Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამჯერ კაკუნი ამომრჩეველთა სიების გადასამოწმებლად


ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ პროექტ "კარდაკარის" წინასწარი მონაცემები წარადგინა. როგორც კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, დასრულებულია საველე სამუშაოები და გადამოწმებულია ამომრჩეველთა 99.2 პროცენტი. მამუკა კაციტაძის განცხადებით, ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა 27 ათასი ამომრჩევლის გადამოწმება. რა პრობლემებზე მიუთითებს მამუკა კაციტაძე და როგორ მუშაობენ ალტერნატიული ”კარდაკარის” ორგანიზატორები?

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელმა მამუკა კაციტაძემ 6 ივლისს ჟურნალისტებს ”კარდაკარის” წინასწარი მონაცემები გააცნო და ისიც უთხრა, რომ წარმოდგენილი შედეგები მაქსიმალურად არის მიახლოებული სიის საბოლოო ვარიანტთან, რომლის პრეზენტაციაც, მისი თქმით, პირველი აგვისტოსთვის იგეგმება. მან იქვე ისიც დასძინა, რომ ალტერნატიული ”კარდაკარების” ორგანიზატორთა განცხადებები სახელმწიფო კომისიის მიერ გადამოწმებულ სიებში აღმოჩენილი მთელი რიგი უზუსტობების შესახებ მტკნარი სიცრუეა. მამუკა კაციტაძის მტკიცებით, სახელმწიფო კომისიას ამ ეტაპზე არანაირი დაზუსტებული მონაცემები არ გამოუქვეყნებია და თითოეული მათგანი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია:

”პირდაპირ ვიტყვი, ის ტყუილი, რომლითაც დღეს ცალკეული ორგანიზაციები, ასე ვთქვათ, ვაჭრობენ თუ შეცდომაში შეჰყავთ საქართველოს მოქალაქეები, რომ თითქოს პარალელური „კარდაკარის“ დროს მათ ხელთ არსებული სიები არის უკვე სახელმწიფო კომისიის მიერ გადამოწმებული სია და მაინც მოიცავს ცდომილებებს, არის ტყუილი და სხვა არაფერი, თუ არა პოლიტიკურდ ანგაჟირებული შეგნებული შეცდომა”, - აცხადება მამუკა კაციტაძე.

მსმენელს შევახსენებთ, რომ ე.წ. კაციტაძის ”კარდაკარის” პარალელურად, დაახლოებით ორი კვირაა საარჩევნო სიების დაზუსტების მოტივით ალტერნატიული ”კარდაკარის” განხორციელება დაიწყო კოალიცია ”ქართულმა ოცნებამ” და საზოგადოებრივმა მოძრაობამ ”ამომრჩეველთა ლიგამ”. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, ამომრჩეველთა ერთიან სიას მოახლოებული არჩევნებისთვის სამი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, ორგანიზაცია ამოწმებს. მაგალითად, ”ამომრჩეველთა ლიგამ” იმთავითვე დააფიქსირა თავისი დამოკიდებულება სახელმწიფო კომისიის მიერ გადამოწმებული სიების მოსალოდნელი შედეგების შესახებ და მათ უნდობლობა გამოუცხადა. 6 ივლისს, მამუკა კაციტაძის ბრიფინგის პარალელურად, თბილისსა და ზუგდიდში ჩატარებული ”კარდაკარის” შედეგად არსებული წინასწარი მონაცემები გააცნო ჟურნალისტებს კოკა გუნცაძემ, ”ამომრჩეველთა ლიგის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, და განაცხადა, რომ მათ ერთიან საარჩევნო სიაში თბილისში 18-დან 32 პროცენტამდე უზუსტობა აღმოაჩინეს. თუმცა, როგორც ჟურნალისტებთან საუბარში გაირკვა, მათ უზუსტობები იპოვეს არა სახელმწიფო კომისიის მიერ გადამოწმებულ სიებში, არამედ იმ სიებში, რომლებიც მათ, ისევე როგორც სახელმწიფო კომისიამ, სამოქალაქო რეესტრისგან მიიღეს. კოკა გუნცაძე ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის მუშაობის ნაკლოვანებებს სხვაგან ხედავს:

გარდაცვლილები იქნებიან ამოღებულები, საზღვარგარეთ მყოფების გასწვრივ იქნება ჩანაწერი -„არის საზღვარგარეთ“, ხოლო ე.წ. მიწერებთან დაკავშირებით, ეს სიები ყველა უბანზე იქნება გამოცალკევებული ...
მამუკა კაციტაძე

”კაციტაძის კომისია არ აცხადებს მიმდინარე სტატისტიკურ მონაცემებს. რატომ არ აცხადებს ის მიმდინარე მონაცემებს, აი, ეს ჰკითხეთ კაციტაძეს.”

6 ივლისს მამუკა კაციტაძემ საქართველოს მასშტაბით განხორციელებული ”კარდაკარის” შედეგად მიღებული კონკრეტული მონაცემები, უკვე ციფრებში გამოსახული, ჟურნალისტებს წარუდგინა: მაგალითად, ის, რომ გადამოწმდა ამომრჩეველთა 99.2%, რაც საქართველოს დაახლოებით სამ მილიონ-ნახევარი მოქალაქეა. მამუკა კაციტაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა 27 ათასი მოქალაქის გადამოწმება. ამის მიზეზად ის, პირველ რიგში, დამისამართების პრობლემას ასახელებს, რომელსაც ისინი როგორც თბილისში, ასევე საგარეჯოს რაიონის 12 საარჩევნო უბანში წააწყდნენ. თუმცა პრობლემა შეექმნთა მათ გორისა და საჩხერის რაიონის 4 სოფელშიც, სადაც რუსული საოკუპაციო ჯარის ბლოკ-პოსტები დგას. მისივე განცხადებით, ”კარდაკარის” რეგისტრატორებთან ურთიერთობაზე ამომრჩეველთა 2-მა პროცენტმა თქვა უარი. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელის განცხადებით, ამომრჩეველთა სიებიდან ამოღებულია 16,000 გარდაცვლილი, 300 ათას მოქალაქეს გაუკეთდა მინაწერი ”იმყოფება საზღვარგარეთ”. რაც შეეხება დაუდგენელ პიროვნებებს, ე.წ. ”მიწერილებს”, მათმა რაოდენობამ 135 ათასი შეადგინა.

მამუკა კაციტაძე
მამუკა კაციტაძე
”ჯამში, ეს სამი სტატუსი დაახლოებით 450 ათას საქართველოს მოქალაქეს მოიცავს, რომლებზედაც მინიმუმ შესაბამისი რეაქცია განხორციელდება ჩვენი მხრიდან ამომრჩეველთა ერთიან სიაში. გარდაცვლილები იქნებიან ამოღებულები, საზღვარგარეთ მყოფების გასწვრივ იქნება ჩანაწერი -„არის საზღვარგარეთ“, ხოლო ე.წ. მიწერებთან დაკავშირებით, ეს სიები ყველა უბანზე იქნება გამოცალკევებული და ყველა უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია თუ საარჩევნო ადმინისტრაცია განსაკუთრებული ყურადღების საგნად აქცევს ამ ტიპის ამომრჩევლებს”, - ამბობს მამუკა კაციტაძე.

რაც შეეხება მესამე ალტერნატიულ ”კარდაკარს”, რომელსაც კოალიცია ”ქართული ოცნება” ათ დღეზე მეტია აწარმოებს, როგორც კოალიციის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, ”კარდაკარის” განხორციელების პროცესში მათ ხელის შეშლის არაერთი ფაქტი დააფიქსირეს, რაც რეგისტრატორებისთვის დოკუმენტების წართმევით და დამუქრებით გამოიხატა. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, მათ მიერ განხორციელებული „კარდაკარის“ მთავარი მიზანი ე.წ. გაყალბების ფარული მეთოდების საწინააღმდეგო მონაცემების მოპოვებაა:

”გაყალბების მეთოდების ორი კატეგორია არსებობს - ფარული და ღია, ძალადობრივი მეთოდები. შესაბამისად, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის ფარული მეთოდების საწინააღმდეგო მონაცემების მოპოვება, ხოლო რაც შეეხება ღია მეთოდებს, ხმის კონტროლის მეთოდებს, ამაზე ცალკე გვაქვს შემუშავებული კონტრზომები, რომელთა შესახებაც საზოგადოებას მოგვიანებით მოვახსენებთ”, - ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.

6 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე მამუკა კაციტაძემ თქვა, რომ კომისია აუცილებლად მიიღებს ყველა შესწორებასა და დაზუსტებას, რომელთაც ალტერნატიული ”კარდაკარის” ორგანიზატორები მიაწოდებენ და დებს პირობას, რომ სექტემბრის პირველ ნახევრამდე კომისია სიებში არსებულ ყველა უზუსტობას აღმოფხვრის.
XS
SM
MD
LG