Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტალინის მთავარი შეცდომა ომის წინ


ოლეგ ხლევნიუკი
ოლეგ ხლევნიუკი

(ინტერვიუ ოლეგ ხლევნიუკთან)

საბჭოთა კავშირის სპეციალისტთა შორის გავრცელებული ერთი ხუმრობის მიხედვით, ოლეგ ხლევნიუკმა უფრო მეტი იცის სტალინზე, ვიდრე თვით სტალინმა იცოდა საკუთარ თავზე. თავისი ახალი წიგნით, რომელიც ამჯერად ფართო მკითხველისათვის არის განკუთვნილი, ოლეგ ხლევნიუკმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი სტალინიზმის ეპოქის საუკეთესო სპეციალისტია მსოფლიოში. აბზაც-აბზაც, ფურცელ-ფურცელ, ყოველგვარი სპეკულაციების გარეშე, წყაროების ძალზედ ფრთხილი გამოყენებით, ხლევნიუკი იმდენად ზუსტად გვიხატავს სტალინის პორტრეტს, რომ მკითხველი ძალიან მალე იწყებს მთავარი პერსონაჟის „სულში შესვლას“. სტალინის ეს ბიოგრაფია, რომელიც არქივებში ათწლეულების განმავლობაში მუშაობის ნაყოფია, დაწერილია ძალიან ლაღი სტილით და სასიამოვნო საკითხავია. ასე რომ, კარგი იქნებოდა, თუ ქართული გამომცემლობები სტალინზე საიმონ მონტეფიორეს და სხვა კიდევ უფრო მდარე ტიპის ბელეტრისტიკული ნამუშევრების ნაცვლად, ოლეგ ხლევნიუკის წიგნების თარგმნით დაინტერესდებიან.

ცოტა ხნის წინ ოლეგ ხლევნიუკი ჩამოსული იყო პარიზში თავისი წიგნის პრეზენტაციისთვის. მე შევხვდი მას და ვთხოვე რადიო თავისუფლების მკითხველისათვის მოეთხრო თავის ახალ ნამუშევარზე.

ლ. ო.: რუსეთში სტალინის ასობით ბიოგრაფიას შეხვდებით წიგნების თაროებზე. რატომ გადაწყვიტეთ ახალი ბიოგრაფიის დაწერა?

სინამდვილეში რუსეთში არ არსებობს სტალინის არც ერთი სრული ბიოგრაფია, დაფუძნებული საარქივო მასალაზე და უახლესი ისტორიოგრაფიის მიღწევებზე. ბოლო ნამუშევარი, რომელიც ასეთ მიზნებს ისახავდა, გახლდათ ვოლკოგონოვის წიგნი „სტალინი“. შეიძლება ბევრი ვიმსჯელოთ ამ წიგნის ავ-კარგიანობაზე, მაგრამ უკვე ის ფაქტი, რომ ეს წიგნი 25 წლის წინ გამოქვეყნდა, ბევრზე მეტყველებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 25 წლის მანძილზე ისტორიკოსებისათვის უამრავი საარქივო მასალა გახდა მისაწვდომი, რუსეთში ფართო მკითხველს მხოლოდ სიცრუეზე დაფუძნებულ აპოლოგეტურ ნამუშევრებზე მიუწვდება ხელი. დასავლეთში საქმე ცოტა სხვანაირად არის, სადაც ბოლო დროს სტალინზე რამდენიმე საინტერესო ნამუშევარი გამოიცა. თუმცა მე ვიმედოვნებ, რომ ჩემი წიგნიც იქნება საინტერესო დასავლელი მკითხველისათვის. დიდი ხანია, რაც სტალინის პერიოდის პრობლემატიკით ვარ დაკავებული და შემიძლია ჩემი ხედვა წარმოვადგინო როგორც ამ პიროვნებისა, ისე მისი ძალაუფლების ფენომენზე. მე ამ წიგნით მინდოდა შემეჯამებინა ისტორიოგრაფიის ის ეტაპი, რომელიც არქივების გახსნასთან და პოლიტიკური ისტორიის ბოლო მიღწევებთან არის დაკავშირებული.

ლ. ო.: რამდენად ღიაა დღეს რუსული არქივები მკვლევრებისთვის?

ნაწილი საარქივო მასალისა დღემდე მიუწვდომელია მკვლევრებისათვის. თუმცა ხელმისაწვდომი მასალის რაოდენობა ძალიან დიდია. მე ვიტყოდი, რომ უზარმაზარია, რომლის დაძლევაც დღეს სტალინის ბიოგრაფს გაუჭირდება. მე მქონდა ერთგვარი უპირატესობა: ვცხოვრობ მოსკოვში, არქივების სიახლოვეს. მუშაობის პერიოდში ვმუშაობდი არა მარტო საარქივო დოკუმენტებზე სტალინის ფონდიდან, როგორც ამას სტალინის ბიოგრაფები აკეთებენ, არამედ ასევე შევეცადე შემესწავლა ათასობით დოკუმენტი იმ პარტიულ-სახელმწიფო სტრუქტურებისა, რომლებსაც სტალინი ხელმძღვანელობდა: პოლიტბიურო, მთავრობა, თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი (ГКО) და ა.შ. ვინაიდან ამ ორგანიზმების მართვა სტალინის ცხოვრების დიდ როლს იკავებდა, ამ ფაქტმა საშუალება მომცა, არა მარტო შემესწავლა სტალინის პიროვნება, არამედ მის იმ საქმიანობაშიც გავრკვეულიყავი, რომელმაც ბელადის ცხოვრების დიდი ნაწილი დაიკავა და რომლის გარეშეც ძნელია ამ ადამიანის შეცნობა.

ლ. ო.: 1918 წლის ივნისში ლენინი აგზავნის სტალინს ცარიცინში, სადაც ეს უკანასკნელი პირველად მოირგებს სამხედრო ფორმას. რა ზეგავლენას მოახდენს სამოქალაქო ომის ეს პერიოდი მომავალი გენერალისიმუსის ჩამოყალიბებაზე?

ცარიცინში სამოქალაქო ომის წლებში სტალინი გამოავლენს საკუთარი ხასიათის თვისებებსა და პოლიტიკურ წინასწარგანწყობას, რომლებიც განსაზღვრავენ მისი მმართველობის პოლიტიკას შემდგომ ათწლეულებში. ცარიცინის მოვლენებთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის, ახალი მასალები, რომლებსაც მე ჩემს წიგნში ვიყენებ, თავისი შინაარსით საოცრად ჰგავს დიდი ტერორის ან ომისშემდგომ „ექიმების საქმესთან“ დაკავშირებულ დოკუმენტებს: იგივე ეჭვი, იგივე შეთქმულების ძიება, იგივე დადანაშაულება წარმოსახვითი "მტრებისა" იმ მარცხებში, რაც სინამდვილეში სტალინის მიერ ჩადენილი შეცდომებით და არაკომპეტენტურობით იყო გამოწვეული. ზოგადად, სტალინის პოლიტიკის ეს მოდელი სამოქალაქო ომის დროს ჩამოყალიბდა და შემდგომში უცვლელი დარჩა.

სტალინი განსაკუთრებით ფართოდ იყენებდა სამოქალაქო ომის გამოცდილებას დიდი სამამულო ომის პირველ პერიოდში. ამ მხრივ ძალზედ სიმბოლურია მის მიერ 1941 წელს ფრონტებთან კომუნიკაციისთვის იმ ძველი ტელეგრაფის მოდელით სარგებლობა, რომელსაც იგი სამოქალაქო ომის დროს იყენებდა. დრო გავიდა, სანამ ეს რთული და არაეფექტიანი საშუალება კავშირისა ჩანაცვლებულ იქნება თანამედროვე სატელეფონო კომუნიკაციით. მაგრამ საქმე, სამწუხაროდ, არ შემოიფარგლება მხოლოდ კომუნიკაციით. უფრო მნიშვნელოვანი იყო სამოქალაქო ომის დროს სტალინისთვის დამახასიათებელი უნდობლობა პროფესიონალი სამხედროების მიმართ და მის მიერ კომისრის ინსტიტუტზე დაყრდნობა. თავად სტალინი იყო მთავარი კომისარი. იგი არ ენდობოდა სამხედროებს, არ აძლევდა მათ ინიციატივის გამოჩენის საშუალებას, მუდმივად ერეოდა ჯარების მართვაში, თუმცა სამხედრო საქმისა დიდი არაფერი გაეგებოდა.

აქ მართებული იქნება ორი სიტყვით შევეხო სტალინის მიერ თვით სამხედრო ამოცანების გააზრებას. ომის დაწყებამდე, სტალინისათვის მნიშვნელოვანი იყო საგარეო პოლიტიკა და სამხედრო წარმოების გაფართოება. სტალინი დიდ დროს უთმობდა გერმანიასთან თანამშრომლობის საკითხებს, ის მუდმივად აკონტროლებდა თვითმფრინავების, ტანკებისა და სხვა იარაღის წარმოებას. ხოლო რაც შეეხება ჯარების მართვას - ეს საკითხები იყო მისი ინტერესების პერიფერიაზე, რამაც გავლენა მოახდინა სამხედრო ხელმძღვანელობის დონეზე, რადგან სტალინი იყო ერთადერთი, რომელიც ყველაფერს წყვეტდა.

ლ. ო.: რა პოზიცია ეკავა სტალინს 1939-1941 წლებში? მისი საგარეო პოლიტიკა იყო ექსპანსიონისტური თუ ეს იყო პასიური ლოდინის პოლიტიკა?

ჩემის აზრით, სტალინს ეშინოდა გერმანიასთან ომის. ამ თვალსაზრისში ახალი არაფერია. თუმცა ბოლო დროს გამოჩნდნენ ავტორები, რომლებიც თვლიან, რომ სტალინი თავს იმდენად ძლიერად მიიჩნევდა, რომ მზად იყო პირველი დასხმოდა თავს ჰიტლერს, რათა ევროპაში რევოლუცია მიეტანა წითელი არმიის ხიშტებზე. ასეთი ტიპის ჰიპოთეზები დაფუძნებულია უბრალო რაოდენობრივ შედარებებზე წითელ არმიასა და ვერმახტს შორის. მაგრამ ასეთი მექანიკური მიდგომები არაფერს არ ადასტურებს. სინამდვილეში წითელი არმია წარმოადენდა ძალიან სუსტ ძალას. მას აკლდა კვალიფიციური კადრები, დისციპლინა არმიაში ძალიან დაბალი იყო, ხოლო ტექნიკა ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან. ქვეყნის ეკონომიკა იყო ძალიან მძიმე პირობებში. ეს კიდევ უფრო აუარესებდა ხალხის ცხოვრების ისედაც საშინელ დონეს, რაც თავის მხრივ ტრანსფორმირდებოდა სოციალურ უკმაყოფილებად. სტალინი გარკვეულწილად აცნობიერებდა ამ ყველაფერს. ზოგადად, რა თქმა უნდა, სტალინის მიზანი იყო საბჭოთა ექსპანსია და მსოფლიო რევოლუცია, თუმცა მას ესმოდა, რომ 1939-1941 წწ-ში ამის პირობები - არც შიდა სიძლიერე და არც გარემო ხელსაყრელი პირობები - არ არსებობდა.

ლ. ო.: რაში მდგომარეობდა სტალინის მთავარი შეცდომა ამ პერიოდში?

სტალინის მთავარი შეცდომა იყო ის (და ეს შეცდომაზე მეტი იყო), რომ ომის წინ მან დაასრულა ტერორისტული დიქტატურის პოლიტიკური სისტემის შექმნა. ასეთი სისტემა, რომელიც მხოლოდ შიშს და ტერორს ეფუძნებოდა, სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის სამხედროს, აბსოლუტურად უუნაროს ქმნიდა. ტერორმა ძალიან დაასუსტა ქვეყანა. ამას გარდა დიქტატორის გარდაუვალი შეცდომები ასეთ სისტემაში საბედისწერო მნიშვნელობას იძენდა და კატასტროფული შედეგის მომტანი იყო. სტალინმა აიძულა ყველა, დაეჯერებინა, რომ მან სხვებზე უკეთ იცოდა, რა იყო საჭირო, რა იყო გასაკეთებელი. სინამდვილეში მან დიდი არაფერი იცოდა. თვლიდა რა, რომ ჰიტლერი ვერ გაბედავდა ორ ფრონტზე ომს, იგი მწარედ შეცდა. და მის ამ შეცდომას ჰქონდა საბედისწერო მნიშვნელობა, რადგან ყველა, ვინც კი იცნობდა სტალინს, ვერ ბედავდა მომზადებულიყო მოვლენების სხვაგვარი განვითარებისათვის.

ლ. ო.: რამდენად ეფექტიანი იყო სტალინის სამხედრო და ეკონომიკური მმართველობა ომის დროს?

სტალინის დიქტატურა იყო დაფუძნებული მობილიზაციურ ეკონომიკაზე, რომელიც ზოგადად ძალიან არაეფექტიანი და მფლანგველური იყო და რომელიც ბევრ მსხვერპლს მოითხოვდა. მისი ძალა მდგომარეობდა გრძელვადიან ე.წ. უარყოფითი ეფექტიანობის პირობებში ფუნქციონირების უნარზე, როცა იგი მზად იყო, წასულიყო ნებისმიერ მსხვერპლზე და ათეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ომის პერიოდში სისტემის ასეთი თვისებები და სტალინის ეს მეთოდები თავისებურად ეფექტიანი იყო, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ თუ რა სახის მტერთან უწევდა ომი საბჭოთა კავშირს.

ზოგადად ეს ძალიან რთული საკითხია. ყოველთვის არის ცდუნება ამტკიცო, რომ ნაციზმთან დაპირისპირება შეეძლო მხოლოდ ისეთ მონსტრს, როგორიც სტალინიზმი იყო და რომ დემოკრატიები ასეთ ორთაბრძოლაში განწირული იყვნენ. საფრანგეთის 1940 წლის ტრაგიკული ბედი ამ თეზისის სასარგებლოდ მეტყველებს. თუმცა მე ასეთი ისტორიული პესიმიზმი გადაჭარბებულად მიმაჩნია. საბჭოთა კავშირის მაგალითი აჩვენებს, რომ გამარჯვებები იქნა მიღწეული არა მარტო იძულების, ტოტალური რეპრესიებისა და მობილიზაციის საშუალებით, არამედ დიქტატურის შედარებითი შესუსტების და ინიციატივის გაზრდის შედეგად. ზუსტად ამის გამო იყო სტალინი ომის პირველ პერიოდში ძალზედ არაეფექტიანი. 1942 წლის დასასრულიდან დაიწყო სახელმწიფო ძალაუფლების გარდაქმნა, მოძრაობა კოლექტიური მმართველობისაკენ, მართვის ფუნქციების გადანაწილება დიქტატორის მხრიდან ტოტალური კონტროლის შესუსტების ფონზე.

ლ. ო.: საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომში გაიმარჯვა მიუხედავად სტალინისა თუ სტალინის წყალობით?

ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა ყოველთვის ძალიან ძნელია, რადგან პრობლემა მრავალწახნაგოვანია და მოიცავს უამრავ ასპექტს, რომლის დროსაც ყოველი საკითხის სათითაოდ ანალიზია საჭირო. ნათელია, რომ თუ ომი ასე საშინელი აღმოჩნდა საბჭოთა კავშირისათვის, ეს დიდწილად განპირობებული იყო სტალინის პირადი დიქტატურის სისტემის უუნარობით, სათანადო რეაგირება მოეხდინა სამხედრო საფრთხეზე. 1941-1942 წლის კატასტროფები ამის შედეგი გახლავთ. მეორე მხრივ, ასეთი ტიპის დიქტატორულ სისტემაში, როდესაც ყველაფერი ბელადზე იყო დამოკიდებული, სტალინმა დიდი შეცდომებისა და უდიდესი მსხვერპლის შედეგად მიიყვანა ქვეყანა გამარჯვებამდე. სხვათა შორის სტალინისტური სისტემის ასეთი ტიპის ფუნქციონირება ასევე დამახასიათებელი იყო ომამდელი პერიოდისათვის. სტალინური სისტემა მაშინაც ანალოგიური სქემის მიხედვით ფუნქციონირებდა, როდესაც საკუთარი არაეფექტიანობის კომპენსირებას ახდენდა უდიდესი მსხვერპლით და ხარჯებით და საბოლოოდ გარკვეულ შედეგს აღწევდა. უბრალოდ, გასათვალისწინებელია, რომ ასეთი ტიპის სისტემას შეეძლო ფუნქციონირება მხოლოდ ადამიანური და მატერიალური რესურსებით ისეთ მდიდარ ქვეყანაში, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო. მხოლოდ ასეთ სისტემაში, საზოგადოებაზე უდიდესი ძალადობისა და ტერორის, მაგრამ ასევე მილიონობით საბჭოთა ადამიანის პატრიოტიზმის შედეგად, გახდა გამარჯვება შესაძლებელი. მოკლედ რომ ვუპასუხო თქვენს შეკითხვას, მე ვიტყოდი, რომ საბჭოთა კავშირმა ომში გაიმარჯვა როგორც მიუხედავად, ასევე სტალინის წყალობით. ოღონდ მე სიტყვა „მიუხედავად“-ს პირველ ადგილზე დავწერდი...

ლ. ო.: რამდენად გარდაუვალი იყო აღმოსავლეთ ევროპის გასაბჭოება? იყო შესაძლებლობა, რომ პოლონეთი ან რუმინეთი, ან იგივე აღმოსავლეთი გერმანია ფინური გზით წასულიყვნენ?

ამ საკითხზე დებატები არ ცხრება ისტორიკოსებს შორის. ზოგიერთი ფიქრობს, რომ სტალინი მზად იყო შეენარჩუნებინა ისეთი ნახევრადკომუნისტური სისტემები, რომლებიც ომის შემდეგ ჩამოყალიბდა აღმოსავლეთ ევროპაში. მაგრამ, ჩემის აზრით, ეს სტალინის მხრიდან მხოლოდ ტაქტიკური სვლა გახლდათ. აღმოსავლეთ ევროპაში სტალინი თანახმა იყო დათმობაზე წასულიყო მანამ, სანამ ევროპაში დასავლელი მოკავშირეები თანახმა იქნებოდნენ დათმობაზე წასულიყვნენ და არ შეეწინააღმდეგებოდნენ იტალიაში და საფრანგეთში კომუნისტების მოსვლას ხელისუფლებაში. სტალინის მხრიდან აღმოსავლეთ ევროპისადმი რბილ მიდგომას, უნდა ეჩვენებინა დასავლეთ ევროპისათვის, რომ ხელისუფლებაში კომუნისტები არც თუ საშიშ ძალას წარმოადგენდნენ. ცივი ომის დაწყებასთან ერთად, როდესაც შეწყდა დასავლეთ ევროპასთან ყოველგვარი კომუნიკაცია, კარდინალურად შეიცვალა სტალინის პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ. ამ პირობებში მხოლოდ ის ქვეყნები გადაურჩა სოვეტიზაციას, სადაც წითელ არმიას ფეხი არ ჰქონდა დადგმული. ასეთი ქვეყნები იყო ფინეთი და იუგოსლავია, თუმცა იუგოსლავიის შემთხვევაში სტალინმა ბოლომდე იბრძოლა.

ლ. ო.: რომ არა რუზველტის სიკვდილი 1945 წლის გაზაფხულზე, შესაძლებელი იყო ცივი ომის დროებით თავიდან აცილება?

მე ნაკლებად მჯერა ამის, თუმცა რუზველტის პიროვნების ფაქტორს შესაძლოა ეთამაშა დადებითი როლი მოკლევადიან პერიოდში. მაგრამ მთლიანობაში საქმე გვქონდა ორ ისეთ რადიკალურად განსხვავებულ სისტემასთან, რომ მათი შეჯახება გარდაუვალი იყო. ნაციზმის დამარცხების შემდეგ სტალინისტური საბჭოთა კავშირი რჩებოდა ერთადერთ ზეძალად, რომელსაც შეეძლო დასავლური ცივილიზაციის განადგურება თუ არა, საგრძნობლად შერყევა მაინც. სტალინმა აჩვენა, რომ ის მზად იყო ემოქმედა ძალმომრეობით და შეეტოპა იმდენად შორს, რამდენადაც მას საშუალებას აძლევდნენ გარემოებები. ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია, რა დათმობების ხარჯზე შეეძლოთ დასავლელ მოკავშირეებს ეიძულებინათ სტალინი წასულიყო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე, უარი ეთქვა მსოფლიო რევოლუციასა და ექსპანსიაზე. საშინელი ომის გამოცდილებამ ხომ კიდევ უფრო გააძლიერა სტალინის ეჭვიანობა და სისასტიკე, როგორც შიდა, ისე საგარეო საქმეებში!

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG