Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტი ბაქოსა და თბილისს პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს შეახსენებს


15 ივნისს სტრასბურგში ევროპარლამენტმა დაამტკიცა საგანგებო რეზოლუცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარები გმობენ მედიის წარმომადგენელთა დევნას და ითხოვენ, რომ ბაქომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს 29 მაისს თბილისიდან გატაცებული ჟურნალისტი, რომელსაც საზღვრის უკანონო გადაკვეთა და კონტრაბანდა ედება ბრალად. რეზოლუციაში, სახელწოდებით „მუხთარლის საქმე და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობა“, არაერთხელ არის ნახსენები საქართველო და, დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატის მონათხრობზე დაყრდნობით, აღნიშნულია, რომ გამტაცებლები საქართველოს კრიმინალური პოლიციის უნიფორმაში იყვნენ გამოწყობილი. აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით 15 ივნისს სტრასბურგში გამართულ დებატებში მონაწილეობა მიიღო 20-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა. ისინი ბაქოსა და თბილისს ობიექტური და სრულფასოვანი გამოძიებისკენ მოუწოდებენ. ხუთშაბათს ევროპარლამენტართა ნაწილი მოითხოვდა რეზოლუციის დამტკიცების გადადებას, რათა ხელი არ შეშლოდა ევროკომისარ იოჰანეს ჰანის ვიზიტს ბაქოში, რომელიც 16 ივნისს უნდა შედგეს.

რეზოლუციის ტექსტის თანახმად, საქართველო, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამზიარებელი ქვეყანა, ვალდებულია მისცეს დაცულობის გარანტია მის ტერიტორიაზე მცხოვრებ აზერბაიჯანელებს და არ დაუშვას მათი ნებისმიერი სახის იძულებითი დაბრუნება თავიანთ სამშობლოში. თუმცა აქვე მითითებულია ისიც, რომ სულ უფრო გახშირებულია შემთხვევები, როდესაც საქართველო აზერბაიჯანის მოქალაქეებს უარს ეუბნება ბინადრობის ნებართვის გახანგრძლივებაზე.

ყველაზე საშინელი ჟურნალისტ აფგან მუხთარლის შემთხვევაში არის ის, რომ უსამართლო მართლმსაჯულება არა მხოლოდ აზერბაიჯანში მუშაობს, არამედ მისი ხელი საქართველომდეც სწვდება... და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შემთხვევა მთლიანობაში იქნეს გარკვეული...
რებეკა ჰარმს

აფგან მუხთარლის საქმე ევროპარლამენტის რეზოლუციაში განხილულია როგორც კიდევ ერთი გამოვლინება აზერბაიჯანში დამკვიდრებული პრაქტიკისა, რომ ხელისუფლების მიერ იდევნებიან ბაქოს მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები და მათ სხვადასხვა სახის საფრთხე ემუქრებათ. მუხთარლის შემთხვევაში რეზოლუციის ტექსტში ვხვდებით სიტყვას „გატაცება“ და, ადვოკატის მონათხრობზე დაყრდნობით, ლაპარაკია საქართველოს პოლიციის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობის შესახებაც. ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას ასეთი შინაარსის ეჭვების გამოძიებისკენაც მოუწოდებენ.

„ყველაზე საშინელი ჟურნალისტ აფგან მუხთარლის შემთხვევაში არის ის, რომ უსამართლო მართლმსაჯულება არა მხოლოდ აზერბაიჯანში მუშაობს, არამედ მისი ხელი საქართველომდეც სწვდება... და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შემთხვევა მთლიანობაში იქნეს გარკვეული და ამ საკითხთან დაკავშირებით დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში“, - ეს აზრი გერმანელმა ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა ხუთშაბათს აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებული რეზოლუციის დამტკიცებამდე გამართული დებატების ფარგლებში გამოთქვა.

ზოგადად, მოწოდება ობიექტური და საფუძვლიანი გამოძიების თაობაზე ლაიტმოტივია როგორც რეზოლუციის ტექსტში, ასევე ევროპარლამენტართა გამოსვლებში. ტექსტში მოხვდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებაც და ის თავის გამოსვლაში ფინელმა ევროპარლამენტარმა ჰაიდი ჰაუტალამაც გაიხსენა:

„ნათელია, რომ ეს არის გაუთვალისწინებელი, უპრეცედენტო საქმე, რომელიც შეეხება ორ მეგობარ ქვეყანას, ევროკავშირის ორ მეზობელს აღმოსავლეთში ... და როგორც იუწყებიან, მოხდა (აფგან მუხთარლის) გატაცება დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიიდან... მე აბსოლუტურად მესმის საქართველოს პრეზიდენტის, მარგველაშვილის, განცხადება, რომ ეს არ არის მხოლოდ ადამიანის უფლებებისა და მედიის მხარდაჭერის საკითხი, არამედ ეს შეეხება, ასევე, საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვას“.

ლიტველი ევროპარლამენტარის, პეტრას ავსტრევიჩიუსის, თქმით, არავის სჭირდება და, მით უმეტეს, არც აზერბაიჯანში სჭირდებათ მოჩვენებითი დემოკრატია და თუკი მუხთარლი არ იქნება გათავისუფლებული და მისი საქმე ობიექტურად არ იქნება გამოძიებული როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში, ევროკავშირთან ურთიერთობებს, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს:

„ბაქო და თბილისი უნდა იყვნენ პარტნიორები გამოძიების პროცესში და ჩვენ უნდა მივიღოთ ყველა და საბოლოო ინფორმაცია ამ საქმის თაობაზე. სხვა შემთხვევაში, არსებობს ბევრი ეჭვი სამომავლო პარტნიორობასთან დაკავშირებით“.

ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუცია მუხთარლის საქმეზე
please wait

No media source currently available

0:00 0:03:09 0:00

ევროპარლამენტის რეზოლუცია ბაქოს აფგან მუხთარლის უპირობო და სწრაფი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, ხოლო საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის პროცესში გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი, რათა აფგან მუხთარლი თავის ოჯახს დაუბრუნდეს.

15 ივნისს გამართული დებატების ფარგლებში, ევროპარლამენტართა ნაწილი მოითხოვდა აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებული რეზოლუციის დამტკიცების გადადებას ევროკომისარ იოჰანეს ჰანის ბაქოში ვიზიტის გამო. როგორც ისინი აცხადებდნენ, ეს იყო თავად ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის, თხოვნა, რათა არ გართულებულიყო მისი მოლაპარაკებები აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან. თუმცა ევროპარლამენტართა დიდმა ნაწილმა ეს არ გაითვალისწინა და მხარი არ დაუჭირა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საგანგებო მნიშვნელობის მქონე დოკუმენტის დამტკიცების გადადებას.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG