხეილ კუკავა ფიქრობს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კვლავაც საჯარო მოხელეთა დიდი რაოდენობა და მათი ანაზღაურების მასშტაბური მოცულობაა:

მიხეილ კუკავა
მიხეილ კუკავა

„პრობლემად რჩება ის, რომ გვაქვს ძალიან მაღალი რიცხოვნება ცენტრალური მთავრობის აპარატში დასაქმებული პირებისა... 2018 წელს მათი რიცხვი იქნება 113 479 და მათი შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება 1 მილიარდ 397 მილიონ 524 ათასი ლარი. ეს საკმაოდ ბევრია... ხაზს ვუსვამ, აქ საუბარია მხოლოდ ცენტრალურ მთავრობაზე“.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილ ეკონომიკური ზრდის 4,5 %-იან მაჩვენებელს, მიხეილ კუკავა, სხვა ეკონომისტების მსგავსად, სავსებით რეალისტურად მიიჩნევს და არ გამორიცხავს, რომ ზრდა კიდევ უფრო მაღალიც იყოს. მისი თქმით, 4,5 %-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში საგადასახადო შემოსავლები 650 მილიონი ლარით გაიზრდება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG