Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯარში მხოლოდ რეკრუტებს უხმობენ


ვაზიანის სამხედრო ბაზა
ვაზიანის სამხედრო ბაზა

1 ნოემბრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებულ ძალებში იწვევს მოქალაქეებს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გასავლელად. სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ოთხწლიანი კონტრაქტით მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი. ასევე რეზერვში მყოფი რიგითები, კაპრალები და სერჟანტები, რომელთა ასაკი არ აღემატება 35 წელს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინათინ ხიდაშელის 2016 წლის 27 ივლისის ბრძანებით, თავდაცვის სამინისტრო აღარ ახორციელებს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას, თუმცა, შესაძლოა, სულ მალე თავდაცვის მოქმედმა მინისტრმა კვლავ აღადგინოს სტატუს კვო.

ჯარში მხოლოდ რეკრუტებს უხმობენ
please wait

No media source currently available

0:00 0:05:51 0:00
გადმოწერა

1 ნოემბრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფი სამუშაო დღეს საქართველოს ჰიმნის ფონზე სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყებს. ასევე 1 ნოემბრიდან მიიღებს თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს საკონტრაქტო სამსახურის გასავლელად. ამის შესახებ თავდაცვის უწყებამ თავისი ოფიციალური ვებსაიტითა და სოციალური ქსელებით სარეკლამო რგოლი გავრცელა:

იმისთვის, რომ გახდეს რეკრუტი, მოქალაქე აბარებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტესტს; ასევე გადის სამხედრო სამედიცინო კომისიას. რეკრუტი ირიცხება საწყისი საბრძოლო მომზადების ათკვირიან კურსზე...
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია

„სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით. ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე მათი და მათი ოჯახების სოციალური და სამართლებრივი დაცვით. მაღალი ანაზღაურების გარდა, საკონტრაქტო სამხედრო სამსახური კარიერული ზრდის საშუალებასაც იძლევა. სამხედრო მოსამსახურეს ასევე შეუძლია პროფესიული მომზადების დონე უცხოელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით აიმაღლოს, აითვისოს უცხო ენა და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ოპერაციებში. იმისთვის, რომ გახდეს რეკრუტი, მოქალაქე აბარებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტესტს; ასევე გადის სამხედრო სამედიცინო კომისიას. რეკრუტი ირიცხება საწყისი საბრძოლო მომზადების ათკვირიან კურსზე“.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმისთვის, რომ გახდეს რეკრუტი, მოქალაქე აბარებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტესტს, ასევე გადის სამხედრო სამედიცინო კომისიას. რეკრუტი ირიცხება საწყისი საბრძოლო მომზადების ათკვირიან კურსზე. სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის თქმით, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გაწვევა საშურია თუნდაც იმის გამო, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს კადრების დეფიციტი აქვს.

„ჩვენდა სამწუხაროდ, დეფიციტი დიდია. არ მაქვს უფლება და ვერც ვიტყვი, თუ რამდენი პროცენტითაა დაკომპლექტებული საქართველოს შეიარაღებული ძალები. როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნება უნდა იყოს 37 ათასი, ეს ნიშნავს ზედა ზღვარს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამდენია საქართველოს შეიარაღებული ძალები. სამწუხაროდ, არის დეფიციტი დაკომპლექტებაში და ეს დეფიციტი აქვს თითოეულ ქვეით ბრიგადას, რაც, ცხადია, დიდი პრობლემაა“, – უთხრა ირაკლი ალადაშვილმა რადიო თავისუფლებას.

დაამძიმა თუ არა ეს პრობლემა ყოფილი მინისტრის გადაწყვეტილებამ, შეეჩერებინა სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა? – თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ კითხვას პასუხი გაეცემა ერთ კვირაში, როცა სამინისტრო მიიღებს ახალ სტრატეგიას. თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია არ მალავს, რომ სწავლობს წინამორბედის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ავკარგიანობის საკითხს:

„შევისწავლეთ, პრაქტიკულად, ყველა ქვეყნის გამოცდილება და, ბუნებრივია, მე როგორც მინისტრს, ჩამომიყალიბდა ჩემი პოზიცია. ახლო მომავალში ვგეგმავთ ამ პოზიციით წარვსდგეთ ექსპერტებთან, მესამე სექტორთან, რათა იყოს ფართო სპექტრი წარმოდგენილი დისკურსიებში. ამის შემდეგ ვგეგმავთ ჩვენი მუშაობის 100 დღის შეჯამებას, ანგარიშის ჩაბარებას საზოგადოებისათვის. ასევე განვიხილავთ სამომავლო გეგმებს“.

ირაკლი ალადაშვილი
ირაკლი ალადაშვილი

​სამხედრო ექსპერტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საკონტრაქტო სამხედრო სამსახური ბევრად უფრო ეფექტიანია, ვიდრე საყოველთაო სავალდებულო გაწვევა. სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის თქმით, არასწორი იქნება დასკვნის გაკეთება მხოლოდ რეკრუტისა და საყოველთაო გაწვევით მობილიზებული ჯარისკაცის შენახვაზე გაწეული ხარჯების შედარებით: პირველის ხელფასი სულ ცოტა 800-1000 ლარია, მეორისა კი 10 ლარი, რომელსაც ემატება კვების თანხა თვეში, დაახლოებით, 70 ლარი, მაგრამ ანგარიშგასაწევია ისიც, რომ საყოველთაო გაწვევით მობილიზებული ჯარისკაცი ერთ წელიწადში თავისუფლდება, ხოლო რეკრუტის გაწვევა ხდება ოთხი წლით.

„ამ ადამიანს ოთხი წლით ქირაობენ, ანუ ოთხჯერ არ მოუწევთ ამ ოთხი წლის განმავლობაში ახალი ჯარისკაცის გაწვევა, მისი გაწვრთნა და ა.შ. ის, რომ თავდაცვა აღარ იწვევს წვევამდელებს, ერთი მხრივ, ეს შეიძლება გაუხარდათ ბრიგადის მეთაურებს, რადგანაც, დისციპლინის დაცვის თვალსაზრისით, ბევრად მეტი საშუალებაა რეკრუტზე ზემოქმედების მოსახდენად: ხელფასს დაუკავებ და სხვა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი პრობლემა: საყარაულო სამსახური არავის გაუუქმებია! მივიღეთ ის, რომ ყარაულში ვაყენებთ არა 5-10 ლარის ხელფასის მქონე ჯარისკაცს, არამედ 1000-ლარიან კონტრაქტის მოსამსახურეს, რაც არასწორია. მან მთელი ეს დრო უნდა მოახმაროს ველზე მომზადებას, რათა მისი პროფესიონალიზმი ამაღლდეს და არა იმას, რომ ყარაულში იდგეს ავტომატით“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი ალადაშვილმა, რომლის თქმითაც, საქართველოს ჯარში უნდა მსახურობდნენ როგორც რეკრუტები, ასევე სავალდებულო გაწვევით მობილიზებული ჯარისკაცები.

დღეს არსებული მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეებს სავალდებულო სამსახურში იწვევს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასჯელაღსრულების სამინისტრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. თავდაცვის სფეროს სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ მალე ეს ჩამონათვალი თავდაცვის სამინისტროთი შეივსება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG