Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუამის ძალა ერთობაშია


სუამის საპარლამენტო ასამბლეის მე-6 სხდომა
სუამის საპარლამენტო ასამბლეის მე-6 სხდომა
2-3 დეკემბერს თბილისი სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” სუამის საპარლამენტო ასამბლეის მე-6 სხდომას მასპინძლობს. სუამის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების გარდა, სხდომის მუშაობაში მონაწილეობენ პოლონეთის, ლატვიისა და ესტონეთის დელეგაციები. რა გამოწვევის წინაშე დგას და რა პერსპექტივა აქვს სუამს - საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდავეთის დემოკრატიულ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე გამყარებულ კავშირს?

თუკი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - ”სუამის” - შემადგენლობას გავითვალისწინებთ, იოლი მისახვედრია, თუ რა საკითხები მოექცეოდა საპარლამენტო ასამბლეის მე-6 სხდომის ყურადღების ცენტრში. საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და მოლდავეთს არაერთი საერთო პრობლემა, საფიქრალი, მიღწევა თუ მიზანი აქვს. გამოწვევებს შორის არის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, რომელსაც საგანგებოდ გაუსვა ხაზი სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, 2 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, ხოლო ჟურნალისტებთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება საპარლამენტო ასამბლეის კომუნიკეს ტექსტშიც აისახა:

”მასში აღნიშნული იქნება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე მოვლენები: ე.წ. საზღვრის დამონტაჟება, სასაზღვრე ნიშნების დამონტაჟება, მავთულხლართების დამონტაჟება და ა.შ.”.

ამის დასტურია ის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, კონკრეტული ქვეყნები ნელ-ნელა აქტიური თანამშრომლობის ფაზაში შედიან ორგანიზაციასთან და სუამი, როგორც ოთხი სახელმწიფოს გაერთიანება, უკვე იქცა გარკვეულ მიზიდულობის ცენტრად...
დავით უსუფაშვილი
მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ საქართველომ, როგორც სუამის მორიგე თავმჯდომარემ, 2013 წელს ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს უფრო მეტი საერთო ენა გამოენახათ და წინ წაწეულიყვნენ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით. აქვეა ურთიერთობები განათლებისა თუ კულტურის სფეროებში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ სუამს, რომელიც თანდათან სულ უფრო იხვეჭს სახელს, სერიოზული მომავალი აქვს:

”ამის დასტურია ის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, კონკრეტული ქვეყნები ნელ-ნელა აქტიური თანამშრომლობის ფაზაში შედიან ორგანიზაციასთან და სუამი, როგორც ოთხი სახელმწიფოს გაერთიანება, უკვე იქცა გარკვეულ მიზიდულობის ცენტრად, რომელთანაც ძალიან ინტენსიურად თანამშრომლობენ ბალტიის ქვეყნები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები, თურქულენოვანი სახელმწიფოების საპარლამენტო ასამბლეა და ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს ამ თანამშრომლობას”.

სუამის წევრი სახელმწიფოები ასევე ერთად არიან ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაშიც, მაგრამ, როგორც ვილნიუსის სამიტმაც დაგვანახვა, ისინი სხვადასხვა ტემპითა და თანმიმდევრობით მოძრაობენ ევროპული ოჯახისკენ. მაგალითად, თუკი საქართველო და მოლდავეთი მოწინავეთა შორის არიან და 29 ნოემბერს უკვე პარაფირებაც გაუკეთეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას, აზერბაიჯანმა პარტნიორობის სხვა ფორმები აირჩია, ხოლო უკრაინაში ხალხმრავალი აქციები იმართება იმის გამო, რომ პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა უარი თქვა ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა 2 დეკემბერს სუამის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას, საქართველო პატივს სცემს უკრაინელი ხალხის არჩევანს და, ზოგადად, საქართველო პატივს სცემს თითოეული ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეების თავისუფალ ნებას.

მხედველობაში მაქვს ევრაზიული კავშირის ჩამოყალიბება და მასში სუამის წევრი სახელმწიფოების, რბილად რომ ვთქვათ, მიწვევა. თუმცა როგორ ახორციელებს რუსეთი მსგავს მიწვევებს, მგონი, არავისთვის არ უნდა იყოს საიდუმლო...
ირაკლი მენაღარიშვილი
მაგრამ ხომ არ შეუქმნის საფრთხეს ევროკავშირის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ამ ქვეყნების ურთიერთობას უკვე სუამის ფარგლებში და და, საერთოდ, ხომ არ შეუქმნის საფრთხეს ამ ორგანიზაციის მომავალს?

ამ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორს ირაკლი მენაღარიშვილს. ის თვლის, რომ სუამი კვლავაც დარჩება ფორუმად, სადაც ძალა ერთობაშია და რომ უახლოეს მომავალში ამ გაერთიანებას რუსეთის კიდევ ერთ ჩანაფიქრთან მოუწევს გამკლავება.

”მხედველობაში მაქვს ევრაზიული კავშირის ჩამოყალიბება და მასში სუამის წევრი სახელმწიფოების, რბილად რომ ვთქვათ, მიწვევა. თუმცა როგორ ახორციელებს რუსეთი მსგავს მიწვევებს, მგონი, არავისთვის არ უნდა იყოს საიდუმლო. სუამი თავიდანვე ჩამოყალიბდა როგორც საკონსულტაციო დაჯგუფება ქვეყნებისა, რომლებსაც მსგავსი პრობლემები და გამოწვევები ჰქონდათ და ისინი, ერთად, ერთმანეთთან კონსულტაციით, ერთმანეთის მხარდაჭერით ახერხებდნენ გამოწვევათა დაძლევას”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი მენაღარიშვილმა.

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ინფორმაციით, სუამის საპარლამენტო ასამბლეის პირველი სადამფუძნებლო სხდომა 2004 წლის 23 სექტემბერს კიევში ჩატარდა,სადაც მიღებულ იქნა საპარლამენტო ასამბლეის დაფუძნების შესახებ დეკლარაცია და რეგლამენტი. სუამის საპარლამენტო ასამბლეის შემადგენლობაში შედიან წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტის დეპუტატები (არანაკლებ 6 წევრისა).

საპარლამენტო ასამბლეის ფუნქციებში შედის სამართლებრივი ბაზის დახვეწა, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ სფეროებში თანამშრომლობის ხელის შეწყობის მიზნით; აგრეთვე დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და სუამის სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG