Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა წონა აქვს ევროპარლამენტარების კრიტიკას?


დავით უსუფაშვილი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე
დავით უსუფაშვილი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე
ევროპელი პარლამენტარების ერთი ჯგუფის მწვავე განცხადებები, რაც შერჩევით სამართალსა და პოლიტიკურ დევნას უკავშირდება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გარკვეულ გაღიზიანებას იწვევს. თუმცა ამ შემთხვევაშიც გაღიზიანება ძირითადად პოლიტიკური ოპონენტებისკენ არის მიმართული. რა უდევს საფუძვლად ევროპარლამენტარების კრიტიკას, უშლის თუ არა ეს ხელს საქართველოს ევროპასთან დაახლოებას და რამდენად ადეკვატურია თბილისის რეაქცია?

როდესაც პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და შერჩევით სამართალზე ლაპარაკობენ, ევროპარლამენტარების ერთ ნაწილს ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ვანო მერაბიშვილის - დაპატიმრების მაგალითი მოჰყავს. ასე იყო ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ორშაბათს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მასპინძლობდნენ. საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვას მწვავე შეფასებები და შეკითხვები მოჰყვა. რამდენიმე ევროპელმა დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში მოხდა იგივე, რაც იულია ტიმოშენკოს დაჭერით - უკრაინაში. კრიტიკოსებს შორის იყო, მაგალითად, იაცეკ სარიუშ-ვოსკიც - ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი, ევროპარლამენტის წევრი პოლონეთიდან, რომელიც თვლის, რომ ახალი ხელისუფლების ქმედებები საქართველოს ევროპული არჩევანისგან აშორებს და რომ შესაძლოა ქვეყანას პრობლემები შეექმნას ვილნიუსის სამიტის წინ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით:

”საქართველოს მთავრობა დაადგა შერჩევითი სამართლის სახიფათო გზას, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას და ოპონენტების დევნას. სახეზე გვაქვს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მერაბიშვილის საქმე. ვფიქრობ, უკვე გადაილახა წითელი ხაზი, ისევე როგორც უკრაინაში.”

ბატონმა ვოსკიმ მომცა შესანიშნავი მაგალითი, თუ რა არის პოლიტიკურად მოტივირებული შერჩევითი სამართალი - როცა ჩვენ ვამბობთ მხოლოდ იმას, რაც გვინდა... ეს არის და ეს...
დავით უსუფაშვილი
იაცეკ სარიუშ-ვოსკი იყო ერთადერთი ევროპარლამენტარი, რომელსაც ადგილზევე შეედავა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. მან თქვა, რომ პოლონელი დეპუტატის ქმედება განსახიერებაა იმისა, რასაც ის თითქოს გმობს საქართველოში:

”ბატონმა ვოსკიმ მომცა შესანიშნავი მაგალითი, თუ რა არის პოლიტიკურად მოტივირებული შერჩევითი სამართალი - როცა ჩვენ ვამბობთ მხოლოდ იმას, რაც გვინდა... ეს არის და ეს. შერჩევითი პოლიტიკური სამართალი მხოლოდ საქართველოში არ შეიძლება გამოვლინდეს. ის შეიძლება იყოს ასევე სხვაგანაც”.

იმის გამო, რომ მწვავე შეკითხვები და შეფასებები ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე პარტიის - ევროპის სახალხო პარტიის -წარმომადგენლებისგან მოდიოდა, პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველ ჟურნალისტებს საკომიტეტო მოსმენის შემდეგ უთხრა, რომ მისთვის გასაკვირი არაფერი მომხდარა:

”რამდენიმე პიროვნება ევროპის სახალხო პარტიიდან აგრძელებს თავის ქმედებებს ისე, როგორც დღემდე მუშაობდნენ. ქართველი მაყურებლისთვის რომ გასაგები იყოს, თუ რაზეა საუბარი, ”ევროპელი კანდელაკები” - მაგალითად, ასე შემიძლია ისინი დავახასიათო. ანუ ისეთივე მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის, როგორიც საქართველოშია, მაგალითად, ბატონი გიორგი კანდელაკი. ასეთი ხალხი ევროპაშიც არის”.

დასანანია, რომ „ქართული ოცნება“ კრიტიკის გასამართლებლად ეძებს რაღაც შეთქმულებას, რაღაც სიცრუეს და ასე შემდეგ... გამკვირვებია, რომ ამ ადამიანთა რიგებში ჩაეწერა პარლამენტის თავმჯდომარეც, ვინც ცდილობს ამ ინფანტილური არგუმენტებით გაამართლოს ეს კრიტიკა...
გიორგი კანდელაკი
ადვილი მისახვედრია, რომ კოლექტიური სახელი - ”ევროპელი კანდელაკები” - უკავშირდება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს, დეპუტატ გიორგი კანდელაკს, რომელსაც სხვადასხვა დროს არაერთხელ დაბრალდა უცხოელი პოლიტიკოსებისა თუ დიპლომატების მოტყუება. ის თვლის, რომ ზოგადად, კრიტიკის მიმართ ინფანტილური დამოკიდებულება და შეთქმულების ძიება დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმებისთვის ან დიქტატორული ინსტინქტების მქონე პოლიტიკური ძალებისთვის:

”დასანანია, რომ „ქართული ოცნება“ კრიტიკის გასამართლებლად ეძებს რაღაც შეთქმულებას, რაღაც სიცრუეს და ასე შემდეგ... გამკვირვებია, რომ ამ ადამიანთა რიგებში ჩაეწერა პარლამენტის თავმჯდომარეც, ვინც ცდილობს ამ ინფანტილური არგუმენტებით გაამართლოს ეს კრიტიკა. რა თქმა უნდა, გამოჩნდებიან ის ადამიანები ჩვენს საზოგადოებაში, ვინც მზად არის, რომ ეს სისულელე და ასეთი ინფანტილური დამოკიდებულება დაიჯეროს. მაგრამ ეს არის, უბრალოდ, აბსურდი და ამით საკუთარ თავს აყენებს - მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე - ძალიან სერიოზულ ზიანს”.

გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ, თუკი კრიტიკას ჯანსაღად არ აღიქვამს და შეცდომების გამოსწორებაზე არ იზრუნებს, სავსებით შესაძლებელია, რომ ”ქართულმა ოცნებამ” სერიოზული პრობლემები შეუქმნას საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესს და რომ სწორედ საქართველოს ინტერესებით არის განპირობებული ევროპარლამენტარების მეტად მწვავე, მაგრამ კეთილგანწყობილი კრიტიკა. თუმცა, ბრიუსელში გამართული შეხვედრების კვალდაკვალ, პარლამენტის თავმჯდომარე თვლის, რომ ვილნიუსის სამიტის წინ ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული პროცესები საქართველოსთვის სასიკეთოდ ვითარდება. რაც შეეხება დამნაშავეთა დასჯას ან პატიებას, დავით უსუფაშვილმა აუხსნა ევროპარლამენტარებს, რომ ყოფილი თანამდებობის პირობა ”ქართულ ოცნებას” იმუნიტეტად არ მიაჩნია და რომ ის იგნორირებას ვერ გაუკეთებს წინა ხელისუფლების მიერ დაზარალებული ხალხის მტკიცე ნებას სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG