Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართეთ დამკვირვებლებს


კენჭისყრის პროცესი
კენჭისყრის პროცესი

როგორ უნდა მოიქცეს ამომრჩეველი, თუ საარჩევნო უბანზე მისულმა დარღვევა აღმოაჩინა? რას ითვალისწინებს საარჩევნო კანონმდებლობა ამომრჩევლის უფლებების დასაცავად?

საარჩევნო კანონმდებლობაში განმარტებულია, თუ ვის შეუძლია საარჩევნო უბანზე დაწეროს საჩივარი და განცხადება. ცესკოს სპიკერ ანა მიქელაძის თქმით, ამომრჩეველს შეუძლია საარჩევნო უბანზე არსებულ ჩანაწერთა წიგნში ჩაწეროს თავისი შენიშვნა. თუკი ხარვეზი მარტივად გამოსასწორებელია, მას სიტყვიერადაც შეუძლია მიუთითოს საუბნო საარჩევნო კომისიიის წევრს, რის შემდეგაც პრობლემა აღმოიფხვრება. ამომრჩეველს უფლება არა აქვს დარღვევებთან დაკავშირებით საჩივარი დაწეროს:

გადმოწერა

„კანონმდებლობის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიაში განცხადების და საჩივრის დაწერა კენჭისყრის დღის პროცედურებთან დაკავშირებით შეუძლიათ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებს და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე დამკვირვებლებს. რა თქმა უნდა, თუკი ამომრჩეველი, რომელიც საარჩევნო უბანზე მივა და შემთხვევით რაიმე ტიპის ხარვეზს დაინახავს ან აღმოაჩენს, მას შეუძლია ამ შემთხვევაში დაწეროს საჩივარი, მაგრამ ვინაიდან კონკრეტულად ამომრჩეველი არ არის გამსაჩივრებელ პირთა სიაში, მისი საჩივარი ამ შემთხვევაში რჩება განუხილველი“.

მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამომრჩეველს შეუძლია საკუთარი უფლების დასაცავად მიმართოს საარჩევნო სუბიექტებისა და სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც საარჩევნო, კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურებს აკვირდებიან.

ცესკოს სპიკერ ანა მიქელაძის თქმით, იმის პრეცედენტი, რომ ამომრჩეველს თავად დასჭირვებოდეს საკუთარი უფლების დაცვა საარჩევნო უბანზე, მას თითქმის არ ახსენდება უკანასკნელ წლებში ჩატარებული არჩევნების განმავლობაში.

„სამართლიანი არჩევნების“ იურისტის ნინო რიჟამაძის თქმით, საარჩევნო უბანზე იმდენად კომპლექსური პროცედურებია, რომ დარღვევაც მრავალი შეიძლება იყოს და ამომრჩეველს უთუოდ გაუჭირდება ცალკეული მათგანის იდენტიფიცირება საიმისოდ, რომ პრეტენზიით დამკვირვებელს მიმართოს.

ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს უნდა შეუმოწმდეს მარკირება და პირადობის მოწმობის წარდგენის შემდეგ მიეცეს საარჩევნო უბანზე შესვლის უფლება, შემდეგ გადამოწმდეს ამომრჩეველთა ერთიან სიაში და მიიღოს ბიულეტენები. მანამდე ამომრჩეველი გაივლის მარკირების პროცედურას და თუ უარს იტყვის მარკირებაზე, კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველი მიიღებს ორ ბიულეტენს - პროპორციულს და მაჟორიტარულს. იმ უბნებში, სადაც, ამავე დროს, თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნებიც ტარდება, მას შესაძლოა გადაეცეს სამი ბიულეტენი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კი დამატებით კიდევ ორი ბიულეტენი გადაეცემა, ვინაიდან იქ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც იმართება. ამომრჩეველი უნდა დააკვირდეს იმასაც, რომ ბიულეტენი დამოწმებული იყოს რეგისტრატორის ბეჭდით და ხელმოწერით. ამის შემდეგ ამომრჩეველი კაბინაში თავისთვის სასურველ საარჩევნო სუბიექტს მისცემს ხმას, გამოვა კაბინიდან, აიღებს კონვერტს, რომელიც მოთავსებულია საარჩევნო ყუთთან, ჩადებს ბიულეტენებს კონვერტში, ჩააგდებს საარჩევნო ყუთში და დატოვებს საარჩევნო უბანს, განმარტავს „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი ნინო რიჟამაძე.

„თუ ამ რიგითობით და ამ წესების დაცვით არ ჩატარდა ყველა ეს პროცედურა, მას [ამომრჩეველს] შეუძლია ერთადერთი რამის გაკეთება - შენიშვნა შეიტანოს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში, ანუ თავისი მოსაზრება ასახოს ჩანაწერთა წიგნში. სამწუხაროდ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ამომრჩეველს საარჩევნო კომისიისთვის საჩივრის წარდგენის უფლება არ აქვს. საჩივრის წარდგენის უფლება აქვთ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნებზე დამკვირვებლად არიან დარეგისტრირებული, და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს“.

შესაბამისად, ნინო რიჟამაძის თქმით, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ამომრჩეველმა უნდა მიმართოს საარჩევნო უბანზე დამკვირვებლად მივლენილ პირებს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG