Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ძველი სახელოსნოების ახალი სიცოცხლე


გამოფენა „თბილისური სახელოსნოები“
გამოფენა „თბილისური სახელოსნოები“

„თბილისური სახელოსნოები“ - ასე ჰქვია გამოფენას, რომელზეც წარმოდგენილია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში არსებული სახელოსნოების ამსახველი ფოტომასალა და ექსპონატები. გამოფენის მასპინძელია „თბილისის განვითარების ფონდი“ და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, რომელშიც დაცულია ოქროსა და ვერცხლის ძველებური ნაკეთობანი; ხის, ლითონის, ძვლის მხატვრულად დამუშავებული ნიმუშები; აბრეშუმის, ტყავისა და მაუდის ნაწარმი; კავკასიური ხალიჩების კოლექცია, მუსიკალური ინსტრუმენტები, კოსტიუმები, გობელენები და ნაქარგობის სხვა ნიმუშები.

გადმოწერა

მჭედლობა ხელოსნობის მნიშვნელოვან დარგად ითვლებოდა თბილისსა და მთელ საქართველოში. მჭედელს, რომელი მიმართულების წარმომადგენელიც უნდა ყოფილიყო იგი - სამეურნეო თუ საომარი იარაღების მკეთებელი - „კვერით ხუროი“ ეწოდებოდა. თბილისის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მკვლევარი, პროფესორი შოთა მესხია ნაშრომში „ხელოსნობა ძველ საქართველოში“ წერს, რომ კვერით ხუროი ეწოდებოდა „მჭედელს რვალისა და რკინისა“.

სახელოსნოების მაკეტების გამოფენა
please wait

No media source currently available

0:00 0:01:51 0:00

თუმცა თბილისი, როგორც საქართველოს ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქი, იტევდა არა მარტო სამჭედლოებს, არამედ ყველა სახეობის ხელოსნობასა და ხელოსნებს. თბილისის ისტორიისა და ყოფის მკვლევარის ლუარსაბ ტოგონიძის თქმით, ამის საილუსტრაციოდ გამოდგება ძველი თბილისის ქუჩების დასახელებაც.

ლუარსაბ ტოგონიძე
ლუარსაბ ტოგონიძე

„ჩვენ ვიცით „ღვინის აღმართი“, „ვერცხლის ქუჩა“ და სხვა. ასევე შემორჩენილია ბევრი ისეთი სახელი, რომელთა მნიშვნელობაც აღარ ვიცით, არადა დაკავშირებული იყო ამა თუ იმ საქმიანობასთან. სასურველია, რომ ამ ქუჩებმა გაამართლონ თავიანთი სახელები, მაგალითად, ვერცხლის ქუჩაზე გაჩნდეს თუნდაც ერთი სახელოსნო, ანდა ღვინის აღმართზე იყოს მარანი ან ღვინის სარდაფი“, უთხრა ლუარსაბ ტოგონიძემ რადიო თავისუფლებას.

ლუარსაბ ტოგონიძის თქმით, ძველი სახელოსნოების აღდგენასთან ერთად, უნდა გაცოცხლდეს როგორც ხელით შრომის ტრადიციული მეთოდები, ასევე ის ურთიერთობები, რომლებიც ხელოსნებს ერთმანეთთან და მუშტართან აკავშირებდათ:

„ისეთ დეტალებში ვხვდებით პატიოსან მიდგომას და შემოქმედებითობას, სადაც წინასწარ იცოდნენ, რომ არ გამოჩნდებოდა. მაგალითად, სამოსი, რომლის გარეთა მხარე ჩანს, მაგრამ ძველ სამოსში შიდა მხარეც ისეთი სილამაზით არის გაკეთებული და დამუშავებული, რომ აშკარაა: თერძს არ შეეძლო მიეფუჩეჩებინა... ასევე, ოქრომჭედლობაში უამრავი მშვენიერი დეტალია დაფარული. მაგალითად, დიდი შრომაა ჩადებული ადგილში, რომელიც ტყავით უნდა დაფარულიყო. ასეთია ხანჯალი, რომლის წინა მხარე ჩანს, მაგრამ უკანა მხარეც დიდი შრომით არის დამუშავებული“.

ჩხუბის ანდა ურჩობისათვის უსტაბაში ოსტატს სჯიდა - ჯარიმას ახდევინებდა, რასაც თარჯიმალა ეწოდებოდა. უსტაბაში იღითბაშის, მდივნის, ხელით ვაშლს უგზავნიდა სხვა უსტაბაშებს, რაც იმას ნიშნავდა, რომ დასჯილი ოსტატისათვის საქონელი არ მიეცათ...
„ძველი თბილისის სურათები“

ლუარსაბ ტოგონიძის თქმით, შინაგანი წესიერების გარდა, ხელოსნის ქცევაზე გავლენას ახდენდა ჰამქარი - ხელოსანთა კორპორაცია, რომლის თავკაცს, უსტაბაშს, ხელოსნები ირჩევდნენ თავიანთი რიგებიდან. მას, ასევე, ეძლეოდა ორი მოადგილე - ახსკალი და იღითბაში, ანუ მდივანი. უსტაბაშის უფლებეში შედიოდა ოსტატთა ინტერესებისა და სამუშაო წესების დაცვა. ის პასუხს აგებდა ოსტატის ქცევაზეც. ფრაგმენტი თემურ ბერიძის წიგნიდან „ძველი თბილისის სურათები“:

„ჩხუბის ანდა ურჩობისათვის უსტაბაში ოსტატს სჯიდა - ჯარიმას ახდევინებდა, რასაც თარჯიმალა ეწოდებოდა. უსტაბაში იღითბაშის, მდივნის, ხელით ვაშლს უგზავნიდა სხვა უსტაბაშებს, რაც იმას ნიშნავდა, რომ დასჯილი ოსტატისათვის საქონელი არ მიეცათ. სასჯელის მოხდისას ქალაქის უსტაბაშებს ეგზავნებოდა ვაშლი, ანდა თაიგული, თუ ამის საშუალებას წლის დრო იძლეოდა“.

ჰამქრის ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა შეგირდების აღზრდას. შეგირდის მშობელს შვილი უსტაბაშთან მიჰყავდა, რომელიც ბავშვს რომელიმე ოსტატს მიაბარებდა. თუ ბავშვი ხელობას შეისწავლიდა, მოეწყობოდა გამოცდა „ოსტატის“ წოდების მისაღებად. გამოცდის შემდეგ მღვდელი ლოცავდა შეგირდს. ახალბედა ოსტატს წელზე ფოჩებიან სარტყელს შემოარტყამდნენ, რომელიც სამი დღის განმავლობაში უნდა ეტარებინა, რათა ყველას ეხილა მისი ოსტატად გახდომა. დალოცვა მთავრდებოდა იმით, რომ უსტაბაში შეგირდს სახეში სამჯერ შემოარტყამდა სილას - ეს იყო „ატესტატის“ მიცემა, „მონათვლა“. შემდეგ თანასწორობის ნიშნად ერთმანეთს გადაჰკოცნიდნენ. იმართებოდა დიდი ქეიფი. პირველი სადღეგრძელო ახალბედა ოსტატისა იყო, შემდეგი - უსტაბაშისა, ამქრისა და ა.შ.

ირინა კოშორიძე
ირინა კოშორიძე

​თბილისური სახელოსნოები და ხელოსნები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გაქრნენ, თუმცა მათი შრომის იარაღები, ყოფის ამსახველი ნივთები და ცოდნა დაცულია საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, რომლის დირექტორის, ირინა კოშორიძის, თქმით, 1899 წელს დაარსებული მუზეუმი საშუალებას იძლევა სრულფასოვნად აღდგეს გამქრალი სახელოსნოები და ძველ ხელოსანთა ტექნოლოგიები.

„ჩვენთან არის ძალიან მრავალფეროვანი მასალა, ფოტოარქივი, ხელნაწერები ძალიან ბევრი მკვლევარის ამა თუ იმ ტექნოლოგიურ მეთოდებზე. არის დიზაინერული ჩანახატები სხვადასხვა ნივთების... გამოფენაზე გამოტანილი გვაქვს სამი ტიპის ექსპონატები: ეს არის XIX საუკუნის ფოტოები, რომლებიც რეალურად ასახავს სამჭედლოებს, საქსოვ საამქროებს, დაბაღების შრომას, მეთუნეების სახელოსნოებს და ა.შ. აქვე არის მაკეტები, რომლებიც გასული საუკუნის 40-იან წლებშია გაკეთებული. ასევე, გვაქვს ფერწერული ნამუშევრები, რომლებიც ასევე ასახავს ხელოსანთა ყოფას. ასე რომ, არა მხოლოდ ვიზუალურად არის შესაძლებელი აღდგენა ცალკეული სახელოსნოების, არამედ ტექნოლოგიურადაც, რადგანაც ჩვენ გვაქვს ყველაფერი იმისათვის, რომ ეს დარგები აღვადგინოთ და განვავითაროთ“, უთხრა ირინა კოშორიძემ რადიო თავისუფლებას.

გამოფენა „თბილისური სახელოსნოები“
გამოფენა „თბილისური სახელოსნოები“

საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციაში კი აცხადებენ, რომ ძველი სახელოსნოების აღდგენა მნიშვნელოვანია როგორც კულტურული, ასევე კომერციული თვალსაზრისით. ასოციაციის შემოქმედებითი ხელმძღვანელის, ანა შანშიაშვილის თქმით, თანამედროვე მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა ინტერესი რეწვის ტრადიციული მეთოდებით შექმნილი პროდუქციისადმი:

„გლობალიზაციის პირობებში, როცა მთელ მსოფლიოში ერთნაირი პროდუქცია იქმნება, კულტურულ მრავალფეროვნებას ეძებს ყველა. ეს საინტერესოა როგორც უცხოელებისთვის, აგრეთვე ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, რადგანაც ეს არის ჩვენი კულტურული იდენტობის ნაწილი. არის მოთხოვნა ქართულ, ძველ, ტრადიციულ ნაწარმზე, ოღონდ ეს ნაწარმი უნდა იყოს ფუნქციური და აკამაყოფილებდეს გარკვეულ ხარისხობრივ კრიტერიუმს. საბჭოთა კავშირის პერიოდში ამ ნივთებმა განიცადეს ე.წ. სუვენირიზაცია, რაც ნიშანვს იმას, რომ ეს ნივთები იქცნენ გამოუყენებელ საგნებად. ტრადიციული რეწვა კი გულისხმობს მათ რეალურ გამოყენებას“.

ანა შანშიაშვილის თქმით, არაერთი ადამიანის ძალისხმევით დაბრუნდა და აღდგა თითქმის დაკარგული მინანქრის წარმოება, მასშტაბურად გავრცელდა თექის ტექნოლოგიაც. სასწრაფოდ სჭირდება აღდგენა მეაბრეშუმეობას. და კიდევ:

„ძალიან საინტერესოა ქვის კეცების ტრადიციის აღდგენა. გურიაში არის ერთი კაცი, რომელიც, თიხის ნაცვლად, ტრადიციული მეთოდით აკეთებს ქვის კეცებს, რომლებიც, თიხასთან შედარებით, ბევრად უკეთესია. არის სხვა ბევრი ნივთი, რომელსაც შეიძლება ფუნცქია შეეცვალოს და ისე დაბრუნდეს ცხოვრებაში“.

გამოფენა „თბილისური სახელოსნოები“
გამოფენა „თბილისური სახელოსნოები“

ანა შანშიაშვილის თქმით, ტრადიციული რეწვისა და ძველი სახელოსნოების აღდგენით დაინტერესებული უნდა იყოს სახელმწიფოც, რომელიც ასეულობით მილიონ ლარს ხარჯავს ტურისტების მოზიდვასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაზე. თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის, გიორგი ბაიდარაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ძველი სახელოსნოები გაიხსნას ძველი თბილისის განახლებულ უბნებში.

გარდა კომერციული სარგებლისა, ძველი სახელოსნოებისა და ტრადიციული რეწვის აღდგენით საქართველო ნახავს არამატერიალურ სარგებელსაც. თავის დროზე სახელოსნოების გაქრობით გაღარიბდა არა მარტო ქალაქის ყოფითი ცხოვრება, არამედ ლექსიკაც - ყოველდღიური ხმარებიდან გაქრა ხელოსნობასთან დაკავშირებული საგნების სახელები. მაგალითად, საუკუნეების წინ პარიკმახერის ხელობას ეწოდებოდა „დამყვენელნი წვერთანი“ ანუ „მკვეცარნი“, რომლებიც შრომის იარაღად ხმარობდნენ დუქარდსა და სარისველს. წყალსადენებით წყლის გამომყვან ხელოსანთ ეწოდებოდათ ქუქანკნი ანუ „მკაზმავნი წყაროსანი“ და ა.შ. ტრადიციული რეწვისა და სახელოსნოების აღდგენით ყოფაში დაბრუნდება ბევრი მივიწყებული საგანი და ენაში კი - მათი ლექსიკური შესატყვისი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG