Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19 მსოფლიოსა და საქართველოში - რა არ უნდა გამოგრჩეს 16 მარტს


კორონავირუსი კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა - რა ხდება საქართველოში?

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 შემთხვევა გამოვლინდა. ეს კი საერთო რაოდენობას 33-მდე ზრდის.

სამივე მათგანი არის შუახნის. სამივეს რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებთან ჰქონდა კონტაქტი. თუმცა, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, ამ ადამიანებს კავშირი არა აქვთ იმ ჯგუფებთან, რომლებზეც აქამდე იყო საუბარი.

რაოდენობის მატებასთან ერთად არის კარგი ამბებიც. განმეორებითი ანალიზით დგინდება, რომ პაციენტი N1 გამოჯანმრთელდა, პაციენტი N2-ის ტესტი გუშინ უარყოფითი აღმოჩნდა. მას კიდევ ერთხელ ჩაუტარდება შემოწმება და თუ პასუხი ისევ უარყოფითი იქნება, საქართველოს უკვე ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი ეყოლება.

ხელისუფლებამ შექმნილი ვითარების ფონზე მიიღო გადაწყვეტილება, მეოთხე სახმელეთო მეზობელთან, რუსეთთანაც ჩაეკეტა საზღვარი. გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შედის, გუშინ კი ფიზიკური პირების გადაადგილება სარფის საბაჟოზე შეიზღუდა. შეზღუდვები არ ეხება სატრანზიტო მიმოსვლას.

პარალელურად, პოლიციას უწევს, თვითიზოლაციის წესის დამრღვევები კარანტინში იძულებით გადაიყვანონ. გუშინ სამართალდამცველებმა თვითიზოლაციის დარღვევის კიდევ 20 ფაქტი გამოავლინეს.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დაცარიელებული დახლები და ევროპა ჩაკეტილი საზღვრებით - რა ხდება მსოფლიოში?

დღეის მონაცემებით, 144 ქვეყანაში კორონავირუსის 153 500-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. დღეს ვირუსის გავრცელების პიკი იტალიაშია. იქ 21 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

გავრცელების მხრივ მესამე ადგილზეა ირანი (ოფიციალური ინფორმაციით - 12 000-ზე მეტი). გუშინ ირანის ხელისუფლებამ თქვა, რომ შესაძლოა ქვეყნის ჯანდაცვამ მალე ამ კრიზისს ვეღარ გაუძლოს.

დიდ ბრიტანეთში (1144 შემთხვევა) კი ხალხს მოუწოდებენ, შეწყვიტონ სურსათის პანიკური მომარაგება, რამაც მაღაზიების დახლები დააცარიელა.

ვირუსს ებრძვის შეერთებული შტატები. იქ ტესტი COVID-19-ზე დონალდ ტრამპმაც ჩაიტარა. შედეგი უარყოფითი აღმოჩნდა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე წაიკითხე:

დღეს გავიგებთ ახალი პაციენტების ანალიზის პასუხებს

გუშინ გვიან ღამით ჩაუტარდა შემოწმება კორონავირუსზე კიდევ 9 პაციენტს. მათი ანალიზის პასუხები მალე იქნება ცნობილი.

საქართველოში დღეს 637 ადამიანი იმყოფება კარანტინის რეჟიმში, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი - 54. სიახლეები ინფიცირებულთა და კარანტინში მყოფთა შესახებ შეგიძლია იხილო ვებგვერდზე stopcov.gov.ge

რუსეთში დაიწყო დაჩქარებული განხილვა ცვლილებებისა, რომელმაც პუტინს პრეზიდენტობა უნდა გაუხანგრძლივოს

რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 13 მარტს სასწრაფო წესით დანიშნულ სხდომაზე დაიწყო განხილვა საკონსტიტუციო შესწორებებისა, რომლებიც, სხვა ცვლილებებთან ერთად, ვლადიმირ პუტინს საშუალებას აძლევს, პრეზიდენტად კენჭი 2024 წელსაც იყაროს.

სასამართლოში განხილვის დაწყებას წინ უსწრებდა 67 წლის პუტინის მიერ საკონსტიტუციო შესწორებების პაკეტის ხელმოწერა იმავე დღეს. სასამართლოს გადაწყვეტილება ერთ კვირაში უნდა გახდეს ცნობილი.

ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის შემდეგ კი, ეს რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მმართველობა იქნება.

წაიკითხე მეტი.

ხვალ რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს

საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ, 13 მარტს, მანამდე კი ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, თქვა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება არ არსებობს.

ერთ-ერთი მიზეზი, როცა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შეუძლია, სწორედ ეპიდემიის დროს უსაფრთხოების დაცვაა. ეპიდემიის თავიდან არიდების მიზნით, საქართველოს ერთ ნაწილში საგანგებო მდგომარეობა 2006 წელსაც გამოცხადდა. პრეზიდენტის ბრძანების მიხედვით, ფრინველის გრიპის თავიდან ასარიდებლად ხელვაჩაურის რაიონში მოსახლეობას და საწარმოებს ფრინველები ჩამოართვეს და გაანადგურეს. გარდა ამისა, მოეწყო შესაბამისი დეზობარიერები და დაწესდა სხვადასხვა შეზღუდვა.

როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა პროგრამის დირექტორი, მერაბ ქართველიშვილი ამბობს, საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, უფრო მოქნილი იყოს, რადგან იზღუდება რიგი კონსტიტუციური უფლებები. რას გვეუბნება კანონი და რა ფორმით შეიძლება შეცვალოს ჩვენი ყოველდღიურობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ, წაიკითხე აქ.

რა პრობლემების წინაშე დადგა ბიზნესი კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG