Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სამი მოქალაქის დაკავება-გათავისუფლება


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარე ტყეში რუსეთის მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. კირბალის მცხოვრებლები ავთანდილ თაყაძე, ჯემალ აბალაკი და ლაშა დოთიაშვილი ტყეში შეშის დასამზადებლად იყვნენ წასულები, როცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოჩნდნენ და მათ "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს. ჯერ ოკუპირებული ღრომის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურს გადასცეს და ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში წაიყვანეს.

გადმოწერა

კირბალელების დაკავების თაობაზე ინფორმაცია დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა დღეს დილით გაავრცელა. ამ ინფორმაციის მიხედვით, უშიშროების კომიტეტი ამზადებდა დაკავებულთა საბუთებს სასამართლოში წარსადგენად. კირბალში გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, დავით ცერცვაძის, განცხადებით, დაკავება გუშინ საღამოს მოხდა. კირბალის მცხოვრებლები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეშას ამზადებდნენ, ამ ტერიტორიაზე კი არც მავთულხლართებია და არც "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერები. ცერცვაძის თქმით, სამი დაკავებულიდან ერთი სწრაფად გაათავისუფლეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კირბალის მცხოვრებთა დაკავების შესახებ ინფორმაცია ამ დილით დაადასტურა. სამსახურის თანამშრომელ ეკა ათოშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებების გარდა, ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და დაიწყო მოლაპარაკება დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით, დღის მეორე ნახევარში კი უკვე ცნობილი გახდა, რომ დაკავებულები ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს.

სოფელი კირბალი საოკუპაციო გამყოფ ხაზს ესაზღვრება. ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული სოფელი ღრომი, საიდანაც რუსეთის მესაზღვრეები და დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები კირბალის მიმდებარე ტყეს აკონტროლებენ და იქ შეშის დასამზადებლად შესულ საქართველოს მოქალაქეებს აკავებენ. 2008 წლის აგვისტოს ომიდან დღემდე ყველაზე მეტი მოქალაქე სწორედ კირბალის ტყეში ან სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, ეს სოფელი ყველაზე სახიფათო ზონად ითვლება შიდა ქართლში. გასულ წელს სოფელ კირბალში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა და თითოეულ ოჯახს ბუნებრივი აირი მიეწოდება, მაგრამ კირბალელები მაინც ტყეში წასვლას და შეშის დამზადებას ამჯობინებენ, რადგან ბუნებრივი აირის გადასახადი მათთვის დიდია და ურჩევნიათ ისევ შეშით გათბნენ. ადგილობრივი მოსახლეობა საოკუპაციო გამყოფ ხაზთან უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვს. მათი თქმით, არის ადგილები, სადაც არც კი იციან, სად გადის გამყოფი ხაზი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2008 წლიდან 2016 წლის ჩათვლით ცხინვალის რეგიონში 987 საქართველოს მოქალაქე იყო დაკავებული. საოკუპაციო გამყოფ ხაზთან დაკავებები ახლაც გრძელდება და ეს სტატისტიკა უფრო და უფრო იზრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG