Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერეკლე მეფის წერილები პატარა ქალიშვილისადმი


„თეკლა ბიჭსა, თეკლას, მამისა და დედის სიხარულს“, - ასე იწყება ერეკლე მეფის წერილი, რომელიც მან ხუთი წლის ქალიშვილს, თეკლა ბატონიშვილს, 1781 წლის დეკემბრის ბოლოს ერთ-ერთი ლაშქრობიდან მისწერა: „თეკლუნავ (?) ჩემო, შენი სიბრძნით სავსე წიგნი მომივიდა, რომლისგანაც შენ ხომ იცი და გონიერი ქალიცა ხარ, როგორც მიამებოდა და მაამებდა, მაგრამ უცხოს ოსტატობით და მდივნობით იყო შენი გარჯილობა, უფრო რომ არაბულს ხელს გემსგავსებინა, მეტის სიღრმისგან ვერა აღმოვიკითხეთ და ვერც არა შევიტყვეთ. შენთვის ახლა პირს კოცნა მომიხსენებია. ჩემ მაგიერად დედაშენმა გაკოცოს. ექვსი კარგი ბროწეული გამომიგზავნია, ხვალ ღვთით კიდევ ბევრს შაქრის ყინულს და ნუღლს და შაქარს გამოგიგზავნი და, თუ ღვთის ნება იქნება, ჩვენც წამოვალთ“.

წერილები მაღალი ხარისხის აღმოსავლურ ქაღალდზე ყავისფერი მელნითაა დაწერილი. 1781 წლით დათარიღებული წერილი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ, სავარაუდოდ, შვილის გასახარებლად, ერეკლე მეფემ მასზე აღბეჭდა ყველა სახელმწიფო ბეჭედი.

ეს წერილი არის ერთ-ერთი ერეკლე მეფის მიერ გაცემული იმ 1300 დოკუმენტიდან, რომელიც ეროვნული არქივის ძველი საბუთების დედნების კოლექციაში ინახება. ამ კოლექციაში ინახება ერეკლე მეფის კიდევ ერთი მოკითხვის წერილი თეკლასადმი, 1785 წელს მიწერილი: „ჩემო შინაგან გულის ნათელო, თეკლავ, შენს ლამაზ პირს კოცნას მოგახსენებ. თუ ჩემი თეკლა ხარ, ყველანი, ვინც შენნი იყვნენ, მომიკითხე და კიდევ აკოცე ჩემს მაგიერ ყველასა. ამხანად ვერა გამოგიგზავნე რა, ნუ დამემდურები“...

ორივე წერილი ავტოგრაფია, ანუ ერეკლე მეფის ხელითაა დაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ მეფეებს ჰყავდათ მდივან-მწიგნობრები და სწორედ ისინი წერდნენ მეფის სახელით წერილებსა და დოკუმენტებს, თეკლასადმი მიწერილი წერილები თავად მეფე ერეკლეს ეკუთვნის. თუ რომელი ლაშქრობებიდან სწერს მეფე ერეკლე ქალიშვილს წერილებს, ამის შესახებ ეროვნულ არქივში ცნობები არ არის დაცული, თუმცა, როგორც მანანა ჭუმბურიძე, ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილების უფროსი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, თუკი წერილების თარიღით ვიმსჯელებთ, პირველი წერილი, სავარაუდოდ, ლეკებთან ლაშქრობისას უნდა იყოს დაწერილი. რაც შეეხება მეორე წერილს, რომელიც 1785 წლითაა დათარიღებული, ამ წელს მეფე ერეკლემ რუსის ჯართან ერთად მიიღო მონაწილეობა რამდენიმე ბრძოლაში. ამავე წელს საქართველოს ომარ-ხანი დაესხა თავს: „წერილები მაღალი ხარისხის აღმოსავლურ ქაღალდზე ყავისფერი მელნითაა დაწერილი. 1781 წლით დათარიღებული წერილი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ, სავარაუდოდ, შვილის გასახარებლად, ერეკლე მეფემ მასზე აღბეჭდა ყველა სახელმწიფო ბეჭედი. მათ შორის ერთ-ერთი ბეჭედი კი არის ხუთენოვანი, რომელიც მხოლოდ ამ წერილზეა შემორჩენილი. სავარაუდოდ, ამ ბეჭდით ერეკლე ამოწმებდა საზღვარგარეთ გასაგზავნ წერილებს და ამიტომაც არ არის ის შემორჩენილი საქართველოში დაცულ დოკუმენტებზე. ბეჭედს ხუთ ენაზე - ქართულ, სომხურ, ბერძნულ, ლათინურ და სპარსულ ენებზე - აქვს წარწერა „ერეკლე“, - ამბობს მანანა ჭუმბურიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG