Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ხაზზე ოსური მხარე მავთულხლართებისა და ბანერების მონტაჟს გააგრძელებს


ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის მსვლელობისას ცნობილი გახდა, რომ სოფელ წითელუბანში საქართველოს მოქალაქე, 76 წლის ნიკოლოზ თვაური, რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს იმ დროს, როდესაც ის საკუთარ მიწის ნაკვეთში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს აწარმოებდა. დაკავებული ჯერ წინაგარის სამხედრო ბაზაზე და შემდეგ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. თვაურის დაკავების შესახებ ერგნეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ გააკეთა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ქემოკლიძე დღევანდელ შეხვედრაზე გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლებასაც ითხოვდა, რომელსაც ცხინვალის სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გიუნაშვილი გასული წლის ივნისში სოფელ დისევთან ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, მაგრამ მოგვიანებით დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობის ბრალდება წაუყენეს. ქართული მხარე ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს რთავს. ერგნეთში დაკავებულის ძმას ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლები შეხვდნენ. რევაზ გიუნაშვილის თქმით, მათ დაკავებულის მდგომარეობა აინტერესებდათ.

ერთადერთი საკითხი, რაზეც მხარეები დღეს შეთანხმდნენ, ახლო მომავალში ოჯახის წევრების მიერ გიუნაშვილის ცხინვალის ციხეში მონახულება იქნება. გარდა ამისა, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა, დავით სანაკოევმა, კიდევ ერთხელ გააფრთხილა საქართველოს მოქალაქეები, რომ სასაზღვრო ბანერებს არ მიუახლოვდნენ, საქართველოს მთავრობას კი სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის შექმნისკენ მოუწოდა. მისი აზრით, ეს საკითხი საბოლოოდ მოაგვარებს კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემებს:

„ჩვენი მხარე გააგრძელებს ცალმხრივ რეჟიმში საზღვრის გამაგრებას. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ ქართულ მხარეს ერთობლივად ჩაგვეტარებინა საზღვრის დემარკაციის პროცესი, რაზეც უარი მივიღეთ. მე მოვუწოდებ საზღვრისპირა დასახლებული ტერიტორიების მოქალაქეებს, არ გადაკვეთონ ის ადგილები, სადაც დაყენებულია მწვანე საინფორმაციო ბანერები, რათა არ მოხდეს მათი დაკავება. რაც შეეხება იმ ადგილებს, სადაც საზღვარი არ არის დადგენილი, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ერთობლივად იქნეს გადაწყვეტილი ეს საკითხები. რაც შეეხება გიუნაშვილს, ის გადაყვანილია საერთო კოლონიაში. მას შეხვდნენ წითელი ჯვრის წარმომადგენლები. როგორც ჩვენ გავიგეთ, მისი ნახვის სურვილი გამოთქვეს მისმა ნათესავებმა. უახლოეს დროში ჩვენ გადავწყვეტთ ამ საკითხს“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კახაბერ ქემოკლიძის, თქმით, სწორედ ოსური მხარე უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას გადააგილების პრობლემას და მათ უფლებებს არღვევს, მან ოსურ მხარეს დღესვე წარუდგინა დოკუმენტური მასალა ცოტა ხნის წინ დაკავებული ამირან გუგუტიშვილის მდგომარეობის შესახებ - მას ტვინის შერყევა აქვს. ოსური მხარე გუგუტიშვილის ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ რუსეთის მესაზღვრეებმა უკვე დაშავებული გადასცეს ოსურ მხარეს.

მხარეები ვერ შეთანხმდნენ საოკუპაციო გამყოფ ხაზთან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების უსაფრთხოების საკითხებზე. სანაკოევის აზრით, შემოდგომამდე ეს საკითხი მოგვარდება და მოსახლეობას მოსავლის აღების პრობლემა არ შეექმნება. ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 4 აპრილს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG