Accessibility links

8 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა 97 ხმით დაძლია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტო „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის თაობაზე. საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები, რაც სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნია.

„პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის მიერ დაბრუნებულ კანონპროექტს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 8 თებერვალს, სასესიო დღის ბოლოს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ. პარლამენტმა პრეზიდენტის სწორედ ამ კანონზე დადებული ვეტო დაძლია. ეს რომ ასე მოხდებოდა, ჯერ კიდევ წინადღით,იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, გახდა ნათელი - კომიტეტმა პრეზიდენტის შენიშვნები არც ამ სხდომაზე გაითვალისწინა და პირობაც დადო, რომ ვეტოს დაძლევდა. პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ კიდევ ერთხელ ჩაიკითხა პრეზიდენტის შენიშვნები და ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტის ვეტო (და შენიშვნები) ემსახურება სასამართლოს დეცენტრალიზაციას და მოსამართლეების დაცულობის ხარისხის გაზრდას და რომ ეს შენიშვნები მთლიანად თანხვედრაშია ვენეციის კომისიის მოსაზრებებთან.

მათ არა აქვთ პასუხები, ვეტოს გაზიარების და ამ შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ რა უნდა მოხდეს პრაქტიკული თვალსაზრისით ან როგორ უნდა გაჯანსაღდეს სასამართლო სისტემა...
მამუკა მდინარაძე

„ჩვენ გთავაზობთ სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევას მოსამართლეების მიერ და არა დანიშვნას იუსტიციის საბჭოს მიერ. ერთი და იგივე პირს აღარ ექნება შესაძლებლობა, რომ დაიკავოს სამი თანამდებობა. წარმოდგენილი კანონპროექტით კი, სამწუხაროდ, იქმნება შესაძლებლობა, რომ ერთი და იგივე პირმა დაიკავოს როგორც კოლეგიის თავმჯდომარის, ისე სასამართლოს თავმჯდომარის, ისე იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობები. ჩვენ ასევე გთავაზობთ გაუქმდეს სამწლიანი გამოსაცდელი ვადა და მოსამართლეები შესაბამისი კონკურსის გავლის შემდეგ დაინიშნონ უვადოდ, დაზუსტდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა როგორც ქვედა, ისე ზედა ზღვარი, შეიქმნას თანაბარი პირობები იუსტიციის საბჭოში მოსამართლეების არჩევისათვის და, შესაბამისად, სასამართლოს თავმჯდომარეებს არ ჰქონდეთ საშუალება მოახდინონ დომინირება იუსტიციის საბჭოში“.

იურიდიულმა კომიტეტმა, როგორც ცნობილია, მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ ცვლილებებს და ამის მიზეზი 8 თებერვლის სესიაზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ასე ახსნა:

„პრეზიდენტის ვეტო არ ეხება ამ საკანონმდებლო პაკეტის იმ პრინციპულ შენიშვნებს, რომელზეც პარლამენტს, სასამართლოს, საზოგადოებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდათ და აქვთ დადებითი პოზიცია. ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტს ყველა მოუწოდებდა არ გაჭიანურებულიყო პროცესი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების გაძლიერებისათვის. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, როგორც იურისტისთვის, ამ საკითხზე ისევ მიბრუნება“.

პრეზიდენტის შენიშვნები გასათვალისწინებელი არ აღმოჩნდა არც უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, მამუკა მდინარაძისთვის:

„მათ არა აქვთ პასუხები, ვეტოს გაზიარების და ამ შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ რა უნდა მოხდეს პრაქტიკული თვალსაზრისით ან როგორ უნდა გაჯანსაღდეს სასამართლო სისტემა“.

პრეზიდენტის ვეტოს ემხრობა და მის შენიშვნებს იზიარებს საპარლამენტო ოპოზიცია. ფრაქცია „ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისთვის“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ხელისუფლება დემოკრატიული ინსტიტუტების შერყევას ცდილობს და ამის მაგალითია არა მხოლოდ სასამართლო სისტემა, არამედ „რუსთავი 2“-ის საქმე, საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებული პროცესები:

„ეს საკანონმდებლო პაკეტიც არის სასამართლო სისტემის მორგება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ინტერესებზე, რაც არის საშიში ჩვენი საერთაშორისო პრესტიჟისთვის და ქვეყნისთვის და რაც დააზიანებს ქართულ სახელმწიფოს, მის დემოკრატიულ ფუნდამენტს“.

თინათინ ბოკუჩავა
თინათინ ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინათინ ბოკუჩავას შეფასებით, პრეზიდენტი პროცესში დაგვიანებით ჩაერთო, „ქართულ ოცნებას“ კი, მისი სიტყვებით, არ სურს დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბება: „ნათელია, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ამ კანონის უზურპაციას“.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილისათვის კი ამ შენიშვნებში ყველაზე პრინციპული საკითხი ის იყო, თუ როგორ უნდა ხდებოდეს მოსამართლეების შერჩევა - იუსტიციის საბჭოს თუ მოსამართლეების მიერ. ინაშვილის თქმით, ის ენდობა იუსტიციის საბჭოს, როგორც ინსტიტუტს, მაგრამ არ ენდობა იუსტიციის საბჭოს მდივანს, ლევან მურუსიძეს.

8 თებერვალს პრეზიდენტის ვეტოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კახა სოფრომაძეც გამოეხმაურა. მან პორტალ „კვირის“ პრესკლუბში სტუმრობისას თქვა, რომ სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა ბოლომდეა მისაყვანი. სოფრომაძის აზრით, პრეზიდენტის შენიშვნები გასათვალისწინებელია, თუმცა ამ პროცესის შეფერხება რეფორმის მიმდინარეობას არ წაადგება.

საბოლოოდ, პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის იმ ვარიანტს, რომლის თანახმად,სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით, ამ ვადის გასვლამდე არა უადრეს 2 და არა უგვიანეს 1 თვისა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შედეგების ანალიზის საფუძველზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG