Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანდალიზმის ფაქტი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის კედელზე


შოთა რუსთაველის ფრესკა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში
შოთა რუსთაველის ფრესკა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში
იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გარეთა კედელზე ჯერჯერობით უცნობმა პირებმა ქრისტიანობისა და მაცხოვრის შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს, დააზიანეს ასევე ადგილზე პარკირებული ავტომანქანების საბურავები. მომხდარს ადგილობრივი პოლიცია იძიებს, იერუსალიმის ჯვრის მონასტერზე განხორციელებული მორიგი ვანდალიზმის ფაქტი კი ისრაელისა და საქართველოს ოფიციალური პირების შესაბამისი განცხადებების საგანი გახდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის თანახმად, იერუსალიმის ჯვრის მონასტერზე გაკეთებული უხამსი წარწერების შესახებ გამოძიების დასრულებამდე რაიმეს თქმა ძნელია:

”მიმდინარეობს გამოძიება. სანამ ის არ დასრულდება, არ ვიცი, რა მოხდა სინამდვილეში. შეურაცხმყოფელი სიტყვებია დატოვებული და ამის შესახებ ჩვენ შეგვატყობინა ჩვენმა ელჩმა. მან მაშინვე მიმართა ისრაელის შესაბამის სამსახურებს თხოვნით, რომ გაირკვეს რაშია საქმე. ალბათ, მალე გაირკვევა და შემდეგ გეტყვით”.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას კი წინ უძღოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადება, რომელიც საქართველოში ისრაელის საელჩომ გაავრცელა:

ჩვენ გვახსოვს მაშინ ის საშინელი ამბავი, როდესაც შოთა რუსთაველის ფრესკულ გამოსახულებაზე იყო ჩარევა... აქ, საბედნიეროდ, საუბარია მხოლოდ მინაწერებზე, რომლებიც უპრობლემოდ წაიშლება ...
ნიკა ვაჩეიშვილი

”ებრაული ფასეულობები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება მსგავს ფაქტებს. აღმსარებლობის თავისუფლება ყოველთვის იქნება დაცული ისრაელის სახელმწიფოში. დამნაშავენი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. პოლიცია მოცემულ მომენტშიც ინტენსიურ გამოძიებას აწარმოებს”.

ისრაელის სახელმწიფოს პირველი პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას განსაკუთრებულ პრევენციულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი. მისთვის ძნელია იმის თქმა, სიძველეებზე წარწერის გაკეთების, სამწუხაროდ, არაიშვიათ ვანდალიზმთან გვაქვს საქმე თუ ამ ვანდალიზმს პოლიტიკური საფუძველიც აქვს. მიზეზების ძიების ნაცვლად, ნიკა ვაჩეიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რა შორსმიმავალი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას:

”ჩვენ გვახსოვს მაშინ ის საშინელი ამბავი, როდესაც შოთა რუსთაველის ფრესკულ გამოსახულებაზე იყო ჩარევა... აქ, საბედნიეროდ, საუბარია მხოლოდ მინაწერებზე, რომლებიც უპრობლემოდ წაიშლება და, ფაქტობრივად, მე ვფიქრობ, დაზიანებს გარეშე გადავრჩებით. თუმცა, ვიმეორებ, ძალიან კარგია, რომ სახელმწიფოებრივი დაცვის ქვეშ არის ეს პროცესი მოქცეული და ისრაელის სახელმწიფო გაემიჯნა და დაგმო ეს, რაც არის იმის გარანტია, რომ მსგავსი რაღაცები აღარ მოხდეს.”
11 დეკემბერს ღამით იერუსალიმში ჯვრის მონასტრის კომპლექსის კედლებზე უცნობმა პირებმა გააკეთეს შეურაცხმყოფელი წარწერები ქრისტიანული რელიგიის მიმართ ...
ნატა კორძაია

ნიკა ვაჩეიშვილის ინფორმაციით, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ადრე მომხდარ ვანდალურ ფაქტებზე რეაგირება კონკრეტული პირების დაკავებით არ დასრულებულა. მას არ სმენია, დააკისრეს თუ არა ვინმეს რაიმე ტიპის პასუხისმგებლობა ძეგლის დაზიანების, კერძოდ კი, ვანდალების მიერ მონასტრის კედელზე წარწერების დატოვების გამო. ასეთ შემთხვევას კი რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი, მათ შორის - 2010 წლის თებერვალში, მიმდინარე წელს კი - მეორედ. ბოლო ინციდენტი 11 დეკემბერს დაფიქსირდა, გვითხრა საქართველოს კონსულმა ისრაელში ნატა კორძაიამ:

”11 დეკემბერს ღამით იერუსალიმში ჯვრის მონასტრის კომპლექსის კედლებზე უცნობმა პირებმა გააკეთეს შეურაცხმყოფელი წარწერები ქრისტიანული რელიგიის მიმართ. ამასთან დაკავშირებით ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და უახლოეს მომავალში, როგორც აცხადებენ, იქნება ცნობილი ამ პირების ვინაობა”.

საინფორმაციო სააგენტო „ბიბისის“ თანახმად, ადგილობრივ პოლიციას ეჭვი რადიკალური რელიგიური ჯგუფების წევრებზე აქვს. თავის მხრივ, ეჭვს გამოთქვამს საქართველოს ელჩი ისრაელში არჩილ კეკელიაც, რომელმაც საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ვანდალიზმი, სავარაუდოდ, მემარჯვენე-რადიკალებმა ჩაიდინეს. მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იერუსალიმში ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდა სომხურ სასაფლაოსა და სიონის მთაზე.

იერუსალიმის ჯვრის მონასტერი შუა საუკუნეების ქართული რელიგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო. ძეგლი საბერძნეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის.
XS
SM
MD
LG