Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი: თუ გადაჭარბებულ მოთხოვნებს არ წამოგვიყენებენ, ბირთვული შეთანხმება შესაძლებელია


ბირთვული მოლაპარაკების ბოლო ეტაპი ვენაში
ბირთვული მოლაპარაკების ბოლო ეტაპი ვენაში

ირანი მიაღწევს თავის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას, თუ მეორე მხარე გადაჭარბებულ მოთხოვნებს არ წამოგვიყენებს, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა ვენაში, სადაც ბირთვული მოლაპარაკების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. ზარიფს შეხვედრა და მოლაპარაკება ჰქონდა თავის ამერიკელ კოლეგასთან, ჯონ კერისთან, სანამ თვითონ შეხვედრაში ჩართული მხარეების მიერ შემუშავებული ვადა, 30 ივნისი, დადგებოდა. მონაწილეები ფიქრობენ, რომ ამ ვადაში შეთანხმება ვერ მოხდება და რომ ის ორი-სამი დღით გადაიწევს. ზარიფი ამბობს, მართლა დაძაბული მუშაობაა საჭირო წინსვლის მისაღწევადო. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ ვაშინგტონმა თავისი დანაპირები უნდა შეასრულოს:

„ჩვენ კვლავაც იმ მოთხოვნაზე დავრჩებით, რომ მეორე მხარემ უნდა შეასრულოს სანქციების საკითხში დადებული პირობა. ეკონომიკური და ფინანსური სანქციები დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების მოქმედებაც“.

სანქციების მოქმედება რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს, ეს ირანის ბუნებრივი სურვილია, რადგან ამ ქვეყნის ეკონომიკას და ხალხს დიდი ზარალი და ზიანი მიაყენა ამ შეზღუდვებმა. მაგრამ რა იგულისხმება სიტყვაში „დაუყოვნებლივ“? საქმე ისაა, რომ ვენაში შეთანხმების მიღწევა არ ნიშნავს რამე დოკუმენტზე ხელის მოწერას და მისი პირობების შესრულებას. ამ ეტაპზე შეთანხმებას მოჰყვება რამდენიმეთვიანი პერიოდი, როცა უკვე შეთანხმებულის განხორცილების მომზადება იქნება საჭირო. ეს, პირველ რიგში, ეხება ტექნიკურ მხარეს, ბირთვული პროგრამის შეზღუდვისა და მეთვალყურეობის დეტალებს. ამას გულისხმობდა ზარიფი, ამ ტექნიკურ მხარეს, როცა ამბობდა, დაძაბული მუშაობა გველისო. იგივე თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, რომელმაც იმედი გამოთქვა, ვადებს დავიცავთო. ვენაში ირანის დელეგაციის ხელმძღვანელმა აბას არაყშიმ მოლაპარაკება შეაფასა როგორც „ნელი და რთული“. მისი თქმით, ლოზანაში აპრილში მიღწეული ჩარჩო შეთანხმება გამოუსადეგარია, რადგან ზოგიერთმა მონაწილე ქვეყანამ შეიცვალა პოზიცია. ლოზანაში აპრილის შეთანხმება, აცხადებენ ეს სხვა ქვეყნები, სრულად, ასი პროცენტით, არ ყოფილა მიღწეული. საქმე იმას ეხება, თუ როგორ უნდა მოხდეს ირანის პროგრამის შეზღუდვის მეთვალყურეობა, მის ობიექტებზე საერთაშორისო მეთვალყურეების დაშვება. ვენაში შეთანხმების მიღწევა საფუძველი გახდება სამომავლო პოლიტიკური და სხვა შეთანხმებისთვის. მხარეებს არ სურთ ხელი მოაწერონ საერთაშორისო შეთანხმებას, რადგან ასეთი დოკუმენტის ძალაში შესასვლელად ის ექვსივე პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ამდენად, შესათანხმებელია რა გზით მიაღწიონ იმგვარი დოკუმენტის შექმნას, რომ ის ყველასათვის მისაღები გახდეს.

"არსებობს მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც მოლაპარაკების მონაწილეებისგან სერიოზულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მოითხოვს. თუ ამისთვის მზადყოფნა არის, ვფიქრობ, ხელთ გვექნება ყველასათვის სასარგებლო შეთანხმება“, ამბობს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი. მას სურს, საბოლოო დოკუმენტის საერთაშორისო აღიარებისთვის, უშიშროების საბჭომ მიიღოს ახალი რეზოლუცია, რომელიც მიღწეული შეთანხმების შესრულების გარანტია იქნება. ბირთვულ მოლაპარაკების შედეგად, ირანს უნდა შეეზღუდოს თავისი ბირთვული პროგრამა, სანაცვლოდ კი, თეირანს უნდა გაუუქმონ დაწესებული სხვადასხვა ხასიათის სანქციები. დასავლეთში არის ვარაუდი, რომ ირანს შეიძლება ატომური იარაღის შექმნა სურდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG