Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანერები მავთულხლართებისა და ღობეების ნაცვლად


მეორე დღეა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოსურ მხარესთან, სოფელ ხურვალეთში დაკავებულების - მალხაზ ვანიშვილისა და გოჩა მაყიშვილის - გათავისუფლების მოთხოვნით, მოლაპარაკებას აწარმოებს. სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა საქმის კურსში ჩააყენა ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები და მოლაპარაკების პროცესში ისინიც ჩაერთვნენ.

მაყიშვილი და ვანიშვილი ორი დღის წინ ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. 24 წლის მალხაზ ვანიშვილი, მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი საქართველოს მოქალაქის, დავით ვანიშვილის შვილიშვილია. რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლებმა ის ქართულ მხარესთან კონტაქტის გამო არაერთხელ გააფრთხილეს. ერთ-ერთ ინტერვიუში დავით ვანიშვილმა აღნიშნა კიდეც, რომ შვილიშვილის დაჭერით ემუქრებოდნენ, თუ ჟურნალისტებთან ურთიერთობას არ შეწყვეტდა. თვითონ დავით ვანიშვილიც ერთხელ უკვე იყო დაკავებული. იგი ნათესავებთან სოფელში მავთულხლართებს აქეთ მალულად გადმოვიდა, სახლში დაბრუნებული კი, დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. 28 წლის გოჩა მაყიშვილი დიაბეტით არის დაავადებული და მუდმივ მკურნალობას საჭიროებს. ამიტომ მისი თანასაოფლელები და ნათესავები მაყიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. ხურვალეთელების თქმით, ვანიშვილს და მაყიშვილს ეგრეთ წოდებული საზღვარი არ გადაულახავთ - მესაზღვრეებმა ისინი საკუთარ სახლებში დააკაავეს.

ქართველი სამართალდამცავები ვანიშვილის დაკავებას ელოდნენ და ამის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს წინასწარ მიაწოდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს დაკავება დავით ვანიშვილის მიმართ შურისძიებით იყოს ნაკარნახევი.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ ვილნიუსის სამიტის წინ რუსეთი საქართველოზე ზეწოლას საოკუპაციო ხაზთან ინციდენტების შექმნით აძლიერებს. რამდენიმე დღეა რუსეთის მესაზღვრეები ქარელის რაიონის სოფლებში ღოღეთსა და დვანში ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებს ამონტაჟებენ. იმ ტერიტორიაზე, სადაც თვე-ნახევრის წინ ”სასაზღვრო-სადემარკაციო” სამუშაოები მიმდინარეობდა, ახლა მწვანე ფერის ბანერებია დამონტაჟებული. აღნიშნულ ბანერებზე ერთი მხრიდან ქართულ და ინგლისურ ენებზე, მეორე მხრიდან კი ოსურ და რუსულ ენებზეა მითითებული, რომ ეს ტერიტორია სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარს წარმოადგენს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ბანერებს მიღმა მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთები - დაახლოებით, 50 ჰექტარი - დარჩა.

სოფელ ღოღეთში ალექსი შათირიშვილის მიწის ნაკვეთი ბანერის უკან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. მიწა დამუშავებულია და, როგორც მესაკუთრე ამბობს, ნიორიც უკვე დათესილია. შათირიშვილის თქმით, თუ მოსავლის აღების საშუალებას არ მისცემენ, დიდ ზარალს ნახავს.
პოლიტოლოგები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეგრეთ წოდებული საზღვრის სადემარკაციო სამუშაოების ჩატარებისას რუსეთის სასაზღვრო უწყების წარმომადგენლებმა ტაქტიკა კიდევ ერთხელ შეცვალეს: თავიდან ისინი მავთულხლართებს აბამდნენ, დიდი საერთაშორისო ხმაურის შემდეგ მავთულხლართები მწვანე ღობეებით ჩაანაცვლეს, ახლა კი ღობეების ნაცვლად ოთხენოვანი ბანერების დადგმა დაიწყეს. ბოლო დღეებში კონფლიქტის ზონაში მომხდარი ინციდენტები დეკემბერში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე იქნება განხილული.
XS
SM
MD
LG