Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიისადმი ნდობის კრიზისი „პოსტ-სიმართლის“ ეპოქაში


„მეათე სტუდიაში“ ვაგრძელებთ საუბარს „პოსტ-სიმართლის“ ეპოქისა და მისი თანმხლები საფრთხეების შესახებ. გასული კვირის გამოშვებაში შემოგთავაზეთ ინტერვიუ თბილისში მოღვაწე ბრიტანელ ჟურნალისტთან, ონიკ ჯეიმს კრიკორიანთან, რომელმაც ილაპარაკა „გამოგონილი ამბების“ საფრთხეებზე და მათი დაძლევის გზებზე. არსებობს თუ არა კონსენსუსი იმაზე, თუ რას ვუწოდებთ „გამოგონილ ამბავს“ და რა ტიპის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ ანალიტიკოსები, როდესაც ტრადიციული მედიის სანდოობის კრიზისზე მიუთითებენ?

გადმოწერა

თუ თვალყურს ადევნებთ ბოლო პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ დისკუსიებსა და პოლიტიკოსების საჯარო გამოსვლებს, არაერთხელ მოისმენდით მსჯელობას „გამოგონილი ამბის“ ცნებაზე. ამ საკითხს შეეხო აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა თავის გამოსამშვიდობებელ გამოსვლაში და ეს სიტყვა რამდენჯერმე ახსენეს დონალდ ტრამპის 11 იანვრის პრესკონფერენციაზეც. „ყალბი ამბებით“ გამოწვეულ საფრთხეზე მიუთითა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე დემოკრატმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმაც 8 დეკემბერს, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე:

„შარშან სოციალურ მედიას ეპიდემიასავით მოედო ბოროტი გამოგონილი ამბები და სიყალბის პროპაგანდა. ახლა უკვე ნათელია, რომ ე.წ. „გამოგონილი ამბები“ გავლენას ახდენს მსოფლიო მოვლენებზე. საქმე არ ეხება მხოლოდ პოლიტიკას ან მიკერძოებას. საფრთხის წინაშე აღმოჩნდა სიცოცხლე - რიგითი ადამიანების სიცოცხლე, იმ ადამიანებისა, რომლებიც თავიანთი საქმიანობით საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ზრუნავენ.“

სოციალურ მედიას ეპიდემიასავით მოედო ბოროტი გამოგონილი ამბები და სიყალბის პროპაგანდა.
ჰილარი კლინტონი

ვიდრე განვიხილავთ იმას, თუ რატომ ილაშქრებენ ასე მძაფრად „გამოგონილი ამბების“ წინააღმდეგ ავტორიტეტიანი პოლიტიკოსები თუ ორგანიზაციები, აუცილებელია მიმოვიხილოთ კონტექსტი, რომელშიც ეს ცნება გაჩნდა.

ინფორმაცია, როგორც კომუნიკაციის მთავარი შემადგენელი ნაწილი, მას შემდეგ იძენს მნიშვნელობას, რაც ადამიანებს შორის იწყება ურთიერთობა და ბუნებრივია, ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. თუმცა, ინფორმაცია, როგორც ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, თანამედროვეობის ნაწილია და ცივი ომის დროიდან მოყოლებული მას სერიოზულად განიხილავენ. ინტერნეტის ეპოქაში ინფორმაციამ კიდევ უფრო სახიფათო განზომილებები შეიძინა.

ყოფილი ამერიკელი ოფიცრისა და სტრატეგიული პოლიტიკის სპეციალისტის რობერტ მაკკის წიგნში „საინფორმაციო ომი“ განხილულია როგორც „ინფორმაციის არასწორად გავრცელება“, „პროპაგანდა“ და „ტყუილი“. საერთოდ, „გამოგონილი ამბები“ პოლიტიკური მოვლენების ასპარეზზე მხოლოდ ბოლო ათწლეულში არ გამოჩენილა. მაგრამ ბოლო ხანს საინფორმაციო ომთან გამკლავება საერთაშორისო თუ ადგილობრივი პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად იქცა. ბევრ ქვეყანაში შექმნილია კიბერუსაფრთხოების სახელმწიფო უწყებები, მუშავდება საერთაშორისო და ეროვნული სტრატეგიები. სოციალურ ქსელებში „გამოგონილი ამბების“ გავრცელებით გამოწვეული საფრთხის სერიოზულად აღქმის პრეცედენტი გასული წლის ბოლოს ვიხილეთ, როდესაც ფეისბუკის ადმინისტრაციამ, ცრუ ახალი ამბების გამოვლენის მიზნით, გადაწყვიტა სპეციალური ჯგუფის შექმნა. გარდა ამისა, არსებობს პროფესინალთა ჯგუფები, რომელთა უშუალო მოვალეობაა ფაქტების გადამოწმება. საქართველოში 2014 წლიდან მუშაობს კიბერუსაფრთხოების ბიურო. რადიო თავისუფლებასთან საუბარში, ბიუროს დირექტორმა დაადასტურა, რომ მისი მთავარი ამოცანაა რუსული საინფორმაციო პროპაგანდის განეიტრალება.

რატომ გახდა ასეთი აქტუალური „გამოგონილ ამბებზე“ საუბარი ახლა? პროპაგანდის მიზნით მას ხომ გაცილებით ადრეც მიმართავდნენ?ეს კითხვა დავუსვით ბრიტანელ ჟურნალისტს, ონიკ ჯეიმს კრიკორიანს, რომელიც მედიაკონსულტანტად მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

„ვფიქრობ, „გამოგონილი ამბები“ სულ ჩვენს გარშემო იყო. 1800-იან და 1900-იან წლებში, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე დიდ ბრიტანეთში გამოდიოდა და ახლაც გამოდის ტაბლოიდური გამოცემები, რომლებიც მიმართავენ სპეკულაციას და ავრცელებენ ჭორებს. ვრცელდება ჟურნალ-გაზეთები, რომლებიც შესანიშნავ ამბებს ჰყვებიან, მაგრამ მათ არანაირი კავშირი არ აქვთ სიმართლესთან. აქ იმას უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ჩვენ ასეთ გამოცემებს არ ვყიდულობთ, მათ ხშირად ინტერნეტშიც ვერ ნახავთ. საჭიროა განვმარტოთ, რომ „გამოგონილი ამბების“ ცნების მნიშვნელობა ინტერნეტმა გააძლიერა. თუ მკითხავთ, ასე მარტივად რატომ ენდობა კაცი გამოგონილ ამბებს, გიპასუხებთ, რომ საქმე გვაქვს ტენდენციასთან, როცა ხალხი მხოლოდ სათაურებს კითხულობს. დღეს მარტივი გახდა საკმაოდ საინტერესო ამბების წაკითხვა მათს გადაუმოწმებლად“ - აღნიშნავს ონიკ ჯეიმს კრიკორიანი და ამატებს, რომ დღეს საეჭვოა არა მხოლოდ ყალბი საიტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, არამედ ტრადიციულ მედიაში მოყოლილი ამბების სიზუსტეც. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მიღწეულ იქნას შეთანხმება იმაზე, თუ რას ვგულისხმობთ გამოგონილი ამბის ცნებით, რათა განეიტრალდეს ისეთი მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის წინაშე მდგარი საფრთხეები:

რატომ ენდობა კაცი გამოგონილ ამბებს? საქმე გვაქვს ტენდენციასთან, როცა ხალხი მხოლოდ სათაურებს კითხულობს.
ონიკ ჯეიმს კრიკორიანი

„არსებობს საფრთხე, რომ ყველა ამბავს „გამოგონილი ამბავი“ ვუწოდოთ. მაგალითად, შეიძლება რუსეთმა თქვას, რომ ის, რასაც რადიო თავისუფლება ამბობს, „გამოგონილია“. ამ გზით უფრო მარტივდება იმ მედიასაშუალებების კრიტიკა, რომელიც არ მოგვწონს. დღეს უკვე ძალიან ბევრი ვინმე იყენებს ამ ცნებას, მათ შორის დონალდ ტრამპი, რომელმაც „გამოგონილი ამბები“ ახსენა, როდესაც სცადა, თავი აერიდებინა ჟურნალისტის კითხვისთვის. ტრამპის მხარდამჭერებს კი უკვე სჯერათ, რომ „სი-ენ-ენი“ მართლაც „გამოგონილ ამბებს“ ავრცელებს.“

რამდენადაც კომპლექსურია ცნება, იმდენად განსხვავებულია საფრთხის აღქმა. მაღალი რანგის პოლიტიკოსებისთვის „ყალბი ამბები“ თანამედროვე საინფორმაციო ეპოქის ბოროტებად იქცა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის მის წინააღმდეგ ბრძოლას. დეზინფორმაციის საფრთხეებზე საუბრისას, მიმომხილველები ახსენებენ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის გერმანიასა დასაფრანგეთში, 2017 წლისთვის დაგეგმილ არჩევნებს და ზოგად პოლიტიკურ პერსპექტივას, რომელიც ევროპის კონტინენტს ელის. ისინი მიუთითებენ ყალბი საინფორმაციო ნაკადის გაძლიერებაზე, რომელიც ხელს უწყობს ქსენოფობიისა და სკეპტიციზმის გაღვივებას დასავლური დემოკრატიისა და ადამიანის თავისუფალი გადაადგილების მიმართ. მათივე თქმით, ამ ნაკადის სათავეში რუსეთის სპეცსამსახურები დგანან. საფრთხის გაცნობიერებას მოჰყვა საგანგებო ზომების მიღება, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრებისა და მათი პარტნიორი ქვეყნების გაძლიერებას დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. 2015 წლის ნოემბერში, ევროპის საბჭოს ბაზაზე შეიქმნა ქსელი, რომელიც აერთიანებს მოხალისეებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ასევე აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებიდან, რუსეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ისინი აკვირდებიან კრემლის მხარდამჭერ საინფორმაციო წყაროებს, ამოწმებენ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და შემდეგ ვრცელ მოხსენებას ამზადებენ. მოხსენებების ბეჭდური ვერსია ყოველ ხუთშაბათს ქვეყნდება მათ ვებსაიტზე.

გასული წლის ბოლოს შეიქმნა ტერორიზმისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. მისი უშუალო ამოცანაა „გამოგონილ ამბებთან“ გამკლავება. ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ამ საფრთხის განეიტრალება ჩეხეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წელს, რადგან ქვეყანაში დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნები. ჩეხეთის სახელმწიფო მდივანმა ევროპული ურთიერთობების საკითხებში ტომაშ პროუზამ „გარდიანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მის ქვეყანაში არსებული საინფორმაციო საფრთხე სწორედ კრემლისგან მოდის: „ჩეხეთში წარმოებული რუსული პროპაგანდის მთავარი მიზანია, შეარყიოს ხალხის რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ დემოკრატია მართლაც საუკეთესო გზაა სახელმწიფოს მართვისა, შექმნას უარყოფითი იმიჯი ევროკავშირისა და ნატოს შესახებ, უარი ათქმევინოს ხალხს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობაზე.“

რუსული პროპაგანდის მთავარი მიზანია, შეარყიოს ხალხის რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ დემოკრატია მართლაც საუკეთესო გზაა სახელმწიფოს მართვისა.
ტომაშ პროუზა

ხშირად გაისმის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ „გამოგონილ ამბებთან“ ბრძოლა უფრო გაზრდის სიყალბის გავრცელების მასშტაბს. გამოხატვის თავისუფლების მხარდამჭრები ამბობენ, რომ „ბრძოლის გზაზე წინგადადგმული ნაბიჯი განათლებას უნდა უკავშირდებოდეს და არა სამთავრობო შეზღუდვებს“.

განათლების, კონკრეტულად კი მედიაწიგნიერების აუცილებლობაზე მიუთითებს სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ შარშან ჩატარებული გამოკვლევაც, რომელიც ამტკიცებს, რომ სკოლის მოსწავლეთა უმეტესობა ვერ აცნობიერებს ამბის სიყალბეს. გამოკვლევის თანახმად, რომელშიც აშშ-ის სკოლების 8000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა, ისინი ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ რეკლამასა და ნამდვილ ამბავს. ბევრი მოზარდისთვის ინფორმაციის სანდოობა იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რამდენად მრავალფეროვანია ტექსტი, ახლავს თუ არა მას ფოტოები. ინფორმაციის წყარო მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.

მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე გვესაუბრა მედიაკონსულტანტი ონიკ ჯეიმს კრიკორიანიც. მან აღნიშნა, რომ ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი ერთ-ერთი გამოსავალია შექმნილ სიტუაციაში:

„ძალიან მაშფოთებს, რომ ბევრი სრულიად გაუცნობიერებლად იყენებს სოციალურ მედიას. ჩემი მეგობრებიც კი, რომელთაც უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული, საკმარისად კრიტიკულად არ ეკიდებიან ინტერნეტით გავრცელებულ ამბებს. ისინი ჯერაც ფიქრობენ, რომ, თუ კონკრეტულ ამბებს ინტერნეტში ჰყვებიან, ე.ი. ეს ნამდვილი ამბებია. არადა, ხომ ვიცით, რომ ასე არ არის.“

კრიკორიანის თქმით, სასურველია მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული ანალიზის უნარის სწავლა სასკოლო ასაკიდანვე დაიწყოს. საქართველოს განათლების სისტემაში ამაზე საუბარი რამდენიმე წელია მიმდინარეობს. მედიაწიგნიერების ცნება ნახსენებია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2011 წელს დამტკიცებულ ეროვნულ სასწავლო გეგმაში. საკითხის შესახებ ინფორმაციის შეგროვება-გავრცელებაზე მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტიც“. შექმნილია სპეციალური სახელმძღვანელოები, საინფორმაციოვიდეორგოლები და ტრენინგ-პროგრამა.

„გამოგონილი ამბები“ კიდევ უფრო უმართავი ხდება, როდესაც მისი შექმნისა და გავრცელების ერთადერთი მოტივი ეკონომიკური შემოსავლის მიღებაა. ამ ტენდენციას „ციფრული კაპიტალიზმის“ სახელით მოიხსენიებს ევგენი მოროზოვი, სტენფორდის უნივერსიტეტის მიწვეული მკვლევარი და ავტორი გახმაურებული წიგნისა „ქსელური ილუზია: ინტერნეტის თავისუფლების ბნელი მხარე“. ბრიტანეთის გაზეთ „გარდიანში“ გამოქვეყნებულ წერილში მოროზოვი წერს: „პრობლემა არის არა „გამოგონილ ამბავში“, არამედ მისი გავრცელების სისწრაფესა და სიმარტივეში, და ეს უპირველესად უკავშირდება სწორედ თანამედროვე ციფრულ კაპიტალიზმს, რომელმაც „გამოგონილ ამბებს“ განსაკუთრებული წონა შესძინა. დააკვირდით, გუგლსა და ფეისბუკში აგორებულ ყალბ ნარატივებს, რომელთაც ერთი დაწკაპუნებით შეუძლია, ფინანსური მოგება მოგიტანოთ.“

საინტერესოა ისიც, რომ ყალბი ამბებით გართობა სწორედ ახალგაზრდებისთვის ხდება განსაკუთრებით მიმზიდველი. ეს დადასტურდა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. გასული წლის ბოლოს „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ გამოქვეყნა სტატია, რომელშიც ის ჰყვება თბილისში მცხოვრები ორი ახალგაზრდის საქმიანობაზე. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში მათ შექმნეს ვებსაიტები, რომლებიც შეცვლილი სახით აქვეყნებდა ინტერნეტში სხვა გამოცემების მიერ გავრცელებულ ამბებს. მათ ჩვენც დავუკავშირდით. კითხვებზე ძალიან მოკლე და ლაკონიური პასუხები მივიღეთ, ანონიმურობის დაცვის პირობით.

კითხვა: როგორია ე.წ. „გამოგონილი ამბების“ შექმნის პროცესი? რა გზას გადის გამოგონილი ამბავი შექმნიდან გავრცელებამდე?

პასუხი: ე.წ. Fake news-ს მე არ ვქმნი. ამიტომ ვერ გეტყვით, როგორ იქმნება. საიტისთვის ინფორმაციას ვაგროვებ სხვადასხვა ამერიკული საიტებიდან.

კითხვა: ფიქრობთ თუ არა საფრთხეებზე, რომლებიც ამგვარი ამბების გავრცელებას შეიძლება მოჰყვეს?

პასუხი: ასეთი ტიპის საიტებს ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ არ წარმოადგენს სანდო წყაროს. ამიტომ არა მგონია, ვინმემ სერიოზულად მიიღოს ასეთი ახალი ამბები. თუმცა არც აღიარებული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ყოველთვის სიმართლეს. და, ჩემი აზრით, ეს უფრო საშიშია.

კითხვა: თქვენ მიერ შექმნილ საიტებს საქართველოდანაც სტუმრობენ?

პასუხი: არა, ასეთები არ არიან.

კითხვა: როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს „გამოგონილი ამბების“ მზარდ პოპულარობას ნამდვილ ამბებთან შედარებით?

პასუხი: ტრამპმა პირდაპირ უწოდა სიენენს „fake news“ და „ბაზფიდს“ - ნაგავი. ჩემი აზრით, ამერიკელებს უკვე ძალიან აღიზიანებთ სიენენი და მსგავსი მეინსტრიმული მედია, ამიტომაც ეძებენ ალტერნატიულ საშუალებას ახალი ამბების გასაგებად.

კითხვა: და რა შეიძლება იყოს ეს ალტერნატიული საშუალებები?

პასუხი: სოციალური ქსელი და სხვადასხვა საიტები.

ამ პასუხებით შეიძლება დავასკვნათ, რომ „გამოგონილი ამბების“ გავრცელებაში გაწაფულ ქართველ ახალაგაზრდებს წმინდად ეკონომიკური ინტერესი ამოძრავებთ, თუმცა ფაქტია, რომ მათ საქმიანობას, სხვა მსგავს ქმედებებთან ერთად, ტრამპის არჩევის შემთხვევაში პოლიტიკური შედეგი მოჰყვა. მათი უნარები კი ყოველთვის შეიძლება უფრო სერიოზული და სტრატეგიული პოლიტიკური გეგმის ავტორთა დაინტერესების საგანი გახდეს. სკეპტიკური დამოკიდებულება მედიისადმი, რომელსაც კომპიუტერული პროგრამირების ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტის შემთხვევაში მკვეთრად პოპულისტური არგუმენტი ახლდა თან, დღის წესრიგში აბრუნებს იმ ელემენტარულ პრინციპებს, რომელსაც ჟურნალისტიკის ფაკულტეტების სტუდენტებს ასწავლიან. პირველ რიგში ეს არის ამბების სიზუსტე, გადამოწმება და სკეპტიკური მიდგომა წყაროების მიმართ, რასაც შედეგად მოსდევს ნდობა. ეს უკანასკნელი კი დღეს აშკარა კრიზისს განიცდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG