Accessibility links

ცოტნე ხეცურიანი: "საბჭოთა კავშირი დღესაც ცოცხლობს საქართველოში... ადამიანთა ცნობიერებაში"


5 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ცოტნე ხეცურიანი, სტუდენტი, აქციის - "მშვიდობა ომზე მეტია" ერთ-ერთი ინიციატორი. მან ილაპარაკა აქციის იდეის გაჩენისა და ორგანიზების დეტალებზე. ცოტნე ხეცურიანის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის - არჩილ ტატუნაშვილის დაუზუსტებელ გარემოებებში გარდაცვალების ფაქტი ტრაგიკული შემთხვევის გარდა, არის საქართველოს სახელმწიფოს შეურაცხყოფა. აქციის იდეა გაუჩნდა ზუკა მახარაშვილს და მის გარშემო შემოიკრიბნენ მისი მეგობრები. აქცია დაანონსდა სოციალური ქსელების საშუალებით და მალევე მოიპოვა მხარდაჭერა. 4 მარტს კი თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში გაიმართა მშვიდობიანი, მდუმარე აქცია ოკუპაციის გასაპროტესტებლად, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის პატივსაცემად და მისი ოჯახისთვის მხარდაჭერის გამსახატავად. "მშვიდობა ომზე მეტია"-ს ორგანიზატორ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონიათ მსგავსი ღონისძიების გამართვის გამოცდილება და ეს მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი გამოცდილება იყო. თავდაპირველად ინიციატივას შეუერთდნენ თბილისში არსებული კაფე-რესტორნების მეპატრონეები, რომ თავიანთ მომხმარებლებს მოუწოდებდნენ აქციაზე მისვლისკენ. ახალგაზრდებს სხვადასხვა გზით სოლიდარობა გამოუცხადეს: ფეხბურთის ფედერაციამ, რაგბის კავშირმა, კერძო კომპანიებმა. თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებაში მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკოსებმაც. ცოტნე ხეცურიანმა ილაპარაკა პირადად მის დამოკიდებულებაზე ოკუპაციისა და რუსეთის "შენიღბული მშვიდობის" მიმართ, რომელიც, მისი შეფასებით, გაცილებით დიდი ზიანის მომტანია, ვიდრე ღია ომი. სწორედ ეს იყო აქციის სლოგანის - "მშვიდობა ომზე მეტია" არსიც. ცოტნე ხეცურიანი წარმოადგენს თაობას, რომელიც აფხაზეთის ომის შემდეგ დაიბადა და ამბობს, რომ ის და მისი მეგობრები არასდროს შეეგუებიან ოკუპაციას: "საქართველო არის პოსტსაბჭოთა სახელმწიფო და ჩვენ ვიმყოფებით პოსტიმპერიულ ეპოქაში. ამ პროცესში პოლიტიკური დამოუკიდებლობა ავტომატურად არ ნიშნავს თავისუფლებას. იმპერია ტოვებს თავის ძალიან ღრმა კვალს. ჩემი აზრით, საბჭოთა კავშირი დღეს კვლავ ცოცხლობს საქართველოში, მის სისტემებსა და ადამიანთა ცნობიერებაში. მას გავლენა აქვს როგორც ყოფილ მოქალაქეებზე, აგრეთვე მათ შვილებსა და შვილიშვილებზე. ჩვენს თავს ვგულისხმობ. სანამ საბჭოთა კავშირს არ დავამარცხებთ ჩვენსავე ცნობიერებაში, მანამდე იქნება რუსული გავლენები ჩვენთან. მე და ჩემი მეგობრები ვიბრძოლებთ პირველ რიგში იმისთვის, რომ რევოლუცია მოვახდინოთ პირველ რიგში ჩვენსავე ცნობიერებაში და გავთავისუფლდეთ საბჭოთა იმპერიის დარჩენილი ნაგვისგან".

ცოტნე ხეცურიანი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:44:24 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG