Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაბინძურებული საკვები სიკვდილის რისკია


7 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა და ის წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სურსათის უვნებლობას მიუძღვნა. საკითხის მნიშვნელობა უდავოა, რადგანაც ბაქტერიებით, ვირუსებითა თუ ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებულმა საკვებმა შესაძლოა ადამიანის სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ვინ და როგორ აკონტროლებს სურსათის უვნებლობას საქართველოში და რა უნდა იცოდნენ მომხმარებლებმა?

მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, დაბინძურებული საკვებით ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. ბაქტერიებით, ვირუსებითა თუ ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული საკვები 200-ზე მეტ დაავადებას იწვევს, დიარეით დაწყებული და მენინგიტითა თუ ავთვისებიანი სიმსივნით დამთავრებული. სახიფათოა არასათანადოდ დამუშავებული ცხოველური პროდუქტები ან გაურეცხავი ხილ-ბოსტნეული, რაც შეიძლება დაბინძურებული იყოს ფეკალიებით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, სიფრთხილით მოეკიდონ სურსათის უვნებლობის საკითხს, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის წინაპირობას. აქვეა ჯანმოს 5 უმთავრესი რჩევა:

„დაიცავით სისუფთავე; მომზადებული საკვები განაცალკევეთ უმი პროდუქტებისგან; საფუძვლიანად დაამუშავეთ საკვები პროდუქტები; შეინახეთ სურსათი უსაფრთხო ტემპერატურაზე; გამოიყენეთ სუფთა წყალი და საკვები ნედლეული“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ამ ხუთი უმთავრესი რჩევის გათვალისწინებით შეგვიძლია, რომ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები ავირიდოთ თავიდან და სწორედ ამას უხსნიდნენ სამშაბათს „მზიურში“ მისულ სტუმრებს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი უწყება ბავშვებსა და მათ მშობლებს ჯანსაღი და სასარგებლო საკვებითაც გაუმასპინძლდა. როგორც სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსმა კახა სოხაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, სიფრთხილე ყველამ უნდა გამოიჩინოს:

„საკვებით მოწამვლაზე 70 პროცენტი მოდის და, აქედან გამომდინარე, საკითხის აქტუალურობა გასაგებია. ამას სერიოზული და რუტინული კონტროლი სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა ყურადღება მიაქციოს შეძენისას, თუ რა პირობებში ინახება სურსათი, არის თუ არა ეტიკეტირებული კანონმდებლობის მოთხოვნილებების დაცვით. რა თქმა უნდა, ეროვნულ სააგენტოს აქვს თავისი ვალდებულება – უზრუნველყოს კონტროლი, რათა სამომხმარებლო ბაზარზე მოხვდეს მხოლოდ უვნებელი სურსათი“.

სურსათმა რომ არ მოგვწამლოს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:39 0:00

რა მდგომარეობაა სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით საქართველოში? ამ შეკითხვაზე დადებითი პასუხის გაცემა ძნელია, თუნდაც მხოლოდ ორიოდე დღის წინ მომხდარი ფაქტის გამო: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. დეზერტირების ბაზრის ორი ვეტექიმი დააკავა. ისინი მწვანე შუქს უნთებდნენ სასაკლაოს გვერდის ავლით ბაზარში გასაყიდად შეტანილ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცს.

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარის მადონა კოიძის თქმით, სურსათის უვნებლობის კუთხით კონტროლი ბოლო წლებში საგრძნობლად გაუმჯობესდა, თუმცა გასაკეთებელი ჯერ ისევ ბევრია და ამ მხრივ ყველაზე დიდი პრობლემების წყაროს გარე ვაჭრობა წარმოადგენს:

„თუკი ქვეყანაში აიკრძალება ე.წ. გარე ვაჭრობა და აიკრძალება რეალიზაცია განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტებისა, როგორიც არის ნამცხვრები, ხორცი, რძის პროდუქტები, თევზი, მე ვთვლი, რომ ბევრად დადებით შედეგს მივიღებთ და მომხმარებელი ბევრად უფრო დაცული იქნება“.

სურსათის უვნებლობა ევროკავშირისა და საქართველოს სამომავლოდ კიდევ უფრო დაახლოების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა, რადგან, ასოცირების შეთანხმების მიხედვით, ეკონომიკური ინტეგრაცია წარმოუდგენელია ევროკავშირის მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილების გარეშე. მადონა კოიძის აზრით, ამ მხრივ ძალიან ბევრი გაკეთდა, თუმცა დღემდე საქართველოში არ არსებობს, მაგალითად, თაფლის ანალიზის ჩასატარებლად თუ გენმოდიფიცირებული პროდუქციის გამოსაკვლევად საჭირო ლაბორატორიები.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG