Accessibility links

აზიური ფაროსანას გამო გლეხების ნაწილი ზუგდიდში თხილს სხვა კულტურით ცვლის


სხვადასხვა დაავადების გამო ზუგდიდის სოფელ კახათში რამდენიმე მოსახლემ თხილის პლანტაცია გაჩეხა

აზიური ფაროსანასა და მცენარეებში გავრცელებული სხვადასხვა დაავადების გამო ზუგდიდის სოფელ კახათში რამდენიმე მოსახლემ თხილის პლანტაცია გაჩეხა. გლეხები, რომელთა ოჯახების მთავარი შემოსავალი წლების განმავლობაში სწორედ ეს კულტურა იყო, ახლა მის ჩანაცვლებას ცდილობენ.

please wait

No media source currently available

0:00 0:03:33 0:00
Direct link

კახათელი გიორგი ნარმანია ერთ-ერთი მათგანია. მან გაჩეხილი 200 ძირი თხილის ფესვები ტრაქტორით ამოძირკვა და იმ ადგილზე სასათბურე მეურნეობისთვის რკინის კონსტრუქციები განათავსა. გიორგიმ თხილის ნაცვლად ახლა მაყვალი და მარწყვი უნდა მოიყვანოს.

  • გლეხები შიშობენ, რომ თბილი ზამთრის გამო აზიური ფაროსანა წელს გაცილებით მეტი იქნება.
  • ხელისუფლებამ, ქართველი და უცხოელი მეცნიერების ჩართულობით, ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია შეიმუშავა.
  • გლეხები, რომელთა ოჯახების მთავარი შემოსავალი თხილი იყო, ახლა მის ჩანაცვლებას ცდილობენ.

„მეც შევწამლე და სახელმწიფო პროგრამითაც ორჯერ შეიწამლა, მაგრამ შედეგი არ იყო. ორ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე 40 ლარის მოსავალი ავიღეთ. ახლა უკვე 200 ძირი თხილი ამოვძირკვე, აქ კიდევ 200 მაქვს ამოსაძირკვი. კიდევ მაქვს მეორე ფართობი, სადაც ასევე ვაპირებ, რომ თხილი ამოვძირკვო და სხვა კულტურებით ჩავანაცვლო“, - ამბობს გიორგი ნარმანია.

იგივე გადაწყვეტილება მიიღო მისმა მეზობელმა ოშან შედანიამ. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა გასულ წელს თხილის მოსავლელად, მოსავალი კი მაინც მთლიანად გაუნადგურდა. ამ ფონზე მიიღო გადაწყვეტილება გაეჩეხა თავისი წინაპრების მიერ მოყვანილი კულტურა. ოშან შედანიას არ მოსწონს სახელმწიფო სტრატეგია ფაროსანას მიმართ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოწოდებას, მავნებელთან ბრძოლაში მოსახლეობა გააქტიურდეს, ასე ეხმაურება:

ოშან შედანია
ოშან შედანია

„რითი უნდა ვიაქტიურო? კი ბატონო, ვიაქტიურებ, მაგრამ რითი? 800 ლარი დამიჯდება, მე ახლა ჩემი თხილნარი რომ 4-ჯერ მოვწამლო. ეს თანხა მე არ გამაჩნია და რითი უნდა მოვწამლო? რითი?. წამალს ესენი არ იძლევიან. ან მარწყვს დავრგავ, ან ალუჩას, უფრო იაფი მოსავლელი რაც იქნება“.

სოფლის მცხოვრებლების თქმით, მზიანი ამინდების დადგომასთან ერთად სოფლის მოსავლის მთავარმა მტერმა ნელ-ნელა სამალავებიდან გამოსვლა დაიწყო. გლეხები შიშობენ, რომ თბილი ზამთრის გამო აზიური ფაროსანა წელს გაცილებით მეტი იქნება.

„შიგნითაც არიან უკვე, საჭმელს ვერ დაალაგებ. სტუმრები გვეწვია და ვერაფერი გავაკეთეთ, დასევაზე იყვნენ. არ ვიცი, რა იყო. ეტყობა, მათაც გაუხარდათ სტუმრების მოსვლა“, - იხუმრა ზუგდიდის სოფელ კოკის მცხოვრებმა ნუნუ ნარმანიამ, თუმცა იქვე დასძინა, სოფელში საქმე სახუმაროდ არ გვაქვსო.

თხილის პლანტაცია
თხილის პლანტაცია

თუ ადრე სოფელ კოკის თხილი ადგილობრივ დონეზე ცნობილი იყო თავისი ხარისხით, ბოლო 2 წელია, მავნებელმა მწერმა ეს მაჩვენებელი შეცვალა.

„ადამიანი იმედით ცხოვრობს. გვინდოდა ამის გაჩეხა, მაგრამ ვიფიქრეთ, ბარემ ეს წელი მაინც დაველოდოთო. ისიც კი თქვეს, ეს 4-5- წელი არ მოშორდება აქაურობასო. ეს თუ არ მოშორდა, მგონი, ჩვენ უფრო ადრე მოვშორდებით“, - ამბობს ნუნუ ნარმანია.

მასავით თხილთან ერთად ხილის მოსავალიც მთლიანად გაუნადგურდა გასულ წელს მის თანასოფლელ მურთაზ დგებუაძეს. ის, სახელმწიფოს დახმარების პარალელურად, აპირებს ფართობები თავადაც შეწამლოს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ გაუჭირდება ფინანსების სიმწირის გამო, მით უფრო იმ ფონზე, როცა გასულ წელს მოსავლის რეალიზაცია ვერ შეძლო.

მურთაზ დგებუაძე
მურთაზ დგებუაძე

„სასწაული ამბავი იყო შარშან და წელს თუ რამე დახმარება არ იქნა, ნახავთ, რა მდგომარეობაც იქნება. დაიკეტება ეს სახლები, სხვაგან უნდა წავიდეთ საცხოვრებლად. ძალიან დიდი უბედურებაა“, - ამბობს მურთაზ დგებუაძე, რომლის მოპირდაპირედ მდებარე ნაკვეთის ჭიშკარს აქვს აბრა: „იყიდება თხილნარი“.

სოფლის მეურნეობის გადასარჩენად ხელისუფლებამ, ქართველი და უცხოელი მეცნიერების ჩართულობით, ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია შეიმუშავა.

„ჩვენ ვატარებთ კონტროლის ღონისძიებებს. ეს გულისხმობს, ერთი მხრივ, სახელმწიფოს ჩართულობას და სახელმწიფო ამისთვის არის სრულად მზად. სურსათის ეროვნული სააგენტო მთლიანად გადაიარაღდა, გაიზარდა ჩვენი ფიტო-სანიტარიული სამსახურის შესაძლებლობები და მოსახლეობა ერთვება პარალელურად ჩვენს სპეციალისტებთან ერთად, რომ ერთობლივი ძალებით ჩვენ შევძლოთ მოსავლის გადარჩენა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

სხვადასხვა დაავადების გამო ზუგდიდის სოფელ კახათში რამდენიმე მოსახლემ თხილის პლანტაცია გაჩეხა
სხვადასხვა დაავადების გამო ზუგდიდის სოფელ კახათში რამდენიმე მოსახლემ თხილის პლანტაცია გაჩეხა

მანვე აღნიშნა, რომ მარტის შუა რიცხვებიდან მონიტორინგის სისტემა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განთავსდება, მონიტორინგის შედეგებს კი მოსახლეობას ოპერატიულად აცნობებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG