Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესი - საბანკო ზედამხედველის შეცვლის წინააღმდეგ


ეროვნული ბანკისთვის საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება უახლოესი პერიოდის ეკონომიკურ სიახლეებს შორის. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივა, რომელიც საბანკო ზედამხედველობაში ეროვნული ბანკის როლის შესუსტებას ისახავს მიზანად, იქცა იმ ფაქტორად, რომელმაც რამდენიმე ბიზნესასოციაციას ერთობლივი წერილი მოამზადებინა. წერილის ავტორები არიან „საქართველოს ბიზნესასოციაცია", „ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა", „საერთაშორისო სავაჭრო პალატა", „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო", „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია" და „საქართველოს ბანკების ასოციაცია", ანუ, შეიძლება ითქვას, თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად ძლიერი ბიზნესგაერთიანება საქართველოში.

ბიზნესის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ლარის გაუფასურების მიზეზები ბევრად ფუნდამენტურია და საჭიროა ამ მიზეზების ძებნა არა საბანკო სექტორში, არამედ მის მიღმა.

„უკვე ორ წელიწადზე მეტია, რაც ბიზნესსექტორი აქტიურად საუბრობს ეკონომიკის სტიმულირებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების აუცილებლობაზე, როგორიცაა მოგების გადასახადის გაუქმება, კერძო საპენსიო სისტემის რეფორმა, საფონდო ბირჟების განვითარება, კაპიტალის ბაზრების ხელშეწყობა და სხვა. ამ ფონზე ჩვენთვის სრულიად გაუგებარი და აუხსნელია საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებების შესახებ, რომლის ძირითადი არსი ეროვნული ბანკისაგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის დისტანცირებაა“, - ნათქვამია განცხადებაში და აქვე საუბარია იმაზე, რომ ბიზნესი საბანკო ზედამხედველობასთან დაკავშირებულ ინიციატივას აღიქვამს „პირდაპირ საფრთხედ საბანკო საიდუმლოების გარანტიებისათვის“;აღნიშნულია ისიც, რომ ეს, საბანკო სექტორის სტაბილურობის გარდა, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზეც უარყოფითად აისახება.

ეს განცხადება განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს პირველ რიგში იმის გამო, რომ საკმაოდ იშვიათია, თუ უპრეცენდენტო არა, შემთხვევა, როცა ყველა ეს გაერთიანება ერთობლივი პოზიციით გამოდის და ხელისუფლების განზრახვას უპირისპირდება.

ერთობლივი განცხადების წინაპირობა, გარდა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ზემოთ აღნიშნული ინიციატივისა, დიდი ალბათობით, გახდა ისიც, რომ ხელისუფლების წარმოამდგენლებმა - და ასევე ექსპერტთა გარკვეულმა ჯგუფმა - არაერთი განცხადება გააკეთეს არა მხოლოდ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის, არამედ კომერციული ბანკების წინააღმდეგაც, დაადანაშაულეს რა ისინი სპეკულაციურ პროცესებში.

მსგავსი ტენდენციისა და ეროვნული ბანკისთვის საბანკო ზედამხედველობის ჩამორთმევის წინააღმდეგ გამოვიდა ასევე სპეციალურად ამ თემასთან დაკავშირებით მოწვეულ ბრიფინგზე პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი. პრეზიდენტის მრჩეველმა მიანიშნა იმაზე, რომ სექტორისადმი მსგავსი დამოკიდებულება სერიოზული საბანკო კრიზისის გამომწვევი შეიძლება გახდეს.

მიმდინარე კვირაში უნდა გამოჩნდეს, გაიზიარებს თუ არა საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლება ბიზნესსექტორისა და პრეზიდენტის შეტყობინებას, რომ მსგავსი ინიციატივები და განცხადებები საბანკო სექტორს სერიოზულ საფრთხეს უქმნის, ხოლო იმას, თუ რა შედეგებს მოიტანს ქართული ბანკებისა და მათი მომხმარებლებისთვის დაანონსებული ცვლილებების განხორციელება, დავინახავთ უფრო მოგვიანებით, თუმცა რეალურად - სულ რამდენიმე თვეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG