Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს მომხსენებელი ჩრდილოვან ბავშვთა სახლებსა და ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებზე


მო დე ბოერ - ბუკიკიო
მო დე ბოერ - ბუკიკიო

საქართველოში ბავშვზე ზრუნვის ცენტრებში არსებული ვითარება შეისწავლა გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ბავშვთა გაყიდვის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის საკითხებში, მო დე ბოერ - ბუკიკიომ. ადამიანის უფლებათა ექსპერტმა ერთი კვირის მანძილზე მოიარა თბილისში, რუსთავსა და ბათუმში არსებული მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებები, ეწვია წეროვანის დევნილთა დასახლებას და შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებს. წინასწარი ანგარიში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ჟურნალისტებს გააცნო.

თუკი მო დე ბოერ - ბუკიკიოს წინასწარ მცირე ანგარიშს გადავავლებთ თვალს, უნდა ითქვას, რომ ის ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ნაბიჯების გადადგმის ჩამონათვალით იწყება. გაეროს სპეციალური მომხსენებელი აღნიშნავს, რომ 2005 წლიდან სახელმწიფომ არაერთი ნაბიჯი გადადგა - მათ შორის, საკანონმდებლო თუ პოლიტიკურ დონეზე - იმისათვის, რომ განხორციელებულიყო დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმა, რომლის შედეგადაც დაიხურა ბავშვთა დიდი ინსტიტუციები და იქ მცხოვრებმა ბავშვებმა საოჯახო ტიპის პატარა დაწესებულებებში გადაინაცვლეს. აქვე გაეროს მომხსენებელი ახსენებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს, ეხება კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას, მათი უფლებების დაცვას და სხვა. თუმცა, მო დე ბოერ - ბუკიკიოს სიტყვებით, მიუხედავად პოზიტიური ნაბიჯებისა, ქვეყანაში მაინც რჩება ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მთელი რიგი პრობლემები, რომელთა გადაჭრაზე ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა იზრუნოს. მათ შორისა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების, დიდ ინსტიტუციებში განთავსებული შშმ ბავშვების პრობლემები. განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს გაეროს სპეციალური მომხსენებელი იმ ინსტიტუციებში მცხოვრებ ბავშვებზე, რომლებსაც რელიგიური ორგანიზაციები აფინანსებენ:

„მე ვიმყოფებოდი ერთ-ერთ ასეთ ინსტიტუციაში და შემაშფოთა იმ ფაქტმა, რომ ბავშვების რიცხვი, რომლებიც ამგვარ ინსტიტუციებში ცხოვრობენ, არის ძალიან მაღალი. იქ 130-მდე მოზარდი ვნახე, რომელთა ასაკიც იწყება ჩვილობიდან და 18 წელს აღწევს. ამ ინსტიტუციებში არ ვრცელდება ის სტანდარტები და ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არის დაწესებული, და, ამასთანავე, არ არსებობს მონიტორინგის მექანიზმი. როდესაც ვიკითხე, ტარდება თუ არა მონიტორინგი, პასუხი იყო „არა“.

დიდი ზომის ბავშვთა სახლი იმთავითვე არის მოცემულობა, რომ იქ აუცილებლად დაირღვევა ბავშვის უფლება. მსოფლიოში არ არსებობს ინსტიტუცია, სადაც ამგვარ დაწესებულებებში არ ხდება უფლებების დარღვევა...
ანა არგანაშვილი

რელიგიური კონფესიების პანსიონებისა და ამ პანსიონების მონიტორინგის არარსებობის შესახებ არაერთი წელია ლაპარაკობენ ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. ამგვარ პანსიონებში მყოფ ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტები მოხვდა სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში, სახელწოდებით „ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა პანსიონებში“, სადაც, მაგალითად, წერია, რომ ერთ-ერთ პანსიონში, ბენეფიციარების თქმით, ფიზიკური დასჯის მიზნით, არასრულწლოვნებს აიძულებდნენ, თავზე ხელებდაწყობილებს, დერეფანში მუხლებზე ხოხვით ევლოთ თანატოლების თვალწინ. ანა არგანაშვილის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენლის თქმით, კარგია, რომ გაეროს სპეციალური მომხსენებელი ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო კონტროლს გარეთ გასულ ბავშვთა დაწესებულებებზე და ითხოვს იქ არსებული სიტუაციის მონიტორინგს. ანა არგანაშვილის თქმით, დიდი ინსტიტუციების დახურვის შემდეგ, იქ მცხოვრები ბავშვების ნაწილმა რელიგიურ ინსტიტუციებში, ე.წ. ჩრდილოვან ბავშვთა დიდ სახლებში, გადაინაცვლა:

„დიდი ზომის ბავშვთა სახლი იმთავითვე არის მოცემულობა, რომ იქ აუცილებლად დაირღვევა ბავშვის უფლება. მსოფლიოში არ არსებობს ინსტიტუცია, სადაც ამგვარ დაწესებულებებში არ ხდება უფლებების დარღვევა. ეს სახელმწიფოს ვითომ, ერთი მხრივ, პოლიტიკის დოკუმენტებში აღიარებული აქვს და ხურავს სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა სახლებს, მაგრამ, მეორე მხრივ, თავისი უყურადღებობით და სიტუაციის უგულებელყოფით, ხელს უწყობს ჩრდილოვანი ბავშვთა სახლების არსებობას და გახსნას“.

ანა არგანაშვილი იყო ერთ-ერთი ავტორი სპეციალური ანგარიშისა, რომელიც მან რამდენიმე თვის წინ ბრიუსელში ევროკომისიის წევრებს გააცნო. ანგარიშში შეფასებულია, თუ როგორ შეასრულა საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ანგარიშში განხილული ძირითადი საკითხებია ბავშვთა სიღარიბე და სიღარიბის ზეგავლენა ბავშვებზე, ასევე ბავშვთა მოწყვლადი ჯგუფები, მათ შორის, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები და სხვა. სწორედ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებია კიდევ ერთი სუსტი რგოლი ბავშვთა უფლებების მიმართულებით, რომლის შესახებაც გაეროს სპეციალური მომხსენებელი თავის წინასწარ ანგარიშში წერს.

მაია ქურციკიძე
მაია ქურციკიძე

მაია ქურციკიძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, პირადად მოისმინა გაეროს სპეციალური მომხსენებლის წუხილი და რეკომენდაციები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უკვე არსებობს კანონპროექტი ქუჩაში მცხოვრები ბავშვების შესახებ, არსებობს ასევე დღისა და ღამის ცენტრები და მობილური ჯგუფები, რომლებიც ამ ბავშვების გამოვლენაზე ზრუნავენ, მაია ქურციკიძის თქმით, ეს ნაბიჯები საკმარისი არ არის და ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი სახელმწიფოს მიმართ გასცემს, ეს არის სისტემური ცვლილებების გატარება იმისათვის, რომ მოხდეს პრევენცია და ბავშვები აღარ გავიდნენ ქუჩაში სხვადასხვა მიზეზით. მაია ქურციკიძე კანონპროექტის იმ რამდენიმე მთავარ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ქუჩაში მცხოვრებ ბავშვთა უფლებების მდგომარეობას მეტნაკლებად მოაწესრიგებს:

„ერთ-ერთი საკითხი არის ის, რომ კანონმდებლობის მიხედვით, ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს ექნებათ სპეციალური პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, რათა მათ ისარგებლონ იმ სოციალური მომსახურებებით, რომლებიც ქვეყანაში არსებობს, და მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ამ კანონპროექტის მიხედვით უნდა შემოვიდეს, არის სოციალური მუშაკების გაზრდილი უფლებამოსილება. სოციალურ მუშაკებს მიეცემათ უფლება, რომ დროულად ჩაერიონ და ოჯახისაგან გააცალკეონ ბავშვი, თუკი ამის საჭიროება იქნება“.

გაეროს სპეციალური მომხსენებელი სრულ ანგარიშს საქართველოში ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2017 წლის მარტში წარუდგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG