Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისარი: მოხარული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები მალე შეძლებენ უვიზოდ მოგზაურობას


დიმიტრის ავრამოპულოსი
დიმიტრის ავრამოპულოსი

დღეს გამოქვეყნდა ევროკომისიის მეოთხე და საბოლოო ანგარიშში “სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის” საქართველოს მიერ შესრულების შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველომ სრულად შეასრულა პროცესის მეორე ფაზის ფარგლებში დასახული ამოცანები. ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის მიგრაციის კომისარი, დიმიტრის ავრამოპულოსი, საქართველოს თაობაზე შემდეგი განცხადებით გამოვიდა: „პროგრესის შესახებ ანგარიშის პოზიტიური შეფასების შემდეგ და ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობების მთლიანობაში გათვალისწინებით ჩვენ 2016 წლის დასაწყისში გამოვალთ საკანონმდებლო ინიციატივით ვიზების მოხსნის შესახებ საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ბიომეტრული პასპორტები აქვთ. ეს მოხდება შესწორების შეტანით ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეების შესახებ რეგულაციებში. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრული პასპორტები აქვთ, ამის შემდეგ მოეხსნებათ ვიზის ქონის მოთხოვნა შენგენის გარეთა საზღვრის გადაკვეთისას, მოკლევადიანი ვიზიტების დროს. მოხარული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ბიომეტრულ პასპორტს ფლობენ, მალე შესძლებენ შენგენის ზონაში ვიზის გარეშე მოგზაურობას მოკლე ვიზიტებისთვის“. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ევროკავშირმა საქართველოს 2013 წელს წარუდგინა. გეგმა მოიცავდა დეტალურ მოთხოვნებს, რომლებიც ქვეყანას უნდა დაეკმაყოფილებინა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის მოსაპოვებლად. მოთხოვნები ეხებოდა დოკუმენტების უსაფრთხოებას, საზღვრის და მიგრაციის მართვას, მობილობას და თავშესაფარს, ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ადამიანის უფლებების და უმცირესობების დაცვას და სხვა. ევროპის კომისია სავარაუდოდ 2016 წლის დასაწყისში გამოვა ვიზების მოხსნის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც შემდეგ ევროპარლამენტი და ცალკეული წევრი ქვეყნები დაამტკიცებენ. საქართველო იმედოვნებს, რომ პროცესი 2016 წლის შუა პერიოდისთვის დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG