Accessibility links

“გლოვის ღამე” ტყიბულში


ტყიბული, 9 აპრილი 2018

ტყიბულელი მეშახტეების ინიციატივით, 9 აპრილს 20 საათიდან ქალაქის თეატრის წინ მდებარე მოედანზე დაიწყება „გლოვის ღამე“. ტყიბულელები მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს, გამთენიისას, დაღუპულ მეშახტეებს ბოლო ღამეს ერთად გაუთევენ. მდუმარე აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ეს საპროტესტო შეკრება არ იქნება, ისინი პატივს მიაგებენ დაღუპულ მაღაროელებს. მათ 10 აპრილს დაკრძალავენ.

please wait

No media source currently available

0:00 0:04:49 0:00
Direct link

მინდელის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევების არასრული სია

  • 2010 წლის 4 მარტს, ტყიბულის მინდელის მაღაროში აფეთქების შედეგად, 4 მაღაროელი დაიღუპა.
  • 2010 წლის 27 აგვისტოს, ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, 3 მაღაროელი დაიღუპა და 7 მძიმედ დაშავდა.
  • 2011 წელს, 6 ნოემბერს, ისევ ტყიბულში, ისევ მინდელის მაღაროში, წმენდით სანგრებში ჭერის ჩამონგრევის შედეგად, 2 მაღაროელი დაიღუპა.
  • 2011 წლის 22 იანვარს, მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, დაიღუპა ერთი მაღაროელი და ოთხი მძიმედ დაშავდა.
  • 2013 წლის 13 ოქტომბერს მინდელის შახტში, მიკროსამთო დარტყმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.
  • 2015 წლის თებერვალში ტყიბულში, ქვანახშირის საბადოზე, 1 მუშა დაიღუპა.
  • 2016 წელს, ოქტომბერში, მინდელის მაღაროში 1 გარდაცვლილი მუშა იპოვეს.
  • 2017 წელს, 7 მაისს, ისევ ტყიბულში, ისევ მინდელის შახტში, 4 ადამიანი დაიღუპა, სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს ბაგირის გაწყვეტის გამო.
  • 2018 წელი, 5 აპრილი, - მინდელის მაღაროში დაიღუპა 6 და დაშავდა 3 მეშახტე.

რუსლან ბუცხრიკიძე ტყიბულის მაღაროში 8 წელია მუშაობს. ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საღამოს მდუმარე აქციაზე მასთან ერთად დადგებიან ტყიბულელები, მაღაროელები და ის ადამიანები, ვინც სამუშაო ადგილზე ტრაგიკულად დაღუპულ 6 მეშახტეს მიაგებს პატივს. აქციას ამჯერად საპროტესტო შინაარსი არ ექნება. ზოგადადაც, მისი სიტყვებით, პროტესტის მუხტი თითქოს განელებულია. მისი თქმით, შახტში დასაქმებულ ადამიანებს ხელისუფლებაც და შპს „საქნახშირის“ ადმინისტრაციაც დაპირებებით „აჩუმებს“.

„სამწუხაროდ, ცუდის მოლოდინი გვაქვს. არ ველოდებით, რომ საბოლოოდ სიმართლეს გამოიკვლევენ.წინა შემთხვევებსაც თუ გავითვალისწინებთ, ხელისუფლებაც და ადმინისტრაციაც ცდილობდნენ, რომ ადამიანების ხმაური არ გამოეწვიათ და ეს ადამიანები რაღაცნაირად გაეჩუმებინათ. ამას მიაღწიეს კიდეც წინა შემთხვევებში და ახლაც, ალბათ, მიაღწევენ და მიღწეულიც აქვთ, რადგან ადამიანები თავის გულისტკივილს და მწუხარებას ისევ ჩუმად, თავისთვის გამოხატავენ და ყველაზე ცუდი ისაა, რომ საპროტესტო მუხტიც კი ჩაკლულია ადამიანებში. დაშინებულები არიან, - ეშინიათ, რომ იმ ლუკმაპურსაც დაკარგავენ და მერე ამ ლუკმაპურის ძებნა სხვაგან მოუწევთ და ადამიანებს ურჩევნიათ სიცოცხლის ფასად მოიპოვონ თავის გასატანი სარჩო“, - ამბობს რუსლან ბუცხრიკიძე.

საქართველოში „სიცოცხლის უფლება უფრო აქტიურად უნდა იყოს დაცული“, ასე გამოეხმაურა მინდელის შახტში დაღუპული 6 მაღაროელის დაღუპვის ფაქტს მორიგ ჯერზე საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მომხდართან დაკავშირებით, ალბათ, ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას გრძნობს, თუმცა გასააქტიურებელია მუშაობა შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რისთვისაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია პირველ რიგში, პროფკავშირებთან მუშაობას იწყებს.

„ალბათ, ყველა გრძნობს თავის წილ პასუხისმგებლობას. მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ სიცოცხლის უფლება უფრო აქტიურად უნდა იყოს დაცული ჩვენს ქვეყანაში. ამის თაობაზე პარლამენტში ჩემი გამოსვლების დროს არაერთი მოწოდება გამიკეთებია, თუმცა ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რომ მეც ყველაფერი გავაკეთე.

ამასთან ერთად, ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციებს პროფკავშირებთან, სხვა ინტერესჯგუფებთან, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ. ასეთი კონსულტაციები მანამდეც იყო, პოზიცია და მოთხოვნები დაფიქსირებულია. ალბათ, კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი მეც და, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად იმ სტრუქტურებს, რომლებსაც ზედამხედველობა ამ პროცესებზე ევალებათ. ეს არ არის მარტო შახტთან მიმართებაში, ეს არის, ფაქტიურად, ათობით ადამიანი, რომელიც სამუშაო ადგილას იღუპება. ჩვენ ყველას ბევრად მეტი გვაქვს გასაკეთებელი“.

ტყიბულის მაღაროში უკანასკნელი 11 თვის განმავლობაში 11 მაღაროელი დაიღუპა. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ სტატიაში ვკითხულობით, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა შპს „საქნახშირის“ (ჯი აი ჯი ჯგუფი) კუთვნილ მინდელისა და ძიძიგურის სახელობის ქვანახშირის სამთო-მომპოვებელ შახტებში, ასევე საწარმოს მფლობელობაში არსებულ გამამდიდრებელ ფაბრიკებში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და პირობების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა ორჯერ - 2016 წელსა და 2017 წელს - შეამოწმა.

ტყიბული, 9 აპრილი 2018
ტყიბული, 9 აპრილი 2018

​ინსპექტირების მასალების მიხედვით, საწარმოს სხვა უბნებთან შედარებით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში, თუმცა შრომის უსაფრთხოებისა და სამუშაო გარემოს გამართული მოწყობის/ფუნქციონირების პრობლემაა საწარმოს ყველა უბანზე. EMC-ის ამავე სტატიაში ვკითხულობთ, რომ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესამოწმებლად საწარმოში არ განხორციელებულა ხელახალი შემოწმება და, შესაბამისად, საწარმოს მიერ მათი შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არა აქვთ. ორგანიზაციის წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე პრობლემის სათავეს სწორედ იმაში ხედავს, რომ არც ამგვარ შეფასებებზე ხდება რეაგირება და არც მომხდარი ტრაგედიების შემდეგ ისჯება ვინმე, არ დგება არც სწარმოს ხელმძღვანელობისა და არც ხელისუფლების შესაბამისი უწყებების პასუხისმგებლობის საკითხი. ხელისუფლება მხოლოდ სამძიმრის გამოცხადებით იფარგლება:

„[ხელისუფლება] მაქსიმუმ ჩადის ადგილზე, სამძიმარს აცხადებს და რამდენიმე კომენტარსა და განცხადებას ავრცელებს. ამას არასდროს არ მოჰყვება ხელისუფლების პოლიტიკის გადააზრება. დახლოებით, 1 წლის წინ ტყიბულში დაიღუპა 4 მეშახტე. მაშინ ხელისუფლება ჩავიდა, სამძიმარი გამოუცხადა ოჯახებს, თქვეს, რომ ისინი შეცვლიდნენ კანონმდებლობას, მეორე დღეს შეიტანეს კიდეც პარლამენტში შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი, თუმცა ამის შემდეგ გავიდა თითქმის ერთი წელი და დღეს ვართ იმ მოცემულობის წინაშე, რომ 6 მეშახტე დაიღუპა ტყიბულში და კანონი სრულად ძალაშიც კი არ არის შესული და მის ძალაში შესვლას ნახევარი წელი დასჭირდება. ეს არის იმის მოკლე აღწერა, როგორ უყურებს ხელისუფლება ამ პრობლემას“.

ვალდებული ვართ გავაჩეროთ შახტი, დათვალიერდეს არსებული უწესივრობები, დარღვევები და ა.შ. აუცილებელია შედგეს სარეაბილიტაციო გეგმა, იქნება ეს 6-თვიანი, 9-თვიანი თუ ერთწლიანი, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს...
თამაზ დოლაბერიძე

პროფკავშირების გაერთიანებამ პრემიერ-მინისტრს უკვე მიმართა სოციალური პასუხისმგებლობის სამმხრივი კომისიის სასწრაფოდ მოწვევის მოთხოვნით, თუმცა ჯერჯერობით პრემიერ-მინისტრისგან ამ წერილს გამოხმაურება არ მოჰყოლია. როგორც პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მათ ასევე მიმართეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ 5 აპრილს მინდელის მაღაროში მომხდარი ფაქტის შესწავლის პროცესში ჩაერთონ. მისი სიტყვებით, არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ ერთადერთია: დროებით მაინც, სანამ მაღალი ხიფათის შემცველი გარემოებები არ გამოსწორდება, მინდელის შახტი დაიხუროს:

„ვალდებული ვართ გავაჩეროთ შახტი, დათვალიერდეს არსებული უწესივრობები, დარღვევები და ა.შ. აუცილებელია შედგეს სარეაბილიტაციო გეგმა, იქნება ეს 6-თვიანი, 9-თვიანი თუ ერთწლიანი, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარია, რომ შედგეს გეგმა და, რაც ყველაზე მთავარია, ეს შახტები უნდა გაჩერდეს ისე, რომ მეშახტეებს გადაუხადონ ხელფასები და ქალაქ ტყიბულს ყველა ის გადასახადი, რასაც კომპანია უხდის, რომ არ გაჩერდეს ბაღები, სკოლები და სახელმწიფო სტრუქტურები, მათი სუბსიდირება უნდა მოხდეს. ეს ხარჯი კომპანიას დააწვება თუ სახელმწიფოსთან ერთად გადანაწილდება, ეს უკვე სხვა თემაა, მაგრამ ვსაუბრობ იმაზე, რამაც შეიძლება ჩვენ მომავალში შეგვიმსუბუქოს მსგავსი შემთხვევები“.

შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებასა და ამ საკითხში პარლამენტის როლზე ისაუბრა მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისი სიტყვებით, ადამიანის სიცოცხლე შრომითი საქმიანობის დროს სათანადოდ უნდა იყოს დაცული:

ტყიბულელი მეშახტეები
ტყიბულელი მეშახტეები

„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი განხილვისთვის, დისკუსიისთვის, პარლამენტი ღიაა ამისთვის. ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომელიც გულისხმობს სწორედ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას საქართველოში. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და პარლამენტის როლი ამ მიმართულებით იქნება წამყვანი. რა თქმა უნდა, არსებობს განსხვავებული ინტერესები. ჩვენი ამოცანა და მიზანია ინტერესების სათანადოდ დაბალანსება და, რაც მთავარია, ჩვენი ადამიანების სიცოცხლე და მათი ჯანმრთელობა უნდა იყოს სათანადოდ დაცული შრომითი საქმიანობის განხორციელებისას“.

ტყიბულის მინდელის შახტში 5 აპრილს მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზების დასადგენად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე მოკვლევას აწარმოებს ექსპერტთა ჯგუფი, რომელშიც ჯანდაცვის, ეკონომიკის, შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და პროფესიული კავშირების წარმომადგენლები შედიან. პირველადი ინფორმაციით, ტრაგედია, რომელმაც 6 მეშახტის სიცოცხლე იმსხვერპლა, სამთო დარტყმამ გამოიწვია, თუმცა კონკრეტულად რა მოხდა შახტში, გარდაცვალებულთა ოჯახებისთვის ამ დრომდე უცნობია.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG