Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გერმანია-ჰოლანდიის წინააღმდეგობა


საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის მისწრაფება ევროკავშირისკენ, შესაძლოა, „განხეთქილების ვაშლად“ იქცეს ბლოკის წევრ ქვეყნებს შორის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე, რომელიც 24 ნოემბერს, ბრიუსელში გაიმართება.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა შეძლო სამიტის დეკლარაციის პროექტის წაკითხვა და გვატყობინებს, რომ ტექსტში საკამათო ადგილების უმეტესობა ეხება ევროკავშირთან ჩამოთვლილი სამი სახელმწიფოს სამომავლო ურთიერთობას.

დოკუმენტი, რომელსაც ეწოდება „აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის ელემენტები“, ჯერჯერობით მხოლოდ ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის შედარებით დაბალი რანგის დიპლომატებმა განიხილეს. თუმცა, ვარაუდობენ, რომ მომავალ კვირებში ის გადაეგზავნება ევროკავშირში მისი წევრი ქვეყნების ელჩებს −ცვლილებების შესატანად და იმ საბოლოო სახის მისაღებად, რომელსაც სამიტის დღეს ხელს მოაწერენ ევროკავშირის ქვეყნებისა და მათი ექვსი აღმოსავლელი პარტნიორი სახელმწიფოს ლიდერები. საქართველოსთან ერთად, აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის წევრები არიან აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდავეთი, სომხეთი და უკრაინა.

რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი ესაუბრა რამდენიმე პირს, რომლებიც ჩართული არიან დისკუსიებში დეკლარაციის გარშემო, მაგრამ ღიად არ აქვთ პოზიციის გამოთქმის უფლება. მათი ინფორმაციით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მთავარ უთანხმოებას იწვევს კითხვა, დარჩეს თუ შეიცვალოს ინტონაცია, რომელიც ორი წლის წინ, რიგაში ჩატარებულ სამიტზე დამკვიდრდა.

რიგის დეკლარაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი (რომელიც ჯერჯერობით ახალ პროექტშიც მეორდება) შეიცავს წინადადებას, რომ „სამიტის მონაწილეები აღიარებენ პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს, როგორც ამას ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს“. ეს წინადადება ეხება საქართველოს, მოლდავეთსა და უკრაინას − ქვეყნებს, რომლებმაც ბოლო წლებში ევროკავშირთან გააფორმეს ასოცირების შეთანხმებები. თუმცა ეს წინადადება ჯერჯერობით ფრჩხილებშია მოთავსებული, რადგან ასეთი ფორმულირება არ აკმაყოფილებს ჰოლანდიასა და გერმანიას. მათ, სავარაუდოდ, სურთ, ის უფრო ნეიტრალური სიტყვებით ჩანაცვლდეს.

ივლისში, ევროკავშირ-უკრაინის სამიტის წინ, ჰოლანდია შეეწინააღმდეგა მსგავს ფორმულირებას, რის გამოც ვერ მოხერხდა საბოლოო ტექსტის მიღება. დიპლომატიური წყაროები მიიჩნევენ, რომ დისკუსია ევროკავშირის ლიდერებთან გადაინაცვლებს და მისი ბედი სამიტზე გადაწყდება. მათი აზრით, გერმანიის პოზიცია, 24 სექტემბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ან შერბილდება, ან გამკაცრდება.

მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ არსადაა ნახსენები, რუსეთი კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. დოკუმენტის პროექტის ერთ-ერთი წინადადება ასეთია: „მონაწილეები ხაზს უსვამენ, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის მიზანია საერთო დემოკრატიის, კეთილდღეობის, სტაბილურობისა და გაფართოებული თანამშრომლობის ერთობლივი სივრცის შექმნა“. თუმცა შემდეგ მოდის ფრჩხილებში ჩასმული ტექსტი, რომ პარტნიორობა „არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. იქ, სადაც სხვა პარტნიორებთან კავშირები ურთიერთობის გაფართოებას მოითხოვს, თანამშრომლობა მესამე ქვეყნებსაც შეიძლება გაეხსნათ.“ ეს არის მინიშნება როგორც რუსეთთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე, ისე მოსკოვის უკმაყოფილებაზე ევროკავშირის ჩართულობით რეგიონში, რომელსაც ის საკუთარ გავლენის სფეროდ მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG