Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რით არის ევროკავშირის ეს სამიტი მნიშვნელოვანი?


გასულ კვირაში ევროპის კომისიამ გასცა რეკომენდაციები, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს, საქართველომ კი რამდენიმე პირობა უნდა შეასრულოს, სანამ ევროკავშირი მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავდეს.

23-24 ივნისს ბრიუსელის სამიტზე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნების ლიდერები განიხილავენ წევრობაზე ამ სამი ქვეყნის განაცხადს. მაგრამ ამ მნიშვნელოვანი მოვლენების გარდა არის სხვა საკვანძო მნიშვნელობის საკითხები, რომლებისთვისაც ღირს თვალის მიდევნება.

კანდიდატობის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას... მაგრამ საქართველოს ჯერ არა

ყველაფერი იმას მეტყველებს, რომ ევროკავშირის ლიდერები მოიწონებენ ევროკომისიის მიერ გასულ კვირაში წარდგენილ რეკომენდაციებს. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა და მოლდოვა 23 ივნისს საღამოს მიიღებენ კანდიდატების სტატუსს, მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანების

გზაზე შემდგომი წინსვლისთვის მათ გარკვეული პირობები ექნებათ შესასრულებელი. თავის მხრივ, საქართველომ, ჯერ პირობები უნდა შეასრულოს და ამის შემდეგ შეიძლება მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

როგორც ევროკავშირის სამიტის პროექტი მეტყველებს, რომლის გაცნობაც შეძლო რადიო თავისუფლებამ, მასში ყველაზე საინტერესოა წინადადება, რომელიც უკრაინასა და მოლდოვას ეხება:

„[ევროპული] საბჭო შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს მას შემდეგ, რაც სრულად შესრულდება ეს პირობები.“

ნიშნავს ეს, რომ პირობების შესრულების შემდეგ უკრაინა და მოლდოვა მზად იქნებიან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, თუ შემდგომ ნაბიჯებამდე მათ კიდევ სხვა პირობებსაც წაუყენებენ?

თუ მეორე პასუხია სწორი, მაშინ ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს და თან დამატებით პირობებსაც დააწესებს, ასე რომ, უკრაინა და მოლდოვა უცნობ ტერიტორიაზე აღმოჩნდებოდნენ.

კვლავ სავარაუდო იმედგაცრუება დასავლეთ ბალკანეთისთვის

მაშინ, როცა ევროკავშირის ლიდერები, სავარაუდოდ, ისტორიულ ნაბიჯს გადადგამენ და განაცხადებენ, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო მომავალში ბლოკის ნაწილი გახდებიან, დასავლეთ ბალკანელებისთვის ეს სამიტი შეიძლება კიდევ ერთი იმედგაცრუება იყოს.

დიდი სამიტის წინ, 23 ივნისს, გაიმართება დასავლეთ ბალკანეთის საკითხებისადმი მიძღვნილი შეხვედრა, რომელზეც ალბანეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, კოსოვოს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სერბეთის ლიდერები ბრიუსელში შეხვდებიან თავიანთ კოლეგებს ევროკავშირიდან.

ჩრდილოეთი მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, სერბეთი და თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური კანდიდატები არიან. ბოსნია და კოსოვო მხოლოდ შესაძლებელი კანდიდატები არიან.

21 ივნისს ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ იკითხა, საერთო აზრი თუ აქვს მათ ჩასვლას, თუკი შეხვედრა დასრულდება მორიგი მობოდიშებით, ისევე, როგორც სხვა მსგავსი შეხვედრები, როცა ბრიუსელი მათ არავითარი ნუგბარით არ გამასპინძლებია. ამის შემდეგ რამამ დაადასტურა, რომ შეხვედრაზე ჩავიდოდა, თუმცა ბალკანელ პრეტენდენტებს შორის განწყობილება ვერ არის მთლად სასიხარულო.

ჯერაც არის შანსი, რომ მაკედონიამ და ბულგარეთმა მოახერხონ უთანხმოების მოგვარება სამიტამდე ან სამიტზე, რათა სკოპიემ ალბანეთთან ერთად შეძლოს მწვანე შუქის მიღება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის.

მაგრამ ბოსნია-ჰერცეგოვინა არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ვინაიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში მას არ გაუტარებია საკმარისი რეფორმები. როგორც ჩანს, არ მართლდება კოსოვოს იმედები სავიზო ლიბერალიზაციის თაობაზე, თუმცა შესაძლოა პოლიტიკური პროცესის დაწყების ნიშნები მოგვიანებით, შემოდგომაზე გაჩნდეს.

მაკრონის ახალი პოლიტიკური თანამეგობრობა

ამ სამიტზე ბევრი საუბარი იქნება ევროკავშირის გაფართოებაზე, მაგრამ შეცდომა არ დაუშვათ - კლუბის წევრთა რაოდენობის გაზრდის იდეა ჯერაც იწვევს ზოგიერთი ქვეყნის უარყოფით რეაქციას, განსაკუთრებით ევროკავშირის დასავლეთ ნაწილში.

ამიტომაც აპირებენ ევროკავშირის ლიდერები, 23 ივნისს ვახშამზე ისაუბრონ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ამასწინანდელ იდეაზე ევროპის ახალი პოლიტიკური თანამეგობრობის შესახებ.

საფრანგეთის სადისკუსიო დოკუმენტი, რომელიც გასულ კვრაში გავრცელდა ბრიუსელში, შეიცავს მოწოდებას, შეიქმნას გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე ახალი პოლიტიკური ორგანო, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე შეიკრიბებოდა სხვადასხვა პოლიტიკურ დონეზე და ღია იქნებოდა ევროპული სახელმწიფოებისთვის, „რომლებიც დემოკრატიული ღირებულებების საერთო ერთობლიობას იზიარებენ.“

მაშინ, როცა პარიზი მთელი ძალით ცდილობს ახსნას, რომ ეს ახალი ქმნილება არ შეცვლის ევროკავშირს, ზოგი ქვეყანა შიშობს, რომ უკრაინა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები სამუდამოდ ჩარჩებიან ერთგვარ ევროკავშირის „შუაგზის სახლში“.

ამ საკითხზე აზრთა მწვავე გაცვლა-გამოცვლას უნდა ველოდეთ, განსაკუთრებით იმის გამო, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს მძიმე დღე დაადგა გასული კვირის საპარლამენტო არჩევნებში და, შესაძლოა, ძალზე ესწრაფვის კომპრომისებს.

რუსეთის შესახებ იდეები ამოიწურა

გასაგებია, რომ სამიტის უდიდესი ნაწილი მიეძღვნება რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. მაგრამ როგორც ბრიუსელში, ისე მის ფარგლებს გარეთ არის მკაფიო განცდა, რომ ევროკავშირს ახალი იდეები უმთავრდება.

გაისმება მოწოდება, კიდევ უფრო გაიზარდოს კიევისთვის სამხედრო დახმარება და უკრაინას მიეცეს ფინანსური დახმარების კიდევ ერთი პაკეტი 9 მილიარდი ევროს ოდენობით.

როცა ლაპარაკია მარცვლეულზე, რომელიც ოდესის პორტშია გაჩერებული რუსეთის საზღვაო ბლოკადის გამო, ბრიუსელში ჯერ კიდევ ბევრსა აქვს იმედი, რომ გაეროს გენერალური მდივანი მოახერხებს ამ პრობლემის მოგვარებას.

რაც შეეხება მოსკოვის ხმამაღალ მუქარას ლიეტუვის მისამართით, რომელმაც უკარი თქვა კალინინგრადის ექსკლავში იმ ტვირთების გატარებაზე, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება, ჯერაც გრძელდება დისკუსიები იმის თაობაზე, შევა თუ არა სამიტის დასკვნით დეკლარაციაში ვილნიუსისადმი რაიმე წერილობითი მხარდაჭერა.

სანქციებთან დაკავშირებითაც კი აშკარა დაღლილობა შეინიშნება ბრიუსელის ძალაუფლების დერეფნებში. მას შემდეგ, რაც გაჭირვებით იქნა მიღებული სანქციების წინა პაკეტი, რომელიც რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივ ემბარგოსაც გულისხმობს, ამ სამიტის დეკლარაციის პროექტი ძალზე ზოგადი ხასიათისაა: „გაგრძელდება მუშაობა სანქციებზე, მათ შორის მათ მათი დანერგვის გაძლიერებაზე და გვერდის ავლისთვის ხელის შეშლაზე.“

მაშინ, როცა ზოგიერთი უფრო მეტ და უფრო ღრმა სანქციებს მოითხოვს, ევროკავშირის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა, დაღლილი იერით მითხრა, რომ „ახლა მხოლოდ გაზისა და ბირთვული ენერგიის [წინააღმდეგ სანქციებიღა] დაგვრჩა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად რთული იყო ნავთობზე შეთანხმება და თუ შევხედავთ სწრაფ ინფლაციასა და ენერგიის მზარდ ფასებსაც, ვფიქრობ, შეიძლება არ ვიყოთ ამისთვის მზად.“

XS
SM
MD
LG