Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოზე. 8 ივნისი, 2013


4 ივნისს საინტერნეტო გამოცემა „იურეიჟანეტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში მოლი კორსო საუბრობს საქართველოში საჯარო მოხელეების სამსახურში აყვანის ტენდენციებზე. მისი დაკვირვებით, საქართველოში თაობებისთვის წარმატებული კარიერა დამოკიდებული იყო ნაცნობობაზე და არა კვალიფიკაციაზე. შედეგად, ნდობა და ორმხრივი ინტერესი ხშირად განაპირობებს მნიშვნელოვან სამთავრობო დანიშვნებს. ჟურნალისტი მიუთითებს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის თებერვალში გაკეთებულ განცხადებაზე, როცა ივანიშვილმა თქვა, რომ, მართალია, აფასებს თავისუფალ შეჯიბრს, მაგრამ ასევე აღიარებს ახლო მეგობრისა და ნაცნობის დანიშვნის უპირატესობებს. ივანიშვილის თქმით, „როცა ადამიანს კარგად იცნობ, დარწმუნებული შეგიძლია იყო, რომ ის პროფესიონალია“. კორსო დასძენს, რომ ივანიშვილმა ასევე აღიარა, რომ სწორედ ამან განაპირობა მისი ახლო მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე. შრომის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი დავით სერგეენკოც პრემიერთან იყო დაკავშირებული: წარსულში ხელმძღვანელობდა ივანიშვილის დაფინანსებულ საავადმყოფოს.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ამჟამად არ არსებობს „შესაბამისი მექანიზმები“ საჯარო მოხელეების გამჭვირვალე და სამართლიანი დაქირავებისთვის. ჟურნალისტი წერს, რომ ასევე არ არსებობს სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც სამინისტროები ახალ თანამშრომლებს შეარჩევდნენ. ამ საკითხისადმი ყველა სამინისტროს საკუთარი მიდგომა აქვს, რაც ნეპოტიზმის საფრთხეს ქმნის. საქართველოში დასაქმებული 86 ათასი საჯარო მოხელის 70 პროცენტი დროებით დაქირავებულ თანამშრომლად ითვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არ შეურჩევიათ ღია შეჯიბრის საფუძველზე.

სტატიის ავტორი ასევე მიუთითებს უკეთესობისაკენ შესაძლო ცვლილებებზე. ახალი კანონის თანახმად, რომელიც ძალაში 1 ივლისს შევა, სამთავრობო სამსახურებს მოუწევთ დროებით დაქირავებული 35 ათასი სპეციალისტის ჩანაცვლება სრული განაკვეთის თანამშრომლებით. ახალ თანამშრომლებს ღია შეჯიბრის საფუძველზე შეარჩევენ. ავტორი აღნიშნავს, რომ სტანდარტიზებულ, ღია დაქირავების პრაქტიკის დამკვიდრება, ძირითადად, მთავრობის ნებაზეა დამოკიდებული, თუმცა მისი განხორციელება დიდ დროს მოითხოვს.

„მოსკოუ ტაიმსის“ კორესპონდენტი პოლ რიმპლი 3 ივნისის სვეტში იხსენებს 17 მაისს თბილისში, ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი შეკრების დარბევას. ის აღწერს, თუ როგორ დაედევნა უმცირესობათა უფლებების მხარდამჭერ რამდენიმე აქტივისტს „ათასობით ადამიანი მართლმადიდებელი მღვდლების ხელმძღვანელობით“. რიმპლი აღნიშნავს, რომ „ორი კვირის წინ ეკლესიის გადაჭარბებული რეაქციის წყალობით ხალხი ახლა უფრო თავისუფლად ლაპარაკობს ჰომოსექსუალობასა და კორუმპირებულ, ძალაუფლებას მოწყურებულ ეკლესიაზე - ორ თემაზე, რომლებიც მანამდე ტაბუდადებულად ითვლებოდა.“ ჟურნალისტის აზრით, ეკლესიამ თავისი საქმიანობის დაშვებულ საზღვრებს გადააბიჯა, როდესაც მთავრობას ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის აკრძალვისაკენ მოუწოდა. ამით ეკლესიამ მოითხოვა კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის უფლების შეზღუდვა. პოლ რიმპლი ამბობს, რომ სამღვდელოების თავდასხმის შემდეგ, ბევრმა ქართველმა ღიად დაგმო ძალადობა და მოითხოვა ეკლესიისაგან ფანატიკოსების ჩამოშორება. ჟურნალისტის თქმით, „მაისის საბედისწერო დღეს შეკრებილ რამდენიმე აქტივისტს ეგონა, რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციას გამართავდნენ. ამის საპირისპიროდ მათ დაგვანახვეს, თუ ვინ არის სინამდვილეში ზნეობრივად მართალი.“

6 ივნისს „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა მათიას ჰუტერის სტატია, რომელიც საქართველოში სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან მოქალაქეთა თვალთვალსა და მათი საუბრების მოსმენას შეეხება. სტატიის ავტორი წერს, რომ ბოლო წლებში იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საიდუმლოდ გაკეთებული ჩანაწერები ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების დასაშანტაჟებლად გამოიყენეს. საქართველოს მთავრობას ყველა წამყვანი ტელეკომუნიკაციის კომპანიის სერვერში აქვს ე.წ. „შავი ყუთები, რომლებითაც მათ პირდაპირ მიუწვდებათ ხელი სატელეფონო საუბრებზე, ტექსტურ შეტყობინებებსა და ინტერნეტის მონაცემებზე.“

კანონის თანახმად, საქართველოში ფარული მოსმენის უფლებას მოსამართლე გასცემს. თუმცა მათიას ჰუტერის თქმით, კანონმდებლობა ფარული მოსმენების თაობაზე ბუნდოვანი და ევროპულ სტანდარტთან შეუსაბამოა. მაგალითად, კანონმდებლობა არ უზრუნველყოფს მოსმენების საკმარის ზედამხედველობას სასამართლოს მხრიდან და არ აზუსტებს, რა ბრალდებებისთვის, ვისი და რა დროით მოსმენაა ნებადართული. სტატიის ავტორის თანახმად, საქართველოში ინტერნეტი ცენზურისგან დამოუკიდებელია. მაგრამ შეშფოთებას იწვევს სატელეკომუნიკაციო კომპანიების გაურკვეველი მფლობელობა, „შავი ყუთების“ არსებობა და ფარული ჩანაწერების გაკეთებისა და შენახვის თაობაზე ბუნდოვანი კანონმდებლობა.

7 ივნისს „ატლანტიკში“ გამოქვეყნებული სტატია ეხმიანება საქართველოს ენერგეტიკის ამჟამინდელი მინისტრისა და იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ყოფილი ვარსკვლავის, კახა კალაძის გამოსათხოვარ მატჩს. სტატიის ავტორი ნიკოლას კლეიტონი წერს, რომ ეს შეხვედრა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ერთგვარი ანარეკლი იყო. მატჩში ერთ-ერთი გოლი გაიტანა კალაძის მეგობარმა გიორგი დემეტრაძემ, რომელიც წინა რეჟიმის დროს დაპატიმრებული იყო ფულის გამოძალვისთვის. მან და კიდევ რამდენიმე ათასმა პატიმარმა ციხე არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, ფართო ამნისტიის წყალობით დატოვეს.

სტატიის ავტორი მიუთითებს კიდევ ერთ პოლიტიკურ კონტექსტზე: მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე ჩივაძემ განაცხადა, რომ გამოსათხოვარ მატჩში ითამაშებდა თბილისისა და კიევის „დინამოს“ ყოფილი მცველი, ცნობილი აფხაზი ფეხბურთელი, ახრიკ ცვეიბა. ჟურნალისტის აზრით, ცვეიბას მონაწილეობა განასახიერებდა აფხაზური და ქართული მხარის დაახლოებას 1990-იანი წლების სისხლიანი კონფლიქტის შემდეგ. მაგრამ საბოლოოდ ცვეიბამ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

მოამზადა ლუკა კალანდარიშვილმა
XS
SM
MD
LG