Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იქნება თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი?


საქართველოს მთავრობამ 15 თებერვალს დაამტკიცა ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც, 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. სამსახურის უმთავრესი ფუნქციები იქნება სამართალდამცავი სტრუქტურებისა და მათი წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ზოგიერთი კატეგორიის დანაშაულის გამოძიება. სახელმწიფო ინსპექტორი შეითავსებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დღევანდელ ფუნქციებსაც. არასამთავრობო ორგანიზაციები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობას, რადგან, კანონპროექტის მიხედვით, მას მხოლოდ საგამოძიებო ფუნქცია ექნება, დევნის ფუნქცია კი კვლავ პროკურატურას დარჩება. კანონპროექტის ინიციატორის, იუსტიციის მინისტრის, განმარტებით, ინსპექტორი ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე და ის არ დაექვემდებარება აღმასრულებელი ხელისუფლების არც ერთ სტრუქტურას.

გადმოწერა

რამდენიმეწლიანი ფიქრისა და განხილვების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მთავრობას წარუდგინა კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, ანუ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის, შექმნასთან დაკავშირებით. კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნცქია იქნება გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ კონკრეტული ტიპის დანაშაულები - ისეთი დანაშაულები, როგორიცაა წამება, წამებით მუქარა, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა; უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება/გადამეტება ძალადობის ან იარაღის გამოყენებით, ან დაზარალებულის ღირსების შეურაცხყოფით; ჩვენების მიცემის იძულება; სამართალდამცავის მიერ შესაძლო ჩადენილ სხვა ნებისმიერ დანაშაულს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, როდესაც მსხვერპლი იმყოფებოდა პოლიციის კონტროლის ქვეშ. კანონპროექტის მნიშვნელობაზე 15 თებერვალს მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა:

„იუსტიციის სამინისტრო შემოდის ინიციატივით, რომ იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელსაც სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაული, არასათანადო მოპყრობა და გადაცდომები უნდა დაექვემდებაროს გამოსაძიებლად. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ითვალისწინებს ამ უწყების აბსოლუტურ დამოუკიდებლობას და ამ იერარქიული დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფი იქნება პარლამენტი. გათვალისწინებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა და ის დაფუძნებულია ყველა იმ ძირითად პრინციპზე, რომელიც წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს და არის აპრობირებული“.

სამწუხაროდ, საქართველოში შექმნილი კანონმდებლობით და გამოცდილებით, საპროკურორო ზედამხედველობა ნიშნავს იმას, რომ, ფაქტობრივად, პროკურორი აწარმოებს საქმეს. მაგალითად, პროკურორს დღეს აქვს ისეთი უფლებამოსილებები, როგორიც არის გამოძიების შეწყვეტის უფლებამოსილება...
გია გვილავა

სწორედ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობას აყენებენ ეჭვქვეშ წარმომადგენლები კოალიციისა „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“. ეჭვის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ახლად შექმნილი სამსახური აღჭურვილი იქნება მხოლოდ საგამოძიებო კომპეტენციით, სისხლისსამართლებრივი დევნა კი კვლავ პროკურატურის ექსკლუზიურ უფლებამოსილებად დარჩება. გია გვილავა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" პროგრამების კოორდინატორი, რადიო თავისუფლებასთან კანონპროექტის ნაკლოვანებებზე ლაპარაკობს და ყურადღებას განსაკუთრებით სწორედ პროკურატურის ფუნქციებზე ამახვილებს. მისი თქმით, საქართველოში არსებული საგამოძიებო სისტემისა და კანონმდებლობის მიხედვით, საპროკურორო ზედამხედველობის შინაარსის გათვალისწინებით, გამოძიებას პრაქტიკულად მთლიანად წარმართავს პროკურორი და ყველა საგამოძიებო ორგანოს გამომძიებელი ერთნაირი ხარისხით ექვემდებარება პროკურორის მითითებებს. კოალიციის წარმომადგენლები შიშობენ, რომ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ხარისხის მიუხედავად, სამსახურის გამომძიებლები უშუალოდ გამოძიების პროცესში მაინც დარჩებიან სრულად დამოკიდებულნი საქმის პროკურორებზე:

„სამწუხაროდ, საქართველოში შექმნილი კანონმდებლობით და გამოცდილებით, საპროკურორო ზედამხედველობა ნიშნავს იმას, რომ, ფაქტობრივად, პროკურორი აწარმოებს საქმეს. მაგალითად, პროკურორს დღეს აქვს ისეთი უფლებამოსილებები, როგორიც არის გამოძიების შეწყვეტის უფლებამოსილება. მას შეუძლია გამომძიებელს დავალება მისცეს; მას შეუძლია მუხლი გადააკვალიფიციროს, რაც იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ქვემდებარობიდან საერთოდ გაიყვანოს საქმე. ანუ, პროკურორი ამ პროცესში არის ძალიან დიდი გავლენის მქონე და ჩვენ ასეთ ვითარებაში ვერ ვხედავთ სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებლების ეფექტიანობას და მათ რეალურ დამოუკიდებლობას“.

ქვეყანაში დგას პრობლემა როგორც ეფექტური გამოძიების კუთხით, ისე ეფექტური სისხლისსამართლებრივი დევნის მხრივ. სახალხო დამცველი, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, მიუთითებენ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის საქმიანობა ამ მიმართებით იყო ნაკლებეფექტური.
გიორგი ბურჯანაძე

კანონპრეოქტის მიხედვით, გამოძიების დასრულების შემდეგ სწორედ პროკურორს აქვს უფლება გადაწყვიტოს, წაიღოს თუ არა საქმე სასამართლოში. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“, რომელმაც იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით სპეციალური წერილი გამოაქვეყნა, წარსულ ნეგატიურ გამოცდილებაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ სამართალდამცავთა დაუსჯელობისა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების არაეფექტური გამოძიების და დევნის პრობლემა სწორედ პროკურატურის პასუხისმგებლობაა.

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ამბობს იმასაც, რომ აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს დღეს არსებული კონტექსტი და სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულთა ის ტიპები, რომლებზეც ხშირად მიუთითებენ მოქალაქეები. ამ კუთხით, მათი აზრით, პირველ რიგში აღსანიშნავია ნარკოტიკული საშუალებების „ჩადების“ შემთხვევები. სწორედ ამიტომ, კოალიცია მიიჩნევს, რომ გარდა კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაულებებისა (წამება, წამებით მუქარა, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა; უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება/გადამეტება ძალადობის ან იარაღის გამოყენებით, ან დაზარალებულის ღირსების შეურაცხყოფით; ჩვენების მიცემის იძულება; სამართალდამცავის მიერ შესაძლო ჩადენილი სხვა ნებისმიერი დანაშაული, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, როდესაც მსხვერპლი იმყოფებოდა პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ), აღნიშნული ტიპის დანაშაულიც უნდა მოექცეს ახლად შექმნილი უწყების საგამოძიებო სფეროში.

არასამთავრობოების ტრადიციულ მოთხოვნაზე, რომ საქართველოში შეიქმნას მეორე დევნის ორგანო, პროკურატურა, პასუხი არის უარყოფითი. ჩვენ არც რაიმე საერთაშორისო ვალდებულება გვაქვს, არც ევროპული სტანდარტი არ არის ასეთი...
თეა წულუკიანი

სახალხო დამცველის ოფისმა უკანასკნელი წლების განმავლობაში 60-ზე მეტ საქმეზე გაგზავნა რეკომენდაცია სამართალდამცავების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის, თქმით, სწორედ ამგვარი სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში ამ მხრივ რთული ვითარებაა:

„ქვეყანაში დგას პრობლემა როგორც ეფექტური გამოძიების კუთხით, ისე ეფექტური სისხლისსამართლებრივი დევნის მხრივ. სახალხო დამცველი, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, მიუთითებენ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის საქმიანობა ამ მიმართებით იყო ნაკლებეფექტური“.

არასამთავროვო ორგანიზაციების კრიტიკას 15 თებერვალს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უპასუხა:

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

„არასამთავრობოების ტრადიციულ მოთხოვნაზე, რომ საქართველოში შეიქმნას მეორე დევნის ორგანო, პროკურატურა, პასუხი არის უარყოფითი. ჩვენ არც რაიმე საერთაშორისო ვალდებულება გვაქვს, არც ევროპული სტანდარტი არ არის ასეთი. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ის ინტერესთა კონფლიქტი, რაც შესაძლებელია არსებულიყო, როდესაც ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გამოიძიებს საქმეს, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე თავის თავი რომ არ შეამოწმოს, აქ ვფიქრობთ, რომ უზენაესი სასამართლოს ფუნქცია გახდეს ასეთ საქმეებზე - ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე - მონიტორინგი“.

არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, საპარლამენტო ოპოზიციაც მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, დიდი ალბათობით, მხოლოდ და მხოლოდ ფასადური ხასიათის იქნება და ის ვერ განახორციელებს სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი დანაშაულებების ეფექტურ გამოძიებას. ასე ფიქრობ ოთარ კახიძეც, „ევროპული საქართველოს წევრი“:

„გაუგებარია, რატომ არის დავიწროებული გამოსაძიებელ დანაშაულებათა წრე. ეს ინიციატივა უკავშირდება მოვალეობის მოხდას, რომ სადღაც ჩაითვალონ და ქულა დაიწერონ“.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. საქართველოში სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების საგამოძიებო სტრუქტურის შექმნის აუცილებლობაზე არაერთი წელია მიუთითებენ საერთაშორისო ორგანიზაციები. ამის შესახებ ლაპარაკობდა ჯერ კიდევ 2011 წელს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა ყოფილი უმაღლესი კომისარი, ტომას ჰამარბერგი. ერთი თვის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human rights watch ხაზგასმით მიუთითებს, რომ საქართველოს არ გააჩნია დამოუკიდებელი, ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად. და იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იწყება გამოძიება, Human rights watch-ის შეფასებით, ის მიმდინარეობს იმგვარი მუხლებით, რომლებიც მსუბუქ, შეუსაბამო სანქციებს ითვალისწინებს - მაგალითად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება - და იშვიათად დგება გამამტყუნებელი განაჩენები. ერთ-ერთი ასეთი უკანასკნელი განაჩენი სამართალდამცავის მიერ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე დადგა. სასამართლომ ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი დამნაშავედ მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტებაში ცნო, გაამართლა ძალადობის განხორციელების ნაწილში და სასჯელად 10 000 ლარის გადახდა დააკისრა.

რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის შერჩევის წესს, ხელისუფლების სამივე შტოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული შესარჩევი კომისია პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას წარუდგენს 2-დან 5 კანდიდატს. მათგან მთავრობა შეარჩევს ორს და, საბოლოოდ, სახელმწიფო ინსპექტორს საკანონმდებლო ორგანო აირჩევს.

XS
SM
MD
LG