Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარიალის ხეობაში მსხვერპლი არ არის


დარიალის ხეობა
დარიალის ხეობა

დარიალის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 23 ივნისს სტიქიამ დააზიანა საქართველოს სამხედრო გზის 800-მეტრიანი მონაკვეთი. ოფიციალური ინფორმაციით, ხეობაში შეჩერებულია ავტომობილების მოძრაობა და ევაკუირებულია ყველა ის ადამიანი, რომელიც სტიქიის დროს ამ ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ამ ამბავს შეესწრო რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის კორესპონდენტი ვლადიკავკაზში ჟანა ტარხანოვა, რომელსაც გიორგი გოგუა ესაუბრა.

მოსალოდნელი ღვარცოფის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 23 ივნისს გაავრცელა და საშიშ მონაკვეთზე აიკრძალა ავტომობილების გადაადგილება. რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი ვლადიკავკაზში ჟანა ტარხანოვა ჰყვება, რომ საღამოს 5 საათისთვის, როდესაც მათი მანქანა საქართველო-რუსეთის საზღვარს უახლოვდებოდ, გამშვები პუნქტი დაკეტილი დახვდათ:

„მესაზღვრეები გვეუბნებოდნენ, რომ, სულ ცოტა, 24 საათის განმავლობაში იმ ტერიტორიაზე დარჩენა მოგვიწევდა, რუსეთის მოქალაქეებსა და იმ ადამიანებს კი, რომლებიც რუსეთისკენ მიემგზავრებოდნენ, საზღვარზე რუსი მაშველები გადაიყვანდნენ ვერტმფრენებით. ბერები ყველას ცხელი ჩაით გაგვიმასპინძლდნენ, რადგან ხალხი დასველდა, ცივი წვიმა მოდიოდა“.

სტიქიისგან თავის დასაღწევად მგზავრებმა თავი იქვე, მონასტრის ტერიტორიას შეაფარეს. როგორც ჟანა ტარხანოვა იხსენებს, ქართველმა მაშველებმა დროულად შეძლეს ხალხის უსაფრთხო ადგილას გახიზვნა.

„არანაირი პანიკა არ ყოფილა. პოლიცია, საგზაო სამსახური და მესაზღვრეები სიტუაციას აკონტროლებდნენ, გადასცემდნენ ინფორმაციას რაციით და ტელეფონით“.

სასაზღვრო-გამშვები პუნქტი საქართველო-რუსეთის საზღვარზე
სასაზღვრო-გამშვები პუნქტი საქართველო-რუსეთის საზღვარზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეს სტიქია შედეგია 2014 წლის 17 მაისს დევდორაკის ხეობაში მოვარდნილი ღვარცოფისა, რადგან 2 წლის წინ ჩამოწოლილი მყარი მასა დაიძრა და მდინარე თერგის შესართავამდე მიაღწია:

„პირველადი შეფასებით, შემოტანილია დაახლოებით 50 ათასი კუბური მეტრი ღვარცოფული მასა. პირველადი ინფორმაციით, არ მოწყვეტილა არც მყინვარ დევდორაკისა და არც მთა მყინვარწვერის ნაწილი“, -ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ გაფრინდაშვილი.

სტიქიის ზონა დაათვალიერეს შინაგან საქმეთა მინისტრმა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ.

„ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურია, ძალიან კარგად იმუშავა საგანგაშო სისტემამ, ამიტომაც იქ არ დაგროვდა მანქანები და შესაძლებელი გახდა მსხვერპლის თავიდან აცილება“, - თქვა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ.

როგორც რადიო თავისუფლების რუსული პროგრამა „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი ვლადიკავკაზში ჟანა ტარხანოვა ამბობს, სიმშვიდეა საზღვრის მეორე მხარესაც და რუსმა მაშველებმა მგზავრების დაბინავება დროულად მოახერხეს.

ის მგზავრები, რომლებიც რუსეთიდან საქართველოს გავლით აზერბაიჯანისკენ გადაადგილდებოდნენ, ქვეყანაში დაღესტნიდან შევლენ, ხოლო მათ, ვინც სომხეთისკენ მიემართებოდა, გზის გახსნამდე ლოდინი მოუწევთ.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს სამხედრო გზის აღდგენას 10 დღე ან 2 კვირა დასჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG