Accessibility links

წაღვერში ხანძრის ლოკალიზება ცეცხლის გაჩენიდან მხოლოდ მეოთხე დღეს გახდა შესაძლებელი. 700-მდე ცოცხალ ძალასა და ოთხ ვერტმფრენთან ერთად საგანგებო შტაბმა პირველი ეტაპის სამუშაოები დაასრულა. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა, რომ 26 სექტემბრიდან ხანძრის კერების დამუშავება დაიწყება, კარგი ამინდის შემთხვევაში კი ავიაცია დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდება.

წაღვერის ტყეში ხანძარი 22 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. პირველადი ვერსიით, ცეცხლი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. თავდაპირველად ხანძრის ქრობაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ჩაერთვნენ. მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკაც. ადგილობრივები ცეცხლის გაჩენის შესაძლო მიზეზებზე ამახვილებენ ყურადღებას და შიშობენ, რომ გახშირებული ხანძრები დამსვენებელთა სიმცირესა და მეწყრული ზონების გაზრდას გამოიწვევს.

ადგილობრივების შიში უსაფუძვლოდ არ მიაჩნიათ ექსპერტებს ეკოლოგიის დარგში. ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შედეგების პირველადი შეფასების ანგარიში მედიას კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელმა ნახანძრალ ტერიტორიაზე წარუდგინა და სახელმწიფო სტრუქტურებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდა. რევაზ გეთიაშვილის განმარტებით, ბორჯომი არის ერთ-ერთი ყველაზე ხანძარსაშიში ტერიტორია ტყის ხანძრების კუთხით.

ნახანძრალი ტყე
ნახანძრალი ტყე

წაღვერში დამწვარი ფართობის რაოდენობა ამ დრომდე ცნობილი არ არის. შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ხეობაში ცეცხლი ერთი თვის წინაც გაჩნდა. აგვისტოს თვეში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა 752 ჰექტარი ტყის ფართობი. წაღვერის გარდა, კერებთან მიდიან და ნიადაგს ამუშავებენ ადიგენის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ხანძარი 21 სექტემბერს მიუვალ ადგილზე გაჩნდა. ცეცხლის კერების ჩასაქრობად და გზის გასაჭრელად მძიმე ტექნიკის გამოყენება გახდა საჭირო. ადგილობრივების ვარაუდით, ხანძარმა 7 ჰექტარი ტყის ფართობი მოიცვა. ცეცხლის ლოკალიზება და შემდეგ უკვე ლიკვიდაცია მხოლოდ მეხუთე დღეს მოხერხდა. ღაღვის სატყეო უბანში, სოფელ დერცელთან ახლოს, ხანძარს მეხანძრე-მაშველებსა და მეტყევეებთან ერთად ადგილობრივებიც აქრობდნენ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელთან ხანძარი ლიკვიდირებულია. ფერსათის მთაზე ამჟამად საგანგებო სიტუაციათა მართვის თანამშრომლები მონიტორინგს აწარმოებენ. ადიგენისა და ბორჯომის ხეობის გარდა, გასულ კვირას ხანძრის კერებს ებრძოდნენ ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებშიც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG