Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბროლისწყლისჰესი აშენდება


მდინარე ბროლისწყალი
მდინარე ბროლისწყალი
გარემოს დაცვის სამინისტრომ დაამტკიცა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შესაძლებელს ხდის მდინარე ბროლისწყალზე 6 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. სამინისტროს მიერ 1 ნოემბერს გამოცემული ბრძანების მიხედვით, გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოს მთავრობაში გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში. როგორ არის გათვალისწინებული ჰესის მშენებლობის პროექტში გარემოს დაცვის ასპექტები და რა გამოხმაურება მოჰყვა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცებას?

შოთა ბუჩუკური, არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეფანწმინდის“ დამფუძნებელი, იმის გამო წუხს, რომ ვერც მისმა და ვერც სხვა ყაზბეგელების ძალისხმევამ სათანადო შედეგი ვერ გამოიღო. მისი თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცება, ფაქტობრივად, ხელ-ფეხს უხსნის შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო „ყაზბეგი ჰესს“ ააშენოს ელექტროსადგური უნიკალური ლანდშაფტის მქონე, თავის დროზე წითელ წიგნში შეტანილ, ხდის ხეობაში:

„მთავარი ის არ არის, ჰესი დიდია თუ პატარა. შეიძლება უფრო დიდმა ჰესმა სხვა ხეობას ნაკლები ზიანი მიაყენოს, მაგრამ ეს 6 მეგავატიანი სადგური ხდის ხეობას უთუოდ მიაყენებს დიდ ზიანს. ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ვიზუალური სილამაზის განადგურება, რომელიც ამ ბუნებას გააჩნია. ამ ადგილზე მდინარის ნაცვლად გვექნება მილი და ამ მილში მოქცეული წყალი“.

ხშირად არის ხოლმე, რომ არ მუშაობენ წესიერად და ეუბნებიან ხალხს, იცით, რა, აქ რომ ჰესი აშენდება, ყაზბეგში ტურისტი არ შემოვა, დაინგრევა მთები, გახმება ყველა ხე, მყინვარწვერი დადნება. ასე თუ მიაწვდიან ინფორმაციას, შეიძლება ბევრმა დაიჯეროს, მაგრამ მე გამიჭირდება იმის თქმა, თუ რა შეიძლება ცუდი მოხდეს...
ლაშა იორდანიშვილი
6 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც მდინარე ბროლისწყალზე უნდა აშენდეს, დერივაციული ტიპისაა და მის შემადგენლობაში შედის: სათავე წყალმიმღები კვანძი და სალექარი, სადაწნეო მილი, ჰესის შენობა, გამყვანი არხი და ქვესადგური. „ყაზბეგი ჰესის“ დამფუძნებლის ლაშა იორდანიშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ გათვალისწინებული იქნება გარემოს დაცვის სამინისტროს შენიშვნები, ახალი ჰესი უკვე მოქმედს ჩაანაცვლებს და, შესაბამისად, მისი ზემოქმედება გარემოზე არ იქნება მასშტაბური:

„ხშირად არის ხოლმე, რომ არ მუშაობენ წესიერად და ეუბნებიან ხალხს, იცით, რა, აქ რომ ჰესი აშენდება, ყაზბეგში ტურისტი არ შემოვა, დაინგრევა მთები, გახმება ყველა ხე, მყინვარწვერი დადნება. ასე თუ მიაწვდიან ინფორმაციას, შეიძლება ბევრმა დაიჯეროს, მაგრამ მე გამიჭირდება იმის თქმა, თუ რა შეიძლება ცუდი მოხდეს. თავდაპირველ პროექტში იყო ლაპარაკი, რომ წყლის მცირე რაოდენობა დარჩება ხეობაშიო. ეს გარემოება შევცვალეთ და გამოვასწორეთ. ასევე ავიღეთ მონიტორინგის ვალდებულება და თუ საჭირო იქნება, არც კიდევ უფრო მეტად გაზრდაზე ვიტყვით უარს. ყველაფერი დანარჩენი, ბოდიში და, თითიდან არის გამოწოვილი“.

გარემოს დაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ, სეზონურთან შედარებით, დერივაციულ პროექტს უპირატესობა შემდეგი გარემოების გამო მიენიჭა: მინიმუმამდე მცირდება ბიოლოგიურ გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების რისკი. ასევე დაბალია საშიში გეოლოგიური პროცესების განვითარების რისკი მშენებლობის და ექსპლუატაციის ფაზაზე. ასე ფიქრობს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსი თამარ შარაშიძე:

გარემოს დაცვის სამინისტრო ნებართვას არ იძლევა. მშენებლობის ნებართვას იძლევა ეკონომიკის სამინისტრო. გარემოს დაცვის სამინისტრო იძლევა მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ვერასოდეს ვერ იქნება უარყოფითი. მთელი ჩვენი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ გვაქვს ნორმალური კანონმდებლობა ამ ნაწილში...
ნინო ჩხობაძე
„კვლევები ჩატარდა. ტერიტორიაც შეფასებულია გარემოს დაცვის სამინისტროს ექსპერტების მიერ. ამ ტერიტორიაზე ჰესის არსებული პროექტით აშენება არ გამოიწვევს კატასტროფებსა და რისკებს. შესაბამისად, ამ ეტაპზე გაცემული დასკვნა პასუხობს ყველა იმ კანონის მოთხოვნას, რითაც დღეს გარემოს დაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს“.

სამინისტროს ამ განცხადების პასუხად, გარემოსდამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ შესაცვლელია ის კანონმდებლობაც, რომელიც არ იძლევა გარემოსათვის საზიანო პროექტების შეჩერების საშუალებას. ასე ფიქრობს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე:

„გარემოს დაცვის სამინისტრო ნებართვას არ იძლევა. მშენებლობის ნებართვას იძლევა ეკონომიკის სამინისტრო. გარემოს დაცვის სამინისტრო იძლევა მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ვერასოდეს ვერ იქნება უარყოფითი. მთელი ჩვენი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ გვაქვს ნორმალური კანონმდებლობა ამ ნაწილში. და კიდევ: ეს ტერიტორია თავის დროზე იყო ბუნების ძეგლი. ჩვენ ველოდებოდით, რომ გადაწყვეტილებას როცა იღებდნენ ბუნების ძეგლებთან დაკავშირებით, ხდის ხეობა მოხვედრილიყო მასში, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა“.

ნინო ჩხობაძის კოლეგა, “გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის" თავმჯდომარე ლაშა ჩხარტიშვილი, მიიჩნევს, რომ ხდის ხეობაში ჰესის მშენებლობის ნებართვა არაერთ ეჭვს აჩენს:

„დიდი კაშხლების მშენებლობა უნდა აიკრძალოს! ამ დაპირების შესრულებას მოვითხოვთ! რაც შეეხება მცირე კაშხლებს, უნდა იყოს ცივილიზებული მიდგომა, ანუ წყალი უნდა მოიხმარონ რაციონალურად ისე, რომ მდინარეები არ მოკლან, ხოლო ხდის ხეობაში საერთოდ ხელი არ უნდა დაადონ. ბუნების და ისტორიულ ძეგლებზე არც ჰესების და არც სხვა ტექნოგენური ნაგებობების ადგილი ნამდვილად არ არის“.

ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, „გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფი“ აპირებს ხდის ხეობაში, მდინარე ბროლისწყალზე, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით სასამართლოსა და პროკურატურას მიმართოს. ლაშა ჩხარტიშვილი გავრცელებულ განცხადებაში სამართლოს სთხოვს, მთელი რიგი პროცესუალური და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ნორმათა დარღვევების გამო გააუქმოს ჰესის მშენებლობის ნებართვა, ხოლო პროკურატურას მიმართავს მოთხოვნით, განახორციელოს რეალური და ობიექტური გამოძიება ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სხვა თანანმდებობის პირთა საქმიანობაში კორუფციული დანაშაულის არსებობის თობაზე და მისცეს მას სამართლებრივი შეფასება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG