Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მსჯელობს, რუსეთი იმედოვნებს


31 ივლისს იწურება რუსეთისათვის დაწესებული საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების ვადა, რაც ზუსტად ორი წლის წინ შევიდა ძალაში მოსკოვის მიერ უკრაინის ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული სეპარატისტების მხარდაჭერის გამო. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე 26 მაისს განაცხადა, რომ ეკონომიკური სანქციების რეჟიმი უნდა შენარჩუნდეს. თუმცა ანტირუსული სანქციების საკითხში ევროკავშირის შიგნით არსებობს მოწინააღმდეგეთა ბანაკიც.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების კიდევ ერთი წლით გაგრძელებას ევროკავშირში მოწინააღმდეგეები ჰყავს იტალიის, საბერძნეთის, კვიპროსის, უნგრეთისა და ბულგარეთის სახით. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა 26 მაისს, ვილნიუსში ყოფნისას. ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის თქმით, ამ წინააღმდეგობის გამო ბრიუსელში რთული იქნება საერთო პოზიციის შემუშავება, თუმცა შტაინმაიერმა ისიც დასძინა, რომ „ევროკავშირი ვერ დახუჭავს თვალს მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ ევროპის დესტაბილიზაციის ფაქტზე“.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შენარჩუნების საკითხში მოკავშირეთა შორის გარკვეული უთანხმოების არსებობას ადასტურებს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტიც, თუმცა დონალდ ტუსკი დარწმუნებულია, რომ სულ მალე ევროკავშირი საერთო გადაწყვეტილებამდე მივა:

„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ევროკავშირს რაც შეეხება, ჩვენ მზად ვართ შევინარჩუნოთ სანქციები და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროკავშირის საბჭოს ივნისის სხდომის დროს ლიდერებს შორის ნამდვილად არ გახდება საჭირო საგანგებო დისკუსია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში ჩვენ დიდი დავის გარეშე შევძლებთ სანქციების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას“.

31 ივლისს იწურება რუსეთისათვის დაწესებული საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების ვადა, რაც ზუსტად ორი წლის წინ შევიდა ძალაში მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული სეპარატისტების მხარდაჭერისათვის. აღმოსავლეთ უკრაინაში გარკვეულმა სიმშვიდემ დაისადგურა საერთაშორისო შუამავლობით მინსკში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმებების ძალაში შესვლის გამო, თუმცა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ მიღწეული პროგრესი იმდენად მცირეა, რომ სანქციების გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია:

„ორი წლის წინ, როდესაც უკრაინაში კონფლიქტმა იფეთქა, „დიდმა შვიდეულმა“ ევროპასთან ერთიანობის დემონსტრირება მოახდინა და ჩვენ ამ კონფლიქტთან მიმართებაში დღემდე ერთიანი ვართ. ევროკავშირს, ისევე როგორც მთლიანად „დიდ შვიდეულს“, კვლავაც სჯერა, რომ კრიზისის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და, განსაკუთრებით, კანონით ნაკისრი იმ ვალდებულების დაცვით, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის პატივისცემას ემყარება. მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ რუსეთის მიმართ ჩვენი დაპირისპირება - მათ შორის, ეკონომიკური სანქციები - უცვლელი დარჩება მანამ, სანამ ბოლომდე არ შესრულდება მინსკის შეთანხმება. სამწუხაროდ, ამ შეთანხმების შესრულების მხრივ უფრო ნაკლები წინსვლა გვაქვს, ვიდრე ერთი წლის წინ „დიდი შვიდეულის“ ელმაუს სამიტის დროს ვიმედოვნებდით“.

თუმცა კრემლი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის მოუგვარებელი პრობლემები არ არსებობს. ვლადიმირ პუტინი „ცალ კარში თამაშის მანკიერ ლოგიკაზე“ უარის თქმას მიიჩნევს პარტნიორული ურთიერთობის რეჟიმში დაბრუნების პირობად და ბრიუსელს ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას ურჩევს. ამის შესახებ პუტინი წერს ბერძნული გაზეთ „კატიმერინის“ სვეტში, რომელიც საბერძნეთში თავისი ვიზიტის წინ გამოაქვეყნა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG