Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებას აპროტესტებს, მევენახეები - ყურძნის ფასს


ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია თბილისში
ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

7 სექტემბერს თბილისში გაიხსნა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში", რომელსაც მასპინძლობდნენ „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისათვის“ და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), ღონისძიების მიზანი კი საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროს ლიდერების თავმოყრა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევებისა და სამომავლო სტრატეგიის შესახებ დისკუსია იყო.

კონფერენცია, რომელსაც არაერთი მაღალი რანგის სტუმარი ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 20-25 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკას დიდი დარტყმების გადატანა მოუხდა და თბილისიდან 40 კილომეტრში კვლავ რუსული საოკუპაციო ძალები დგანან, საქართველო და ქართული საზოგადოება წინსვლას და განვითარებას განაგრძობს, გეზი კი დასავლეთისაკენ უჭირავს.

კურტ ვოლკერი
კურტ ვოლკერი

როგორც მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ ვოლკერმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეის განხორციელებაში შესამჩნევ პროგრესს მიაღწიეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, პოლონეთმა, ჩეხეთმა, რაც შეეხება საქართველოს, უკრაინასა და მოლდავეთს, ამ ქვეყნებში ჯერ კიდევ დიდი გამოუყენებელი პოტენციალია და მეტის გაკეთებაა საჭირო. ამ კონფერენციის მიზანიც ის არის, გვითხრა კურტ ვოლკერმა, რომ შემუშავდეს ერთგვარი გეგმა - რისკენ უნდა წავიდეს საქართველო, რისი კეთება სჭირდება მას და რა არის საჭირო დასავლეთისგან:

„ვფიქრობ, საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია. თუ გადავხედავთ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით, ყველა ეს ქვეყანა დღეს დემოკრატიის საბაზისო პრინციპებისათვის იბრძვის, საქართველოს კი ეს გზა უკვე დიდი ხნის გავლილი აქვს, ახლა სერიოზული რეფორმების გატარების პროცესშია, თუმცა ნათელია, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ყველანი ვხედავთ, რომ საქართველოს ტერიტორია არის რუსეთის მიერ ოკუპირებული, მაგრამ საქართველო არის ევროპის ნაწილი, დასავლური მენტალიტეტის ნაწილი, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის, საბაზრო ეკონომიკის თუ დემოკრატიის სხვა პრინციპების გათვალისწინებით. ახლა ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ საქართველომ შეძლოს თავისი პოტენციალის სრულად რეალიზება“.

კონფერენცია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოების პრობლემებს შეეხებოდა. სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავთ რუსეთთან ურთიერთობის საკითხსაცო, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, აუცილებელია ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება და სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება, ხოლო ვარშავის სამიტზე ნატოსთან ურთიერთობაში მომდევნო მნიშვნელოვანი ნაბიჯის წინ გადადგმა, რისი ყველა წინაპირობაც აქვს საქართველოს.

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელისათვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა აშშ-ის ევროპის არმიის სარდლის, გენერალ ბენ ჰოდჯესის გამოსვლის რამდენიმე აქცენტი, როდესაც ის რუსეთის პროვოცირების თაობაზე მსოფლიოში მოარული არგუმენტების საკითხს შეეხო:

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

„მან ძალიან ნათლად, სამხედროსათვის დამახასიათებელი პირდაპირობით თქვა, რუსეთს პროვოცირება არ სჭირდება, ის უკვე 20 წელია აგრესიით არის დაკავებულიო. და ვფიქრობ, როდესაც ამერიკელი გენერლისგან ასეთ ფრაზას ისმენ, ეს ძალიან ბევრი რამის მანიშნებელია. როდესაც ის საუბრობდა მომავალ წელს საქართველოში დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ სწავლებებზე, თქვა, რომ ერთ-ერთი ამოცანა ამ ტრენინგისა იქნება ისიც, რომ ვნახოთ, რამდენად სწრაფად ჩამოვა ამერიკული სამხედრო ტექნიკა და ჩამოვლენ ჯარისკაცები საქართველოს მიწაზე გამომგზავრების ადგილიდან. ასევე საყურადღებოა ფრაზა, რომელიც მან გამოიყენა, რომ ჩვენ უნდა გამოვცადოთ რამდენად სწრაფად მოვახდენთ რეაგირებას აგრესიის შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ძალიან მრავლისმეტყველი იყო“.

გასული კვირის ორშაბათს 12 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს, რომლითაც ისინი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ. პარტიების წარმომადგენლები დავით უსუფაშვილს სთხოვენ შექმნას საპარლამენტო და არასაპარლამენტო კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტებისგან შემდგარი ინტერპარტიული ჯგუფი, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე იმუშავებს, რათა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი კანონმდებლობის ფარგლებში ჩატარდეს. თუმცა მმართველი კოალიციის წარმომადგენელმა დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ განმარტა, რომ მოსალოდნელი არაა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალოს და 2016 წლისთვის შეცვლილი საარჩევნო კოდექსი მიიღოს. არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების შეხვედრას, სადაც პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვა შეიმუშავეს, ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე ნინო ლომჯარია. მისი თქმით, საარჩევნო სისტემა დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური კონსენსუსის შედეგი უნდა იყოს, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კი მხოლოდ სახელისუფლებო კოალიციაში შემავალი პარტიების მიერ შემუშავდა და მუშაობაში არც სხვა პოლიტიკურ ძალას მიუღია მონაწილეობა და არც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. შესაბამისად, ნინო ლომჯარიას თქმით, ასეთი სისტემა დააზარალებს პოლიტიკურ პროცესს:

„არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში და არსებულ პოლიტიკურ სისტემაში ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ პარტიამ - ამ შემთხვევაში, სახელისუფლებო ძალამ - მიიღოს გაცილებით მეტი მანდატი პარლამენტში, ვიდრე მას აქვს საზოგადოებაში მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ეს ეწინააღმდეგება სამართლიანი არჩევნების პრინციპს, რაც იმას მოითხოვს, რომ პარტია იმ რაოდენობით იყოს წარმოდგენილი, რა მხარდაჭერაც აქვს საზოგადოებაში და რადგან ეს სისტემა ქმნის მსგავსი შედეგის მიღების ძალიან მაღალ რისკს, რა თქმა უნდა, ეს არჩევნების ლეგიტიმაციის და სამართლიანობის საკითხს დასვამს“.

საკონსტიტუციო კომისია აქედან ამოვარდნილია. ამიტომ ჩემთვის ბუნდოვანია არგუმენტი იმის შესახებ, რომ 5 დღეში მაინც უნდა შევიკრიბოთ. გინდათ ერთ საათში შეიკრიბეთ, საკონსტიტუციო კომისიის მატარებელმა ამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებით უკვე ჩაიარა...
ვახუშტი მენაბდე

სამშაბათს კი ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა გადაწყვიტეს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად 200 000 ხელმოწერის შეგროვება დაიწყონ, რათა ამ გზით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღწევა შეძლონ. ოპოზიციის მიზანია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება და მაჟორიტარული სისტემის გაუქმება.

სამშაბათსვე პარლამენტში დარეგისტრირდა კოალიცია „ქართული ოცნების“ 81 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი ინიციატივა, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, თუმცა არა ისეთის, როგორსაც ოპოზიცია ითხოვს. ამ ცვლილებების თანახმად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და პარლამენტი პროპორციული საარჩევნო სისტემით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით დაკომპლექტდეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთ საკითხებს საკონსტიტუციო კომისია განიხილავდეს.

საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ, სამართლებრივი თვალსაზრისით, საკონსტიტუციო კომისიის გვერდის ავლით ცვლილების განხორციელება პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა საკონსტიტუციო კომისია უზრუნველყოფდა მაღალ საზოგადოებრივ ჩართულობას და მაღალ კონსენსუსს, მისი გვერდის ავლით მოქმედება კი ამ მიზნის უგულებელყოფას ნიშნავს. ვახუშტი მენაბდის თქმით, როცა საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტშია უკვე შესული, მას საკონსტიტუციო კომისია განიხილავს თუ არა, მნიშვნელობა აღარ აქვს. ეს, უბრალოდ, პოლიტიკური საკითხი იქნება და არა სამართლებრივი:

ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე

„საკონსტიტუციო კომისიაზე ამ საკითხს, ალბათ, არც გაიტანენ, ცალკეული წევრები თავის აზრს გამოხატავენ და ეს არაფერს არ შეცვლის. საკონსტიტუციო კომისია აქედან ამოვარდნილია. ამიტომ ჩემთვის ბუნდოვანია არგუმენტი იმის შესახებ, რომ 5 დღეში მაინც უნდა შევიკრიბოთ. გინდათ ერთ საათში შეიკრიბეთ, საკონსტიტუციო კომისიის მატარებელმა ამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებით უკვე ჩაიარა“.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადებით, საკითხის საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში განხილვა მართებულია, თუმცა კომისიის სხდომა ერთ კვირაშია დაგეგმილი და ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მოხვდება თუ არა ეს საკითხი საკონსტიტუციო კომისიის განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში.

გასულ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის ქალაქ დალიანში, რომელიც 9-13 სექტემბერს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობდა. 9 სექტემბერს გამართულ სესიაზე „თანამედროვე აბრეშუმის გზა“ სიტყვით გამოსვლისას, ღარიბაშვილმა საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის და „აბრეშუმის გზის“ პროექტის შესახებ ისაუბრა, რაც ჩინეთიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან საქართველოს გავლით ევროპისკენ ტვირთების ტრანსპორტირებას გულისხმობს.

ჩინეთი უკვე საქართველოს ოთხ უდიდეს სავაჭრო პარტნიორს შორისაა და, შესაბამისად, ამ ქვეყანასთან ურთიერთობების განმტკიცება საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 13 სექტემბერს კი შეაჯამა საქართველოს დელეგაციის სამდღიანი ვიზიტი ჩინეთში და დასძინა, რომ ჩინეთის პრემიერმა შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შემოღების საკითხი დააყენა:

„ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის ბიზნესმენებისთვის, მეწარმეებისთვის, ექსპორტიორებისთვის, რომლებიც აწარმოებენ პროდუქციას. ეს არის მილიარდ 600 მილიონიანი ბაზარი, ამაზე დიდი ბაზარი არ არსებობს მსოფლიოში“.

კახეთში რთველი დაიწყო
კახეთში რთველი დაიწყო

გასულ კვირაში რთველი მევენახეების საპროტესტო გამოსვლების ფონზე დაიწყო. 10 სექტემბერს გურჯაანის რაიონის გამგეობასთან შეკრებილმა მევენახეებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ყურძნის ფასის გამო, რომელიც რქაწითელსა და კახურ მწვანეზე, სავარაუდოდ, 70 თეთრი, ხოლო საფერავზე 85 თეთრია. 11 სექტემბერს კი მათ გურჯაანი- თელავის საავტომობილი მაგისტრალი გადაკეტეს. გზის სავალი ნაწილი პოლიცილებმა ძალის გამოყენებით გაათავისუფლეს. ყურძნის ფასით უკმაყოფილო თელაველი, ყვარლელი და ლაგოდეხელი მევენახეების ნაწილი პროტესტის გამოსახატად პარლამენტშიც მივიდა.

კახეთში საპროტესტო აქციის მონაწილე მევენახეები ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას და დანაპირების შესრულებას ითხოვდნენ:

„დანაპირები შეასრულოს ივანიშვილმა, რომელიც გვეუბნებოდა, 1 ლარზე ნაკლები არ იქნება ყურძენიო და სად არის ეს დანაპირები? მობრძანდეს აქ და გვიპასუხოს!“

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვერ ჩაერევიან ფასის დადგენაში, რომელიც ორი კერძო სუბიექტის - ღვინის ქარხნებისა და მევენახეების - საქმეა. სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას თქმით, ერთადერთი, რის გაკეთებაც მთავრობას შეუძლია, არის ის, რომ სახელმწიფო საწარმოებიც ჩაიბარებენ ყურძენს იმ ფასად, რომელიც უზრუნველყოფს მევენახის მოგებას.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG