Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერნეტდამოკიდებულება, შოპინგი და სხვა სინდრომები


ერთ-ერთი ინტერნეტმაღაზია
ერთ-ერთი ინტერნეტმაღაზია

მიჯაჭვულობა სხვადასხვა საგნებსა თუ ნივთირებებზე - იქნება ეს აზარტული თამაშები, კომპიუტერი, ალკოჰოლი თუ სხვა - ამ პრობლემის შესწავლა და მოგვარება თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოწვევაა. იგივე პრობლემებია საქართველოშიც, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ მის მოგვარებაზე არავინ ზრუნავს საკმარისად.

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებით დიდი პრობლემაა ალკოჰოლზე დამოკიდებულება. მისი თქმით, მსოფლიოში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ალკოჰოლს მოსახლეობის 50 პროცენტამდე მოიხმარს, ხოლო არალეგალურ ნარკოტიკულ საშუალებებს - 5 პროცენტი. მიზეზად ფსიქოლოგი იმას ასახელებს, რომ სასმელი გაცილებით უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ნარკოტიკი - დიდ როლს თამაშობს, ასევე, რეკლამაც:

„თუ ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე, თამბაქოზე და თამაშზე მიჯაჭვულობა გათვალისწინებულია დიაგნოსტიკურ კვალიფიკაციაში, ინტერნეტზე მიჯაჭვულობა, რომელიც თანამედროვეობის ძალიან დიდი პრობლემაა, არ არის გაცნობიერებული და ხომ იცით, სანამ სახელდება არ მოხდება და სინდრომის ჩამოყალიბება, მანამდე პრობლემა საზოგადოებისთვის არის უჩინარი“.

ჯანა ჯავახიშვილი ქალაქ ჰამბურგის გამოცდილებას გვიზიარებს და ამბობს, რომ იქაც კი ინტერნეტზე დამოკიდებულების მკურნალობა მუნიციპალურ პროგრამაში არ შედის, მიუხედავად იმისა, რომ სხვა მიჯაჭვულობების თერაპიას სახელმწიფო აფინანსებს. მიზეზი სწორედ ის არის, რომ, მიუხედავად პრობლემის არსებობისა, მისთვის დიაგნოზის სახელი ჯერ კიდევ არ მიუციათ.

ინტერნეტ დამოკიდებულებაზე საუბრისას ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წარმომადგენელი თამარ ხუბულავა ამბობს, რომ ამ პრობლემით ძირითადად მოზარდები მოჰყავთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზრდასრულებში ინტერნეტდამოკიდებული ადამიანების რაოდენობა ნაკლებია. უბრალოდ, ისინი თავისით არ მოდიან.

შეიძლება გენეტიკურად ჰქონდეს მიდრეკილება. ასევე გამოვყოფთ ფსიქოლოგიურ მიზეზს: ვერ აკონტროლებს თავის იმპულსურ მოთხოვნილებებს ან ძალიან ადვილად ექვემდებარება რეკლამის ზემოქმედებას ან თანატოლების ზეგავლენას...
ჯანა ჯავახიშვილი

თამარ ხუბულავა ჩამოთვლის რამდენიმე სიმპტომს, რომელთა არსებობის შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ, რომ პირი ინტერნეტსაა მიჯაჭვული. პირველ რიგში, ეს არის დრო. ინტერნეტდამოკიდებული ადამიანი დროის დიდ ნაწილს, ხშირად ღამის საათებსაც, კომპიუტერთან ან ტელეფონთან ატარებს. მეორე - მას რეალური ურთიერთობები ვირტუალურით აქვს ჩანაცვლებული და, კიდევ ერთი, თუ პირი აზარტულ თამაშებზეც არის დამოკიდებული, ის ფულს სწორედ ამ მიმართულებით ხარჯავს.

ფსიქოლოგის თქმით, ინტერნეტდამოკიდებული ბავშვი მშობელმა ფსიქოლოგს უნდა მიუყვანოს, თუმცა გარკვეული ზომების მიღება თავადაც შეუძლია:

„მშობელს შეუძლია პროფილაქტიკის მიზნით დროის გაკონტროლება. სასურველია დღის განმავლობაში ბავშვი მხოლოდ ორი საათი იყოს ინტერნეტთან. ასევე, რამდენად ჰყავს მის შვილს მეგობრები, საერთოდ ურთიერთობს თუ არა მათთან, ანუ რეალურ მეგობრებთან და არა ვირტუალურთან“.

ფსიქოლოგი ასევე ამბობს, რომ მშობელი უნდა დაეხმაროს შვილს მის წინაშე არსებული პრობლემების გაანალიზებასა და მოგვარებაში, რათა შემდეგ ამ მოუგვარებელმა პრობლემებმა მას სხვადასხვა სახის დამოკიდებულებისკენ არ უბიძგოს. პრობლემები კი მოზარდს, მისი ასაკის გამო, აუცილებლად ექნება.

ჯანა ჯავახიშვილი ამბობს, რომ ამა თუ იმ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით მსოფლიოში სხვადასხვა კვლევები ტარდება, საქართველოში კი ამ კუთხით ბევრი არაფერი გვაქვს, რაც მუშაობისას გარკვეულ სირთულეებს ქმნის. თუმცა, ზოგადად, ამა თუ იმ მიდრეკილების ჩამოყალიბების მიზეზები მაინც ცნობილია:

„შეიძლება გენეტიკურად ჰქონდეს მიდრეკილება. ასევე გამოვყოფთ ფსიქოლოგიურ მიზეზს: ვერ აკონტროლებს თავის იმპულსურ მოთხოვნილებებს ან ძალიან ადვილად ექვემდებარება რეკლამის ზემოქმედებას ან თანატოლების ზეგავლენას - ჩვენთან ძალიან ხშირია ალკოჰოლის დაძალება: „დალიე, დალიე, კაცი არა ხარ?!““.

ამ დროს ადამიანი ფიზიკურად თანხას არ ეხება. აქვს ილუზია, რომ ეს არის, უბრალოდ, ციფრები ან ის ნივთი ფასდაკლებაშია... საკმაოდ რთულია და თითქმის შეუსწავლელი სფეროა...
თამარ ხუბულავა

ხოლო თუ უფრო სიღრმისეულ მიზეზებზე ვისაუბრებთ, ფსიქოლოგი თამარ ხუბულავა ამბობს, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ ხდება რამის მიმართ განსაკუთრებულად მიდრეკილი, თუ სხვა ისეთი საქმე არა აქვს, რაც მისთვის საინტერესო და სიამოვნებით გასაკეთებელი იქნება.

თამარ ხუბულავა ასევე საუბრობს კიდევ ერთ დამოკიდებულებაზე, რომელიც ინტერნეტის განვითარებამ მოიტანა - ონლაინ შოპინგი. მისი თქმით, არიან ადამიანები, რომელთაც ახასიათებთ მაღაზიებში სიარული და საჭიროზე მეტი საგნის ყიდვა. შოპინგისადმი დამოკიდებულება კიდევ უფრო გაამძაფრა ინტერნეტმაღაზიებმა და, ფსიქოლოგის თქმით, ამას თავისი მიზეზები აქვს:

„ამ დროს ადამიანი ფიზიკურად თანხას არ ეხება. აქვს ილუზია, რომ ეს არის, უბრალოდ, ციფრები ან ის ნივთი ფასდაკლებაშია... საკმაოდ რთულია და თითქმის შეუსწავლელი სფეროა. დღემდე სწავლობენ ამ დამოკიდებულებას, რადგან სხვადასხვა ფორმები ონლაინ შოპინგზე [დამოკიდებულების] არ იძლევა დამაიმედებელ შედეგებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპისა და ამერიკის განვითარებულ ქვეყნებშიც. თუმცა ყველაფერი არის მოგვარებადი, თუ ადამიანი მოინდომებს“.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო ამჯერად მხოლოდ ორ პროგრამას აფინანსებს: ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით გამოწვეული ქცევითი და ფსიქოლოგიური აშლილობების მკურნალობას. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე ამბობს, რომ ანტინარკოტიკული პროგრამების ბიუჯეტი ოთხ მილიონ-ნახევარ ლარს აღემატება. ამაში შედის ჩანაცვლებითი თერაპიაც და სტაციონარული მკურნალობა და ფსიქორეაბილიტაცია:

„ალკოჰოლით გამოწვეულ პათოლოგიურ აშლილობას სახელმწიფო აფინანსებს 70 პროცენტით. რაც შეეხება ნარკოტიკებით გამოწვეული ფსიქოზური აშლილობების და დეტოქსიკაციის კურსს, მას სახელმწიფო სრულად ფარავს“.

რაც შეეხება ისეთ პრობლემებს, როგორიცაა აზარტულ თამაშებსა თუ ინტერნეტზე დამოკიდებულება, ლაშა კილაძე ამბობს, რომ ამისთვის სახელმწიფოს, უბრალოდ, ფული არა აქვს.

„რა თქმა უნდა, ამ ტიპის დამოკიდებულებების არსებობა, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს პრობლემაა, მაგრამ არის გაცილებით აქტუალური თემები, რომლებიც პირველ რიგში საჭიროებს მოვლას და მართვას. მთელი რიგი კლინიკების ბაზაზე ხდება ლუდომანიის (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება) მკურნალობა. იმავე ჩვენს ბაზაზე მკურნალობენ თამბაქოზე დამოკიდებულებასაც, მაგრამ სახელმწიფო დონეზე ეს საკთხი არ დგას. თავისი აქტუალობიდან გამომდინარე, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების მკურნალობა“.

სპეცილისტები თანხმდებიან იმაში, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, პრევენციის თვალსაზრისით, მოზარდებისა და, ზოგადად, ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებაა, რაშიც, მათი თქმით, საგანმანათლებლო სტრუქტურები აქტიურად უნდა ჩაერთვნენ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG