Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიუჯეტი 2014 - „საბერძნეთიზაციის“ საფრთხე?


საქართველოს მთავრობა განაგრძობს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას, რომელშიც პოლიტიკური ოპონენტების გარდა ეკონომისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. მთავრობის ვარაუდით, გაისად ქვეყნის ეკონომიკა 5 პროცენტით გაიზრდება, საშუალო წლიური ინფლაცია კი 3,5 პროცენტი იქნება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა აპირებს როგორც საგარეო, ასევე შიდა ვალის აღებას.

2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 1,6 მილიარდი ლარით გაიზრდება და 10 მილიარდ 450 მილიონს შეადგენს საქართველოს სახელმწიფო ვალი, რომლის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან 35,5 პროცენტს გაუტოლდება. ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი თაბუაშვილის თქმით, ვალების აღებაში გასაკვირი არაფერია და მთავრობა ამას გაზრდილი სოციალური ვალდებულებების გასასტუმრებლად არ აკეთებს:

„მოზიდული სახსრები, ვთქვათ, საინვესტიციო კრედიტების სახითა თუ შიდა ვალის აღების სახით, არ არის პირდაპირ ბმაში გაზრდილი სოციალური ხარჯების დაფინანსებასთან. მარტივი მაგალითი შეიძლება მოვიტანო: 2014 წლის ბიუჯეტში კაპიტალური ხარჯებისთვის გათვალისწინებულია 1,8 მილიარდი ლარის დახარჯვა, მაგრამ გათვალისწინებულია მხოლოდ 1 მილიარდ 36 მილიონი ლარის ვალის მოზიდვა“.

მთავრობა 600 მილიონი ლარის სესხებას შიდა ბაზარზე აპირებს. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის თქმით, თავიდან იგეგმებოდა 400 მილიონი ლარის აღება, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვეტილება შეიცვალა. საკითხავია, რატომ?

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური
„200 მილიონ ლარს ჩვენ განვათავსებთ ბანკებში გრძელვადიან დეპოზიტებზე იმ მიზნით, რომ ბანკებმა გასცენ გრძელვადიანი საინვესტიციო კრედიტები. ბანკებისათვის იქნება მხოლოდ 1 პროცენტიანი, ანუ სახელმწიფო ამით არაფერს არ კარგავს. დამატებით კი 200 მილიონი ლარის საინვესტიციო რესურსი გაუჩნდებათ ბანკებს, რომლებსაც დავეხმარებით ე.წ. მოკლე ფული გრძელ ფულად გადააქციონ“.

ფინანსთა სამინისტროს ამ გადაწყვეტილებასა და მთავრობის მიერ შედგენილ მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მწვავედ აკრიტიკებს საპარლამენტო ოპოზიცია. დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის თქმით, შეუძლებელია 27 მილიარდიანი ეკონომიკის სტიმულირება 200 მილიონით, ისევე როგორც ვერაფერს შეცვლის 2 მილიარდიან აგრარულ სექტორში იაფი სესხების გასაცემად 64 მილიონის გამოყოფა. ზურაბ ჯაფარიძის აზრით, ხარჯების გაზრდითა და ვალების აღებით საქართველო საბერძნეთის გზას დაადგება, ანუ გაზრდის დეფოლტის რისკს:

„საბოლოო ჯამში, ეს არის ის გზა, რომელიც გაიარა საბერძნეთმა და რასაც ევროპაში ეძახიან „საბერძნეთიზაციას“, როცა გრძელვადიანი ვალდებულებების აღება ხდება იმის ხარჯზე, რომ ეს დაფინანსდეს აღებული ვალით, რაც არის არასწორი. არ ვამბობ, რომ საქართველო დღეს დგას დეფოლტის წინაშე, მაგრამ გზა, რომელიც აირჩია მთავრობამ, მიდის აქეთკენ და ეს არის ის მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამ პროექტს მხარს არ დავუჭერთ“.

ეკონომისტების ნაწილს ასევე არარეალურად მიაჩნია ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი, რომელიც, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 5 პროცენტია. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ევგენიძის თქმით, სოციალური ვალდებულებებით გადატვირთული ბიუჯეტი ხელს ვერ შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას. მხოლოდ იმის გამო, რომ ხელისუფლებამ დაუბეგრავი მინიმუმი შემოიღო, ბიუჯეტიდან დამატებით უნდა გაიცეს 180 მილიონი ლარი:

„სამწუხაროა, რომ, გასული წლიდან მოყოლებული, ეს ტენდენცია დიდად არ შეცვლილა. მაინტერესებს, რას ფიქრობს მთავრობა, როგორ მიიღწევა სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა, ეკონომიკური ზრდით თუ, პირიქით, სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა იწვევს ეკონომიკის ზრდას? მართლა სასაცილოა, თუ მეორე წელია მთავრობა ფიქრობს, რომ ხარჯების გაზრდით მოხდება ეკონომიკის გაზრდა“.
9%-ით კი იყო დეფიციტი რამდენიმე წლის წინ, 3%-ის ფარგლებში უკვე ნორმალურია, მაგრამ 2%-ისკენ თუ იქნება, უკეთესია... გაისად საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში იქნება 27%-მდე. რამდენიმე წლის წინ 40-მდეც კი იყო...
დავით ონოფრიშვილი

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საბიუჯეტო დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან 3,9 პროცენტია, რაც, ისევე როგორც საგარეო ვალის წილის მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტში, საგანგაშოდ არ მიაჩნია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს დავით ონოფრიშვილს:

„9%-ით კი იყო დეფიციტი რამდენიმე წლის წინ, 3%-ის ფარგლებში უკვე ნორმალურია, მაგრამ 2%-ისკენ თუ იქნება, უკეთესია. რაც შეეხება საგარეო ვალს, შეზღუდვა 60%-ია. გაისად საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში იქნება 27%-მდე. რამდენიმე წლის წინ 40-მდეც კი იყო“.

კანონპროექტის მიხედვით, 2014 წელს საქართველოს ბიუჯეტმა 9 მილიარდ 40 მილიონი ლარის ხარჯი უნდა გასწიოს. აქედან დაახლოებით 7 მილიარდ- ნახევარი ლარი საგადასახადო შემოსავლებიდან უნდა შეივსოს, დანარჩენი თანხა კი, თუ არ ჩავთვლით სესხს, პრივატიზებიდან და სახელმწიფო საწარმოებიდან მიღებული მოგებიდან შეივსება. 840 მილიონი ლარი გამოიყოფა წინა წლებში აღებული ვალების გასასტუმრებლად. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის თქმით, 2014 წლის ბიუჯეტი იძლევა იმის საშუალებას, რომ გაიზარდოს როგორც სახელმწიფო პროგრამების რაოდენობა, ასევე მათი ხარისხი, თუმცა, მიუხედავად ამისა, მთავრობას ოპონენტები ურჩევენ, ვალების აღებით ხარჯების გაზრდის ნაცვლად, შეამციროს სახელმწიფო ხარჯები გადასახადების დაწევითა და ბიუროკრატიის შეკვეცით.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG