Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ორი გამშვები პუნქტი ჩაიკეტა


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა და სამეგრელოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი ჩაკეტა. ორსანტია-ოტობაიისა და ხურჩა-ნაბაკევის ე. წ. გადასასვლელები მოქალაქეებს 5 მარტს ჩაკეტილი დახვდათ. გამონაკლისის სახით თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მესაზღვრეებმა რამდენიმე მგზავრი დილაადრიან ზუგდიდიდან გალში გაატარეს, შემდეგ კი მიმოსვლა შეწყდა:

„ცხრის თხუთმეტი წუთი იყო და უკვე ჩაკეტილი იყო, იქედან გადმოსული ადამიანი მე არ მინახავს. ეს სოფელი გახდება ძალიან დადუმებული და ჩაკეტილი. სოფელი იქნება მარტო ერთი ავტობუსის ამარა დარჩენილი. ამდენი „მარშრუტკა“ და ამდენი ტაქსი დარჩება ისე უმუშევარი“, - ამბობს ოკუპირებული ნაბაკევის მოსაზღვრე ხურჩაში მცხოვრები დოდო თორია.

სოხუმის ამ გადაწყვეტილებით განსაკუთრებით ზარალდებიან ის მოქალაქეები, რომლებიც, მანძილის სიმოკლის გამო, ყოველდღიურად ზუგდიდში ნათესავების მოსანახულებლად და ბაზარში პროდუქტების შესაძენად უკვე ჩაკეტილი პუნქტებით სარგებლობდნენ. გადაადგილებასთან ერთად მოსწავლეებს ეზღუდებათ განათლების უფლება. საუბარია იმ მოზარდებზე, რომლებიც, იმისათვის რომ განათლება ქართულად მიიღონ, ზუგდიდის სკოლებში სწავლობენ.

ორსანტია-ოტობაიის "გადასასვლელი"
ორსანტია-ოტობაიის "გადასასვლელი"

პუნქტების შესაძლო დახურვა გალის მოსახლეობამ ჯერ კიდევ თებერვალში გააპროტესტა. მაშინ გალელები სოფელ ნაბაკევში და ენგურის ხიდთან შეიკრიბნენ. ამასთან, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შექმნეს საინიციატივო ჯგუფიც და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მიუხედავად პროტესტისა, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციამ მოსახლეობას მოუწოდა არ დაარღვიოს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „საზღვარზე გადაადგილების“ წესი და 5 მარტიდან ისარგებლონ მხოლოდ ენგურის ცენტრალური ხიდით, რომელიც გალის ე. წ. დაბალი ზონის სოფლებიდან 20-40კილომეტრით არის დაშორებულ. ე. წ. ცენტრალურ გამშვებ პუნქტამდე, „ენგურამდე“, მისვლა დამატებით დროს და ხარჯებს საჭიროებს. ამჟამად სწორედ ამის გამო დაბალი ზონის მცხოვრებლები, თუ არა უკიდურესი საჭიროება, ენგურის ხიდით არ სარგებლობენ:

„მე თაგილონიდან ვარ და მომიწევს 30 კილომეტრის გავლა... არ ვიცი, ხვალ და ზეგ რა იქნება“;

მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს, რუსეთის ფედერაციას გააცნობიერონ ამ ქმედების სიმძიმე, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გადახედონ ამ გადაწყვეტილებას...
ქეთევან ციხელაშვილი

„მე დაბალი ზონიდან მოვდივარ. იქეთ ჩაიკეტაო და აქედან წამოვედი, ექიმთან მივდივარ“, - ამბობენ რესპონდენტები.

გალის დე ფაქტო ადმინისტრაცია „ფეისბუქის“ გვერდზე იუწყება, რომ მოსახლეობის კომფორტულად გადაადგილებისთვის სათანადო პირობები შექმნეს. რუსეთის მხრიდან ფინანსური დახმარების სახით გამოყოფილი 153 მილიონი რუბლი მოხმარდა საავტომობილო გზის მშენებლობას დაბალი ზონიდან ენგურის ხიდამდე, გაუმჯობესდა სატრანსპორტო მოძრაობა და გაფართოვდა ე. წ. საკონტროლო გამშვები პუნქტი "ენგური". მიუხედავად ამისა, ამჟამად ე. წ. ცენტრალური გადასასვლელით მხოლოდ ხიდთან მოსაზღვრე სოფლის მცხოვრებლები სარგებლობენ:

„უბრალოდ, გამშვები პუნქტებია დამატებული, მეტი არაფერი. არაფერი მინახავს სხვა ახალი“;

„უბრალოდ, გაკეთდა გზა, რომ მანქანამ და მოსიარულემ თავისუფლად შეძლოს გადასვლა“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას მგზავრებმა ენგურის ხიდთან.

ხურჩა-ნაბაკევის "გადასასვლელი"
ხურჩა-ნაბაკევის "გადასასვლელი"

თბილისი გმობს დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებას. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად მიუღებელი, უხეშად არღვევს და კიდევ უფრო ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას და ჰუმანიტარული თვალსაზრისით ისედაც მძიმე ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.

„მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს, რუსეთის ფედერაციას გააცნობიერონ ამ ქმედების სიმძიმე, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გადახედონ ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ჯერ კიდევ გასული წლის მარტში შეიტანა ცვლილება ე. წ. „სახელმწიფოს საზღვრის შესახებ“ კანონში. ის, სხვა ღონისძიებებთან ერთად, საოკუპაციო საზღვრის უკეთ გაკონტროლების მიზნით საკონტროლო-გამშვები პუნქტების შემცირებას გულისხმობს. სოხუმმა ახალი კანონის აღსრულება ჯერ კიდევ აპრილში დაიწყო, როცა გამშვები პუნქტი ზუგდიდის სოფელ შამგონას მოსაზღვრე თაგილონთან და წალენჯიხის სოფელ ფახულანის მოსაზღვრე ლეკუხონაში გააუქმა. ხურჩა-ნაბაკევისა და ოტობაია-ორსანტიის ე. წ. გადასასვლელების დახურვით კი, ადმინისტრაციულ საზღვარზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან მხოლოდ ენგურის ხიდი, ხოლო წალენჯიხასთან ფახულანი-საბერიოს ე. წ. გამშვები პუნქტი მოქმედებს.

XS
SM
MD
LG