Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაადგილების შემზღუდველი ოკუპაცია


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე იმსჯელეს საჯარო დისკუსიის ფარგლებში ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 16 ნოემბერს სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“- ში, სადაც სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში ასახავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დამძიმებულ ყოფას ე.წ. გადასასვლელების გაუქმების გამო. რა სტრატეგია აქვს ხელისუფლებას არსებულ მწვავე ვითარებაში?

გადაადგილების შემზღუდველი ოკუპაცია
please wait

No media source currently available

0:00 0:05:43 0:00
გადმოწერა

გადაადგილების შემზღუდველი ოკუპაცია

  • წლების განმავლობაში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტირიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად მოსახლეობა 5 გამშვები პუნქტით სარგებლობდა.
  • გალის რაიონის 11 სოფლის მოსახლეობას დღეს ენგურის ხიდით მგზავრობა 1 ლარის ნაცვლად 4 ლარი უჯდება.
  • გადასასვლელების დაკეტვის გამო მნიშვნელოვნად შემცირდა ნათესაური და მეგობრული კავშირები.

წლების განმავლობაში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტირიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად მოსახლეობა, ენგურის გამშვები პუნქტის გარდა, 5 სხვა გამშვები პუნქტითაც სარგებლობდა. გასული წლის აპრილიდან გაუქმდა შამგონა-თაგილონის გამშვები პუნქტი, მარტიდან კი ფუნქციონირება შეწყვიტა ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას გამშვებმა პუნქტებმაც. ამჯერად მოსახლეობას მხოლოდ ორი - ენგურისა და საბერიო-წროუმის - გამშვები პუნქტებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს. სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გამშვები პუნქტების გაუქმება უარყოფითად აისახა ადგილობრივთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მათ შორის, განსაკუთრებით გაუარესდა სკოლის მოსწავლეთა და პაციენტების მდგომარეობა. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი 2017 წლის დასაწყისში გამყოფ ხაზზე ორი გადასასვლელი პუნქტის გაუქმებას და ე.წ. „საზღვრის უკანონო კვეთისთვის“ სანქციების გამკაცრებას აფასებს როგორც გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას:

„გალის რაიონში გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით არის სერიოზული პრობლემები. საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს ადგილობრივ მოსახლეობას დოკუმენტებთან დაკავშირებით. 2 წელია შეზღუდულია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება და მსგავსი ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პირდაპირი დისკრიმინაცია ხდება ეთნიკური ნიშნით. საუბარი მაქვს ადგილობრივ ქართველებზე და ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემას წარმოშობს. ზოგადად, ჩვენ დავინახეთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში არსებობს ხიფათი იმისა, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დატოვონ გალის რაიონის ტერიტორია და ამის კონკრეტული ნიშნები არსებობს“.

სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ გადასასვლელების დაკეტვის გამო მნიშვნელოვნად შემცირდა ნათესაური და მეგობრული კავშირები. გალის რაიონის 11 სოფლის მოსახლეობას დღეს ენგურის ხიდით მგზავრობა 1 ლარის ნაცვლად 4 ლარი უჯდება. მოიმატა ფასებმა ტვირთის გადატანაზეც. თუ 2016 წელს გალის რაიონის სოფელ ოტობაიადან ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში 15 მოსწავლე დადიოდა, გადასასვლელების გაუქმების შემდეგ, 2017 წელს, ყველა მოსწავლემ შეწყვიტა ამ სკოლაში სიარული. გალის მოსახლეობას აიძულებენ ან იდენტობა შეიცვალონ, ან ტერიტორია დატოვონ.

შედეგი გვაქვს ის, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის საკითხი და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენები მუდმივად არის საერთაშორისო დღის წესრიგში და არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა...
დავით დონდუა

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ამბობს, საქართველო მუდმივად ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიმართოს ოკუპირებულ ტერიტირიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობისკენ და სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში - იქნება ეს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი თუ აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატი - რეაგირების გარეშე არ რჩება არც ერთი კონკრეტული ფაქტი თუ შემთხვევა.

„შედეგი გვაქვს ის, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის საკითხი და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენები მუდმივად არის საერთაშორისო დღის წესრიგში და არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა და ამის დასტურია ის რეზოლუციები და გადაწყვეტილებები, რომელიც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას“.

მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარების თაობაზე ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის შეხვედრაზე მკაცრი განცხადებები კეთდება, სამწუხაროდ, გრძელდება მცოცავი ოკუპაცია, რომელიც, მავთულხლართების გავლების გარდა, ყველა შესაძლო შეზღუდვით გამოიხატება, მათ შორის არამხოლოდ ეთნიკურად ქართველების მიმართ, - ამბობს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი.

[ცხინვალში] არის უმძიმესი ვითარება, რაც, რა თქმა უნდა, გამოწვეულია რუსეთის ოკუპაციით. იქ არ მოქმედებს საერთოდ არც ერთი ინსტიტუტი, ჩაკლულია ადგილობრივი სამოქალაქო აქტივობები, ლაპარაკი არ არის გადაადგილების შეზღუდვაზე, ეს მექანიზმი საერთოდ არ არსებობს...
ზურაბ ბენდიანიშვილი

„მაგრამ, მიუხედავად ამ გაუსაძლისი პირობებისა, გალის მოსახლეობა ძალიან გმირულად, ღირსეულად უმკლავდება ამ გამოწვევებს და ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ დავეხმაროთ მოსახლეობას და არამხოლოდ გალის მკვიდრთ, ვინაიდან ამ შეზღუდვებით ზარალდებიან აფხაზები, ზარალდებიან ოსები და დღეს რა პროცესებსაც ვაკვირდებით, გადაადგილების შეზღუდვას, მავთულხლართებით ამ რეგიონების შემოსაზღვრას, ეს არ ემსახურება არც ერთი ჩვენი მოქალაქის ინტერესს და ეს მიმართულია მათი ინტერესის წინააღმდეგ, მათი ჰუმანიტარული და სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებისაკენ“.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა, კერძოდ, 2008 წლის შემდეგ, - ამბობს ზურაბ ბენდიანიშვილი, თავმჯდომარე კოალიციისა „დევნილთა უფლებებისთვის“. მისი შეფასებით, საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისმევა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ქმედით ბერკეტებად ვერ იქცა:

„[ცხინვალში] არის უმძიმესი ვითარება, რაც, რა თქმა უნდა, გამოწვეულია რუსეთის ოკუპაციით. იქ არ მოქმედებს საერთოდ არც ერთი ინსტიტუტი, ჩაკლულია ადგილობრივი სამოქალაქო აქტივობები, ლაპარაკი არ არის გადაადგილების შეზღუდვაზე, ეს მექანიზმი საერთოდ არ არსებობს. მცირედი შეღავათები ჰქონდათ ახალგორელებს და მათაც მკაცრი შეზღუდვები დაუწესეს“.

სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას ოკიპირებულ ტერიტორიებზე მაქსიმალურად გააფართოოს იქ მცხოვრები პირებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამები - განსაკუთრებით, ჯანდაცვისა და განათლების - და გამოიჩინოს მეტი ეკონომიკური და სოციალური ინიციატივა, რომ ისედაც დისკრიმინირებულ პირობებში მცხოვრებმა მოსახლეობამ ადგილზე ცხოვრების გაგრძელება შეძლოს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG