Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია?


ორშაბათს, 26 დეკემბერს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისია ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის შესაძლო შეცვლის საკითხზე იმსჯელებს. შესაბამისად, რამდენიმე დღეში გაირკვევა, ეროვნული ვალუტის დევალვაციის პირობებში მოსალოდნელია თუ არა ელექტროენერგიის გაძვირება. შექმნილ ვითარებაში ხელისუფლება მოსახლეობას აიმედებს, ექსპერტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი ირწმუნებიან, რომ სისტემის გადარჩენისთვის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდა გარდაუვალია.

22 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა რამდენიმე დღის წინ ნათქვამი, რომ ამ ეტაპზე ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ გაიზრდება, თუმცა მის განცხადებაში გარკვეული დათქმები მაინც გამოჩნდა:

გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია?
please wait

No media source currently available

0:00 0:05:16 0:00
გადმოწერა

“დღევანდელი გადმოსახედიდან, ელექტროენერგიაზე ტარიფების მატება არ იქნება. ეს განცხადება მოვისმინეთ, გუშინ განიხილეს თბოსადგურის ტარიფები, გარკვეული მიმართულებით მოხდა მატება თბოსადგურების ტარიფებზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამომხმარებლო ტარიფები, ანუ ჩვეულებრივი მოქალაქე ელექტროენერგიაზე გადაიხდის გაძვირებულ გადასახადს. თუ იქნება იმის აუცილებლობა, კურსიდან გამომდინარე, რომ ტარიფები გადაიხედოს, მე გულწრფელად გეუბნებით, რომ ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც ამასთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას“.

ვფიქრობ, საუბარი იმაზე, რომ ტარიფი არ უნდა გაიზარდოს, ცოტა არასწორი იქნება. თუ ჩვენ გვინდა ობიექტურად მივიღოთ ის, რომ კომპანიებმა შეძლონ მუშაობა, ადამიანებს ჰქონდეთ 24-საათიანი ელექტრომომარაგება, თავისთავად ცხადია, რომ კომისიას მომავალ კვირაში მოუწევს ტარიფის გაზრდა...
გურამ ჩალაგაშვილი

ტარიფებს, როგორც კახა კალაძეც შენიშნავს, მარეგულირებელი კომისია ადგენს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრმა გოჩა შონიამ 21 დეკემბერს მედიის მიერ დასმულ კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ელექტროენერგიის გაძვირება, პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა:

“ახლაც ვმუშაობთ ამ საკითხებზე. არის რაღაც გარკვეული ტრენდი, მაგრამ ჯერ არ გვინდა ამაზე საუბარი, არ მინდა წინასწარ თქმა ამ საკითხზე, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ დეპარტამენტი კიდევ მუშაობს. ეს პასუხი გექნებათ ორშაბათს“.

ორშაბათამდე კი, პარასკევს, 23 დეკემბერს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში გაიმართება სხდომა, რომელზეც ჰიდროელექტროსადგურებზე გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფზე იმსჯელებენ. ამ სხდომას 21 დეკემბერს წინ უძღოდა სხდომა, რომელზეც განიხილებოდა თბოელექტროსადგურებზე გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ზღვრული ტარიფის დადგენის საკითხი. სხდომამ ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, გარდაბნის თბოელექტროსადგურის ტარიფი 2 თეთრით გაიზარდა, „ჯი ფაუერსის“ ტარიფი - 6 თეთრით, საქართველოს ენერგეტიკული კორპორაციის - 3 თეთრით, ხოლო „მტკვარი ენერჯის“ ტარიფი - დაახლოებით, 2 თეთრით. ექსპერტები ადასტურებენ, რომ ელექტროენერგიის ახალი ტარიფის განსაზღვრაზე თბოელექტროსადგურებისა და ჰიდროელექტროსადგურებისთვის დადგენილი ტარიფები პირდაპირ გავლენას ახდენს. როგორც სემეკის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი შენიშნავს, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდა, დაახლოებით, 1,5- 2 თეთრითაა მოსალოდნელი:

“ყველა იმ კომპონენტში, რომლითაც შედგება ტარიფი, უფრო სწორად, დაიანგარიშება ტარიფი, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით კომისიამ ბოლო რამდენიმე სხდომაზე ტარიფი გაზარდა. საბოლოოდ ეს იყო თბოსადგურები, რომელთაც გაეზარდათ ტარიფი და საკმაოდ გაეზარდათ. ასე რომ, ვფიქრობ, საუბარი იმაზე, რომ ტარიფი არ უნდა გაიზარდოს, ცოტა არასწორი იქნება. თუ ჩვენ გვინდა ობიექტურად მივიღოთ ის, რომ კომპანიებმა შეძლონ მუშაობა, ადამიანებს ჰქონდეთ 24-საათიანი ელექტრომომარაგება, თავისთავად ცხადია, რომ კომისიას მომავალ კვირაში მოუწევს ტარიფის გაზრდა“.

გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში არსებობს ორი გამოსავალი - ან სახელმწიფომ მოახდინოს გაზრდილი ტარიფის სუბსიდირება, ან კომპანიებმა შემოიღონ ეგრეთ წოდებული გრაფიკი, რითაც ქვეყანა 90-იან წლებს დაუბრუნდება.

იმისათვის, რომ ენერგოსისტემამ გამართულად იმუშაოს და არ დაინგრეს, გურამ ჩალაგაშვილის აზრით, სამწუხაროდ, მარეგულირებელ კომისიას ტარიფის გაზრდა აუცილებლად მოუწევს. მის აზრს ნაწილობრივ იზიარებს „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე. იგი ადასტურებს, რომ დღევანდელი ვითარებით რამდენიმე კომპონენტი, რომლისგანაც სემეკი ფასს ადგენს, შეიცვალა, თუმცა არა ისე დრამატულად, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდა გარდაუვალი და აუცილებელი იყოს.

პაატა შეშელიძე
პაატა შეშელიძე

“საქმე ისაა, რომ, მართალია, კურსი დაეცა ლარის, მაგრამ, სამაგიეროდ, ნავთობპროდუქტებზე ფასი შედარებით ნაკლებია, ვიდრე მაშინ, როდესაც ეს ტარიფი დადგინდა. ამიტომ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ საერთო ფონიდან შეწონილი მონაცემები გამოიყვანონ. მოკლედ რომ ვთქვა, მაინც ვფიქრობ, რომ რადგან გუშინ უკვე მიიღეს გადაწყვეტილება გარკვეული ტარიფების გადახედვის შესახებ, შეიძლება ორშაბათს დადგეს საკითხი სამომხმარებლო ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით და ლოგიკური იქნება, რომ ის ოდნავ გაიზარდოს“.

პაატა შეშელიძე ვარაუდობს, რომ ვინაიდან ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზება ისედაც პრობლემურია, მთავრობა ტარიფის სუბსიდირების გზით არ წავა და არც ეგრეთ წოდებული გრაფიკის შემოღებას დაუშვებს. ალტერნატივად ექსპერტი საბაზრო რეფორმებს მიიჩნევს, თუმცა ოპტიმისტურად არც ამ მიმართულებას განიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG