Accessibility links

გაეროს ქალთა ორგანიზაცია: ქალთა მიმართ ძალადობა კვლავ მისაღები ფენომენია


საქართველოში 7-დან 1 ქალს გამოუცდია ოჯახში ძალადობა, 9 % სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა ბავშვობაში, ქალების 20 % გამხდარა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული გამოკვლევის მიხედვით, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა, ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში კვლავ მისაღებ ფენომენად რჩება. კაცების 31%-ს, ხოლო ქალების 22 %-ს მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. მეტიც, ქალების მეოთხედი დ კაცების თითქმის ნახევარი (42 %) მიიჩნევს, რომ ცოლი ქმარს უნდა დაემორჩილოს მაშინაც კი, როცა მას არ ეთანხმება, თუმცა, როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ გამოკვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა, 2009 წელთან შედარებით, იმ ქალების რაოდენობა, ვინც მიიჩნევდა, რომ ოჯახში ძალადობა და, საერთოდ, ქალთა მიმართ ძალადობა მათი პირადი საქმეა, 50 %-ით შემცირდა და ეს დადებით ტენდენციაა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის თანახმად, სექსუალური ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა სექსუალური შევიწროება არაპარტნიორის მხრიდან. ქალების 20 % ამბობს, რომ სექსუალური შევიწროების მინიმუმ ერთი ფორმა განუცდია. 15-64 წლის ასაკის ქალთა 2.7 %-ს სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც განუცდია სექსუალური ძალადობა, მეუღლის და პარტნიორის გარდა, სხვა პირის მხრიდან.

საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 15 ათასი ქალი ამბობს, რომ ორსულობის დროს ერთხელ მაინც განუცდია ფიზიკური ძალადობა. მათგან 37 % ამბობს, რომ ორსულობის დროს მისთვის მუცელში მუშტი ან წიხლი ჩაურტყამთ. იმ ქალების 64 %-მა, ვისთვისაც ორსულობის დროს უცემიათ, თქვა, რომ ცემა ძალადობის მიმდინარე ციკლის ნაწილია, რომელსაც, მათ შორის ორსულობამდე პერიოდში, ერთი და იგივე პირი ახორციელებს. უფრო მეტიც, 6%-მა განაცხადა, ძალადობა ორსულობის დროს გამწვავდაო.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გაეროს ქალთა ორგანიზაციის გამოკვლევის პრეზენტაციას ესწრებოდა. მისი თქმით, ძნელია ადამიანმა კვლევაში მოყვანილი რიცხვები მშვიდად წაიკითხოს და საგანგაშოა, რომ კვლავ ძალიან მაღალია ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი.მისი შეფასებით, კვლავ პრობლემად რჩება კანონების აღსრულების საკითხი და ამ მიმართულებით ხელისუფლებას კიდევ აქვს სამუშაო.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე ამბობს, ეს კვლევა მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევს ხელისუფლებას ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად პოლიტიკის შემუშავებაში. ამჟამად უწყებათშორისი კომისია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თაობაზე საკომუნიკაციო სტრატეგიას ამუშავებს და ეს მიგნებები კონკრეტული სტრატეგიის ნაწილად იქცევა.

ქალთა მოძრაობის წევრი, ფემინისტი იდა ბახტურიძე ამბობს, რომ კვლევა უჩვენებს, რომ საზოგადოების ცნობიერება წინ უსწრებს სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვის სტრატეგიას. მაჩვენებელი, რომელიც მიუთითებს, რომ გაზრდილია სამართალდამცავებისადმი მიმართვიანობა, ცხადყოფს, რომ მოქალაქეთა პასუხისმგებლობა წინ უსწრებს კანონის აღმასრულებელთა ცნობიერებას.

ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის ერთობლივი ძალისხმევით, ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 15-64 წლის 6 006 ქალი და 1 601 კაცი გამოიკითხა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG