Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენეციის კომისიის წინასწარ გამჟღავნებული რეკომენდაციები


მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტის შინაარსი რამდენიმე დღეში უნდა გასაჯაროვდეს, - უფრო ზუსტად კი, 16 ივნისს ვენეციაში, კომისიის 111-ე პლენარულ სხდომაზე, - მედიაში უკვე გავრცელდა ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებული მთელი რიგი რეკომენდაციები და მას უკვე მოჰყვა უმრავლესობისა და ოპოზიციის შეფასებები. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, ინფორმაციით, დოკუმენტის შინაარსის წინასწარი გავრცელების გამო შეშფოთებულია ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი, ჯანი ბუკიკიო.

გადმოწერა

პარლამენტის თავმჯდომარისა და, ამასთანავე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა ჰქონდა მხოლოდ ორ სუბიექტს - პარლამენტის ხელმძღვანელობას და საქართველოს პრეზიდენტს. მისი სიტყვებით, სამწუხაროა, რომ ასეთი ინფორმაცია უმაღლეს დონეზე ჟონავს. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის განცხადებას მალევე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე:

„ხვალ კახეთში სეტყვა რომ მოვიდეს, შეიძლება ესეც მარგველაშვილს დაბრალდეს. მე მინდა გითხრათ, რომ ეს განცხადება არის ყველანაირ საფუძველს მოკლებული და, მეტსაც გეტყვით, სავარაუდოდ, ეს არის მცდელობა გადაიფაროს ვენეციის კომისიის დასკვნის საკმაოდ კრიტიკული შინაარსი“.

ე.წ. მუსოლინის ფორმულა ვენეციის კომისიაშიც არ მოსწონთ, ანუ კომისიამ დაიწუნა ბლოკის აკრძალვა, მაღალი, 5 %-იანინი, ბარიერი. გარდა ამისა, დაიწუნა ე.წ. ბონუსის სისტემა, რომელიც დომინანტურ პოზიციაში აგდებს პირველ ადგილზე გასულ პარტიას და არის პლურალიზმის შემზღუდავი...
გიორგი ტუღუში

თუკი ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტის რამდენიმე ასპექტზე შევჩერდებით, მაშინ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ასპექტზე - საარჩევნო ცვლილებებსა და გადაუნაწილებელ მანდატებზე. ეს ის ცვლილებაა, რომელმაც ოპოზიციის განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია. ანუ ახალი კონსტიტუცია კრძალავს ბლოკების ჩამოყალიბებას არჩევნების წინ იმ ფონზე, როდესაც უცვლელი რჩება 5 %-იანი საარჩევნო ბარიერი; იმ პარტიების ხმებს, რომლებიც ბარიერს ვერ გადალახავენ, მთლიანად გამარჯვებული პარტია მიიღებს. ეს ცვლილება ოპოზიციამ ბენიტო მუსოლინის სისტემას შეადარა. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი პროპორციული/მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩანაცვლება დადებითი ნაბიჯია, მაგრამ ფიქრობს, რომ სამი მექანიზმი ერთად (5%-იანი ბარიერის შენარჩუნება, 5%-ის ქვემოთ გაუნაწილებელი ხმების გამარჯვებულ პარტიაზე გადანაწილება და საარჩევნო ბლოკების გაუქმება) ზღუდავს პროპორციული სისტემის გავლენას უფრო მცირე პარტიებისა და პლურალიზმის საზიანოდ. ამიტომ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საარჩევნო ცვლილებების მიმართულებით ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ განხილული იყოს გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების ისეთი ვარიანტები, როგორიც არის: პირველი, პროპორციული განაწილება ყველა პოლიტიკურ პარტიაზე, რომელმაც არჩევნებში 5 %-იანი ბარიერი გადალახა; მეორე - არჩევნებში გამარჯვებული პარტიისთვის გაუნაწილებელი ხმების განაწილების ზღვარის დადგენა და მესამე - ბარიერის შემცირება 2-3 %-მდე.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე პასუხად, „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ტუღუში ამბობს:

„ე.წ. მუსოლინის ფორმულა ვენეციის კომისიაშიც არ მოსწონთ, ანუ კომისიამ დაიწუნა ბლოკის აკრძალვა, მაღალი, 5 %-იანინი, ბარიერი. გარდა ამისა, დაიწუნა ე.წ. ბონუსის სისტემა, რომელიც დომინანტურ პოზიციაში აგდებს პირველ ადგილზე გასულ პარტიას და არის პლურალიზმის შემზღუდავი“.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ჯერჯერობით მხოლოდ მედიის საშუალებით გაეცნო კონსტიტუციონალისტი, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის წევრი, ვახუშტი მენაბდე. ვენეციის კომისიის დასკვნები იმის თაობაზე, რომ არსებობს რისკი პარლამენტში უმრავლესობის დომინირებისა და რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ გათვალისწინებული იყოს შემაკავებელი და გამაწონასწორებელი სისტემის გაძლიერების შესაძლებლობა, ვახუშტი მენაბდის სიტყვებით, ცხადია, მოსალოდნელი იყო როგორც პირადად მისთვის, ისე საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის სხვა წევრებისთვისაც. მისი თქმით, ვენეციის კომისიის შენიშვნები, ფაქტობრივად, იდენტურია იმ შენიშვნებისა, რომლებიც კომისიის წევრებს უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული ვარიანტის მიმართ ჰქონდათ:

ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე

"კომისია გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი საარჩევნო სისტემა, რომ არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ხელში არ მოექცეს მთელი პოლიტიკური ძალაუფლება როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში, და მეორე საკითხი, ეს არის სასამართლოს წევრების და დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოების დაკომპლექტების წესი, რომ ამ ორგანოებში დანიშვნები მოხდეს იმგვარი წესით, რომ უმცირესობას ჰქონდეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს და გადამწყვეტი სიტყვა თქვას ორგანოების დაკომპლექტების დროს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობამ უმცირესობისგან დამოუკიდებლად ვერ უნდა დანიშნოს ისეთი თანამდებობის პირები, როგორიცაა, მაგალითად, პროკურორი, იუსტიციის საბჭოს წევრები, სახალხო დამცველი და სხვები. ვენეციის კომისიის რჩევაა, რომ ჩვენ უნდა შემოვიღოთ კვალიფიციური უმრავლესობა და ვიმედოვნებ, რომ ეს კვალიფიციური უმრავლესობა იქნება“.

კიდევ ერთი მწვავე თემა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობისას მუდმივად იდგა დღის წესრიგში და საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა, პრეზიდენტის არჩევის წესია. პროექტის თანახმად, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი უქმდება და მას საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომლის შემადგენლობაშიც შედის 300 ხმოსანი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლები. მედიაში გავრცელებული ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტის მიხედვით, დოკუმენტში წერია, რომ პრეზიდენტის ირიბი არჩევის სისტემის შემოღება, ზოგადად, შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, თუმცა მითითებულია ისიც, რომ ირიბ საარჩევნო სისტემაზე გადასვლამ არ უნდა გამოიწვიოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენილი პირის მუდმივი არჩევა.

ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტის შინაარსს მიესალმებიან როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარ აქცენტებს იზიარებს:

„ძირითადი პრინციპები, რაც იცვლება, ეს არის საარჩევნო სისტემა, ეს არის პრეზიდენტის არჩევის წესი, მათ შორის, უფლებამოსილების გამიჯვნა, ნდობის საკითხი, საპარლამენტო სისტემის გაძლიერება... ამ პრინციპებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას აქვს წინასწარ გამოხატული დადებითი მოსაზრებები“.

პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ კიდევ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობისას - მიმდინარე წლის დასაწყისში და შემდეგ უკვე სახალხო განხილვებზე - განაცხადა, რომ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასტურის გარეშე კონსტიტუციის ახალი პროექტიდან არც ერთი ნორმა არ დამტკიცდება. ვახუშტი მენაბდე გამოთქვამს იმედს, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად გაითვალისწინებს კომისიის რეკომენდაციებს, თუმცა, მისი თქმით, მათ ამის ვალდებულება არა აქვთ.

ამჯერად კონსტიტუციის ცვლილებების პროექტს, საყოველთაო-სახალხო განხილვების შემდეგ, პარლამენტში კომიტეტების სხდომაზე იხილავენ. ივნისშივე გაიმართება ორი მოსმენა პლენარულ სესიაზე, მესამე მოსმენის შემდეგ კი ის, საბოლოოდ, ოქტომბერში ან ნოემბერში დამტკიცდება. პრეზიდენტს უფლება აქვს ვეტო დაადოს დამტკიცებულ ახალ კონსტიტუციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG