Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალთა უფლებები და უუფლებობა საუდის არაბეთში


საუდის არაბეთში ქალებსაც ექნებათ მანქანის მართვის უფლება
საუდის არაბეთში ქალებსაც ექნებათ მანქანის მართვის უფლება

საუდის არაბეთის მეფე სალმანის გადაწყვეტილებით, ამ ქვეყნის ისტორიაში პირველად, ქალებსაც ექნებათ მანქანის მართვის უფლება. ამდენად, გაუქმდება აკრძალვა, რომელსაც უფლებადამცველები მიიჩნევენ ისლამურ სამეფოში ქალთა ჩაგვრის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ. თუმცა ქალებს კიდევ მრავალი აკრძალვა და ტრადიცია ზღუდავს.

მეურვეობის სისტემა

ქალებისთვის აუცილებელია ჰქონდეთ მეურვე მამაკაცის ნებართვა, თუ სურთ გადაწყვეტილების მიღება საკითხებზე, როგორიცაა ქორწინება, მოგზაურობა, პასპორტის მისაღებად განაცხადის შეტანა, სამედიცინო დახმარების მიღებაც კი და, ზოგ შემთხვევაში, დასაქმებაც. მეურვეობის სისტემის ბევრი ასპექტი განისაზღვრება არა კანონით, არამედ ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკით.

როგორც აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩმა გამოაცხადა, ქალებს არ დასჭირდებათ მეურვე მამაკაცის ნებართვა მართვის მოწმობის მისაღებად და არც მეურვე მამაკაცის ყოფნა ავტომანქანაში, რომლის საჭესაც მიუჯდებიან. წელს, უფრო ადრე, მეფე სალმანმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც ქალებს ანიჭებს მეურვე მამაკაცების თანხმობის გარეშე, მაგალითად, განათლების ან სამედიცინო დახმარების მიღების უფლებას. მაგრამ უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ახალი წესი მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში სრულდება.

სამართლებრივი პროცედურები

ქალებს აქვთ სასამართლოში ჩვენების მიცემის უფლება, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მათი ჩვენების ფასი იმის ნახევარია, მამაკაცის ჩვენებას რომ ენიჭება. საუდის არაბეთში გაუქმდა მოთხოვნა, რომ ქალმა სასამართლოში მიიყვანოს ნათესავი მამაკაცი მისი ვინაობის დასადასტურებლად. 2013 წელს საუდის არაბეთში ქალებს პირველად მიენიჭათ ადვოკატის ლიცენზია, კლიენტების ინტერესების დასაცავად და საკუთარი საადვოკატო კომპანიების შესაქმნელად. ბოლო წლებში გაუმჯობესდა ქალთა უფლებრივი მდგომარეობა იმ მხრივაც, რომ მათ თავადვე შეუძლიათ იზრუნონ პირადობის მოწმობის აღებაზე ან გაყრილი და დაქვრივებული ქალის „საოჯახო ბარათების“ აღებაზე. ასეთ დოკუმენტებში აღწერილია ოჯახური მდგომარეობა და ისინი, უფლებადამცველ ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ინფორმაციით, აუცილებელია ბიუროკრატიული პროცედურებისათვის.

ჩაცმულობა

ქალებს მოეთხოვებათ სადად, მოკრძალებულად ჩაცმა, თუმცა არ არსებობს ოფიციალურად განსაზღვრული წესები და ტანისამოსი განსხვავებულია სხადასხვა რეგიონსა და სხვადასხვა ვითარებაში. ზოგადად, საუდის არაბეთის მკვიდრ ქალებს მოეთხოვებათ გრძელი, მუქი ფერის მოსასხამით („აბაია“) და სახის დამფარავი თავსაბურით („ჰიჯაბი“) სიარული. ჩაცმულობას აკვირდება რელიგიური პოლიცია და „დარღვევებისათვის“ არაერთი ქალი დაუკავებიათ. ჩაცმულობის მკაცრი წესები, ჩვეულებრივ, არ ვრცელდება უცხოელ ქალებზე.

სეგრეგაცია

საუდელი მამაკაცები და ქალები - თუ ოჯახის წევრები ან ნათესავები არ არიან - ერთად, ერთმანეთის გვერდით არ უნდა იმყოფებოდნენ. ამიტომ ქალებსა და მამაკაცებს ცალ-ცალკე ადგილები აქვთ მიჩენილი რესტორნებსა და კაფეებში, საკონცერტო დარბაზებში და კონფერენციებზე. ბიზნესის სფეროში დასაქმებული ქალი შეიძლება საერთოდ არ შეუშვან შენობის იმ ნაწილში, რომელშიც კომპანიის ხელმძღვანელები - როგორც წესი, მხოლოდ მამაკაცები - მუშაობენ. სეგრეგაციის პოლიტიკის გამო დამსაქმებლები დიდად არ არიან დაინტერესებული სამსახურში ქალების აყვანით. სეგრეგაცია ვრცელდება სამთავრობო უწყებებსა და კერძო ბიზნესზე. გამონაკლისია გიგანტური ნავთობკომპანია „საუდი არამკო“ და რამდენიმე უცხოური კომპანია.

ბინადრობა

ქალებს ოფიციალურად არ ეკრძალებათ უძრავი ქონების ყიდვა ან გაქირავება, მაგრამ ეს ამოცანა, უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, იოლი არ არის, თუ ნათესავი მამაკაცი არ გეხმარება.

დასაქმება

საუდის არაბეთის მთავრობას სურს ხელი შეუწყოს შრომის ბაზარზე ქალთა გააქტიურებას. შრომის კოდექსში გაუქმდა ქალთა დასაქმებაზე დაწესებული შეზღუდვები და ოფიციალურად გაუქმდა მოთხოვნა, რომ ქალს მეურვე მამაკაცის თანხმობა ჰქონდეს მიღებული მუშაობის დასაწყებად. თუმცა ზოგი დამსაქმებელი მაინც მოითხოვს მეურვე მამაკაცის თანხმობას.

საუდელი ქალები ადგილს იმკვიდრებენ პროფესიებში, რომლებიც დიდხანს იყო მიჩნეული მხოლოდ მამაკაცების საქმედ: ისინი უკვე მუშაობენ გამყიდველებად, ავიადისპეტჩერებად, მუშაობენ სატელეფონო საინფორმაციო ცენტრებში. მაგრამ ბიზნესკომპანიებისა და სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელთა დიდ უმრავლესობას მაინც მამაკაცები შეადგენენ და არსებობს დაწესებულებები, რომლებშიც არათუ ქალები არ მუშაობენ, ქალის ტუალეტიც კი არ არსებობს...

სპორტი

კონსერვატიულ მუსლიმ სასულიერო პირებს არაერთხელ გამოუთქვამთ აზრი, რომ ქალი, რომელიც ფიზიკურად ვარჯიშობს, „უწესოა“, თუნდაც ამას საჯაროდ ან კაცების დასანახად არ აკეთებდეს. მაგრამ საუდის არაბეთის განათლების სამინისტრომ ივლისში გამოაცხადა, რომ საჯარო სკოლებში იწყება ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები გოგონებისთვისაც. 2012 წელს სამეფომ პირველად გაგზავნა სპორსტმენი ქალები ოლიმპიურ თამაშებზე - ორი ქალი. 2016 წლის ოლიმპიადაზე მათი რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.

მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ მიხედვით

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG